ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: რეკორდისა და ნავსის გატეხვის მოლოდინი

AutoSharing Option
27 სექტემბერს, პრიმერაში მორიგი ტური დაიწყო, რომლის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება.

სანამ მე-7 ტურში გასამართ შეხვედრებზე ვისაუბრებთ, იქამდე, რამდენიმე სიტყვა მე-6 ტურის ბოლო სამ მატჩზე ვთქვათ...

მასპინძლების დომინაცია
სამივე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვილიარეალის" მორიგი წარმატება - მარსელინიოს კრებულმა ხავიერ აგირეს "ესპანიოლს" სძლია და კატალონიელებს სეზონში პირველი მარცხი აგემა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კანიმ, რომელსაც ამჯერად გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ 32 წლის ნახევარმცველმა ორი საგოლე პასი მიითვალა.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" 10-იანმა პირველივე წუთზე ჟერემი
პერბეს გაატანინა, 67-ე წუთზე კი ხონათან პერეირას დაეხმარა. სტუმრებმა ერთი საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე შეაგდეს - თავი სერხიო გარსიამ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "ესპანიოლს" ვალენსიელთა კარში გოლი უკანასკნელ 9 შეხვედრაში არ ჰქონდა გატანილი. მართალია, ეს უიღბლო სერია ხავიერ აგირეს გუნდმა დაასრულა, მაგრამ ქულა მაინც ვერ მოიპოვა.

მოიგო ბილბაოს "ატლეტიკმაც", არადა ხორხე მოლინას გოლის შემდეგ ბასკები საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყვნენ.

მოლინას გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, თუმცა ბენიატმა ყოფილი გუნდის კარში ვერ გაიტანა და 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

გაფუჭებული პენალტი და საკუთარ კარში გაშვებული გოლი - თითქოს, მასპინძლები უნდა გამტყდარიყვნენ, მაგრამ ბასკებს დანებება არ სჩვევიათ და ეს "ბილბაოს" ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

შესაძლოა, მიკელ სან ხოსე უშუალო მოვალეობების შესრულებისას ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი სტანდარტულებისას ძალიან ეფექტურია. სწორედ 24 წლის მცველმა გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი, რამდენიმე წუთით ადრე კი ბენიატმა რეაბილიტირება შეძლო და ანგარიში ოსკარ დე მარკოსს გაათანაბრებინა.

კიდევ ერთი შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც "ხეტაფემ" "სელტას" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემის გარეშე, 2:0 მოუგო.

გოლები მცველებმა, ლისანდრო ლოპესმა და ალვარო აროიომ გაიტანეს. ორივესთვის ეს ლა ლიგაში სადებიუტი გოლები იყო.

მადრიდული დერბი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტურის მთავარი მატჩი გაიმართება. "რეალი" და "ატლეტიკო" პრიმერაში ერთმანეთს 153-ედ შეხვდებიან.

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა, რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბის" მხარეს არის - "რეალმა" 85 მატჩი მოიგო, 32 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 35-ჯერ კი გამარჯვება "როხიბლანკოს" დარჩა. ლა ლიგაში ამ უკანასკნელის ბოლო გამარჯვებიდან ძალიან დიდი დრო გავიდა - "ატლეტიკომ" 1999 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოიგო და იქიდან მოყოლებული უკვე 23-მატჩია თანაქალაქელი არ დაუმარცხებია.

აქვე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც სამეფო თასის ფინალში, ისევ და ისევ "ბერნაბეუზე" შედგა და ის მატჩი დიეგო სიმეონეს კრებულმა, 2:1 მოიგო.

სტუმრები რეკორდის მიჯნაზე არიან. სეზონის სტარტზე ზედიზედ 7 გამარჯვება "ატლეტიკოს" არასდროს მოუპოვებია. პირველი 6 შეხვედრის მოგება კი მადრიდელებმა მესამედ შეძლეს. 1964/65 წლების სეზონში, "როხიბლანკოს" წარმატებული სვლა ბილბაოს "ატლეტიკმა" შეაჩერა, 1991/92 წლების სეზონში კი "ბარსელონამ".

ამჯერად, ესპანეთის 9-გზის ჩემპიონის მეტოქე ქვეყნის მესამე გრანდია, რომელიც მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 2 ქულით არის უკან.

"სამეფო კლუბს" გარეთ ბეილი გამოუჯანმრთელდა, თუმცა უელსელი ძირითადში არ იქნება და თამაშის სტარტს სათადარიგოთა სკამზე შეხვდება. მზადაა მარსელოც, მაგრამ მარცხენა მცველის პოზიციაზე ისევ ფაბიო კოენტრაო უნდა ვიხილოთ.

ესპანელი ჟურნალისტების აზრით, კარლო ანჩელოტი მოედანზე ზუსტად იმ 11 ფეხბურთელს გამოიყვანს, ვინც "ელჩესთან" სასტარტო შემადგენლობაში იყო. აი, დიეგო სომეონე კი წინა მატჩთან შედარებით ცვლილებებს განახორციელებს, რადგან არგენტინელმა "ოსასუნასთან" რამდენიმე ლიდერი დაასვენა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კრიშტიანო რონალდოს და დიეგო კოშტას დუელი. ფორვარდები შესანიშნავ ფორმაში არიან. პორტუგალიელმა "რეალის" ბოლო 4 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) 8 გოლი გაიტანა, დიეგო კოშტამ კი ბოლო სამ მატჩში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

აქვე ვთქვათ, რომ ბოლო დროს ესპანეთში არბიტრების თემა აქტუალურია, ამიტომ, მოგახსენებთ, რომ შეხვედრას 36 წლის ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.

"ბარსაც" რეკორდის მიჯნაზე
"ატლეტიკოსი" არ იყოს, რეკორდის დამყარება "ბარსელონასაც" შეუძლია - აქამდე, ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 7 გამარჯვება არც კატალონიელებს მოუპოვებიათ. ხერარდო მარტინოს გუნდის მეტოქე ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი "ალმერიაა", რომელსაც "ელჩეს" მსგავსად ჯერ თამაში არ მოუგია.

ალმერიაში ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2010 წელს შეხვდნენ და მაშინ "ბარსელონამ" მოწინააღმდეგე მიწასთან გაასწორა - 8:0 მოუგო, შინ კი კატალონიელებმა 3:1 იმარჯვეს.

"ბარსას" კარლეს პუიოლი უბრუნდება, რომელიც სათამაშოდ მზად არის, თუმცა მარტინო ალბათ არ გარისკავს და კაპიტანს ძირითადში არ დააყენებს. მოსალოდნელია, რომ არგენტინელი კვლავ მიმართავს როტაციას და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს სკამზე დასვამს.

საინტერესოა ბასკურ-ანდალუსიური დაპირისპირებაც. "სოსიედადს" პირველი ტურის შემდეგ არ უმარჯვია, "სევილიამ" კი პირიქით, სამი ქულა პირველად მე-6 ტურში ("რაიო ვალეკანოსთან") მოიპოვა.

ბასკებს რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ("ლევერკუზენთან") ელით, შესაბამისად, არაა გამორიცხული, არასატემ ლიდერები არ დატვირთოს, რაც ანდალუსიელთა შანსებს გაზრდის.

შაბათს ითამაშებს "ვალენსიაც", ვისაც ადილ რამი არ ეყოლება. ფრანგმა ფეხბურთელმა, რამდენიმე დღის წინ, მიროსლავ ჯუკიჩი და კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, რის გამოც მკაცრად დაისაჯა - უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რამის კლუბთან ერთად ვარჯიშის საშულება არ ექნება და შესაბამისად, შეხვედრებშიც მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ღამურების" მეტოქე შავ დღეში მყოფი "რაიო ვალეკანოა", რომელმაც პირველივე ტურში 3:0 იმარჯვა, მაგრამ იქიდან მოყოლებული ზედიზედ 5 მატჩი წააგო, თანაც ამ ხუთ შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა. კიდევ ერთი მარცხი და დიდი ალბათობით, პაკო ხემესი უმუშევარი დარჩება.


ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
ვალიადოლიდი-მალაგა 2:2

28 სექტემბერი
ვალენსია-ვალეკანო 18:00
დისკვალიფიკაცია: გალვესი, ხ. ვიერა (რაიო ვალეკანო)
ტრავმა: გუაიტა, რ. კოშტა, პიატი - იაგო ფალკე, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +12 =2 -4 (43:19)

ალმერია-ბარსელონა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბა, აფელაი, კუენკა (ბარსელონა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0 =2 -8 (5:33)

სოსიედადი-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სურუტუსა, გრანერო, ელუსტონდო, იფრანი - ვიტოლო, პეროტი, ფასიო, კარიკო, რეიესი, სისინიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +10 =7 -11 (31:34)

რეალი-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩაბი ალონსო - ადრიანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +27 =9 -3 (80:36)

29 სექტემბერი
ოსასუნა-ლევანტე 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობერტო ტორესი, ეჩაიდე, სეხუდო, დე ლას კუევასი, ფლანიო, ნინო - პედრო ლოპესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +10 =1 -7 (30:18)

სელტა-ელჩე 19:00
დისკვალიფიკაცია: კ. სანჩესი (ელჩე)
ტრავმა: ნოლიტო, ა. ფერნანდესი, სამუელ ლორკა, ბერმეხო - საპუნარუ, სერხიო პელეგრინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4 =5 -3 (18:16)

ესპანიოლი-ხეტაფე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხუან ფუენტესი, ვიქტორ ალვარესი - ლაფიტა, ხუან ვალერა, ლასენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9 =6 -7 (24:29)

ბეტისი-ვილიარეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბენ კასტრო, ხუან კარლოსი, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო - ფარინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8 =5 -7 (35:30)

30 სექტემბერი
გრანადა-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაინსი, პიტი - საბორიტი, ბალენსიაგა, კიკე სოლა
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =1 -2 (4:5)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 7 - მესი (ბარსელონა), დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - პედრო (ბარსელონა); 4 - რაულ გარსია (ატლეტიკო), როდრი (ალმერია), ისკო (რეალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული