ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური: მფრინავი ვილი და დაუცველი ნეიმარი

AutoSharing Option
პრიმერას IX ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მოულოდნელი შედეგებით აღინიშნა. სანამ მორიგი ტურის შესახებ ვისაუბრებდეთ, ჯერ ორშაბათს გამართულ ორ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელიც ტურის მიმოხილვაში ვერ მოხვდა.

ვალენსიელთა განსხვავებული დღე
ორმა ვალენსიურმა კლუბმა ორშაბათს განსხვავებული მატჩი ჩაატარა. "ლევანტეც" და "ვილიარეალიც" მეტოქეს აშკარად ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ, თუ ვილიარეალმა" ლოგიკური მარცხი განიცადა, "ბაყაყებმა" არა მარტო არ წააგეს, არამედ ვიგოდან სამი ქულაც წაიღეს.

"სელტა" "ლევანტესთან" უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა ლუის ენრიკეს შეგირდებმა კეილორ ნავასის კარში გოლის გატანა ვერაფრით შეძლეს, მატჩის ბოლო წუთზე კი დაისაჯნენ -
პაპაკული დიოპმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და 3 ქულა ხოაკინ კაპაროსის გუნდს მოუტანა.

კაპაროსის ორმა ყოფილმა გუნდმა, "ბილბაომ" (2007-11) და "ვილიარეალმა" (1999) მეცხრე ტური "სან მამეს ბარიაზე" დახურეს. მასპინძლების უპირატესობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა - ბასკებმა მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდეს და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

მიკელ რიკოს და ადურისის გოლების გარდა, "ატლეტიკს" სამი ქულის აღება ბრუნოს გაძევებამაც გაუადვილა - "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ნახევარმცველი 45-ე წუთზე გააგდეს, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

"ბილბაომ" 16 ქულა მოაგროვა, მეექვსე ადგილზე გადავიდა და იმავე "ვილიარეალთან" სხვაობა ქულამდე შეამცირა, "ლევანტე" კი მე-9 პოზიციაზეა და მეხუთეზე მყოფ "ხეტაფეს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. აი, "სელტა" კი შავ დღეშია - ლუის ენრიკეს გუნდი ბოლოსწინა პოზიციაზეა, თანაც, ვიგოელებს უკანასკნელი ოთხი მატჩი აქვთ წაგებული.

დაუცველი ნეიმარი
"ოსასუნას" და "ბარსელონას" მატჩის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, კატალონიელები არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილონი იყვნენ. მათი აზრით, პედრო პერეს მონტერო ნეიმარის წინააღმდეგ მეტოქეთა უხეშობას ვერ ამჩნევდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსას" წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილონი არიან. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ არბიტრებმა ნეიმარი მეტოქეთა უხეშობისგან უნდა დაიცვან.

"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მსაჯებს არ სურთ ჯარიმის დანიშვნა, როდესაც ნეიმარის წინააღმდეგ უხეშობენ. დღეს, მასთან ორთაბრძოლაში, "ოსასუნას" ფეხბურთელებმა თამაშის წესები რამდენჯერმე დაარღვიეს, მაგრამ არბიტრი ამ დარღვევებს არ იმჩნევდა. ამ სიტუაციაში ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ," - განაცხადა თამაშის შემდეგ პედრომ.

ხერარდო მარტინო:
"ვფიქრობ, დღეს რამდენიმე ეპიზოდი იყო, როდესაც ნეიმარს ეუხეშნენ, მაგრამ მსაჯმა არაფერი მოიმოქმედა. მე თანამსაჯსაც ვუთხარი, რომ ბრაზილიელს პასის გაკეთების შემდეგ მეტოქეთა მოთამაშეები ფეხებში განზრახ ურტყამდნენ, თუმცა ამ მხრივ მაინც არაფერი შეცვლილა".

21 წლის ფეხბურთელი იმავე პრობლემას ბრაზილიაშიც აწყდებოდა. დაახლოებით ანალოგიური განცხადებები "სანტოსის" ხელმძღვანელებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფორვარდის წინააღმდეგ აშკარა უხეშობას ჰქონია ადგილი, მაგრამ არა მარტო ჯარიმა არ დანიშნულა, არამედ ნეიმარს ბარათი აქეთ მიუღია.

გმირი ვილი და ანტიგმირი ტიბო
ვილი კაბალიერო კარგი და საიმედო მეკარეა. ბოლო წლებში "მალაგას" წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ 32 წლის არგენტინელი გოლკიპერია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი კაბალიეროს ბენეფისად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მაინც მოხვდა.

"რეალი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ქმნიდა, თუმცა ანდალუსიელთა კარის დარაჯი შესანიშნავად ირჯებოდა. კაბალიერომ 13 დარტყმა მოიგერია და აქედან რამდენიმე ე.წ. მკვდარი ბურთი იყო. მხოლოდ ორჯერ, მეორე ტაიმის პირველ და ბოლო წუთებზე იყო ვილი უძლური - პირველ შემთხვევაში დი მარიას ჩაწოდებულს არავინ გამოეხმაურა და მეკარემაც რეაგირება ვერ მოასწრო, მატჩის ბოლო წამებზე კი რონალდომ პენალტი გამოიყენა.

ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ კაბალიეროს არგენტინის ნაკრებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ვილი ეროვნული გუნდის სათადარიგოთა სკამზე სულ 5-ჯერ (2005 წელს) იჯდა. არადა, იმის ფონზე, რომ "ალბისელესტეს" პირველი ნომერი სერხიო რომერო "მონაკოში" სათადარიგოთა სკამს "ხეხავს", მისი შემცვლელი მარიანო ანდუხარი კი არც ისე სტაბილურია, კაბალიერო ნაკრებში გამოძახებას და ძირითადში თამაშს ნამდვილად იმსახურებს.

საპირისპიროდ, ანტიგმირი გახდა ტიბო კურტუა, რომელმაც კურიოზული ავტოგოლი გაიტანა - მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ბელგიელმა ფეხი უხერხულად დაუხვედრა და ბურთი საკუთარი კარისკენ აჭრა. ამ გოლის წყალობით, "ესპანიოლმა" "ატლეტიკოს" 1:0 მოუგო და "როხიბლანკოს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა.

კარგი მორატა და შთამბეჭდავი ხესე
ალვარო მორატა და ხესე როდრიგესი "რეალის" მომავალს წარმოადგენენ. ქარიმ ბენზემამ "მალაგასთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც ძირითადში მორატა გამოჩნდა. 20 წლის ფეხბურთელს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზემა არც ისე კარგ ფორმაშია, სულაც არ იქნება გამორიცხული, თუ მომავალ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში კვლავ მორატას ვიხილავთ.

ხესემ კი მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. მართალია, ასევე 20 წლის ფორვარდმა მინდორზე სულ 10 წუთი გაატარა, მაგრამ ამ დროში საკმაოდ ბევრი მოასწრო. ერთ ეპიზოდში როდრიგესმა კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, პორტუგალიელის მიერ 2 მეტრიდან დარტყმული კი კაბალიერომ საოცარი რეაქციის წყალობით მოიგერია.

რამდენიმე წუთში ხესემ გატანა თავად სცადა, მაგრამ სტუმრები კვლავ მეკარემ იხსნა.

მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი ახალგაზრდა ფორვარდების გარჯით აშკარად კმაყოფილი იყო. მართლაც, თუ ასე გააგრძელეს, კარლო ანჩელოტის ახალი ფორვარდის შეძენაზე ფიქრი აღარ მოუწევს.

"ხეტაფე" და "ელჩე"
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ხეტაფეს" და "ელჩეს" კარგი თამაში. მადრიდულმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, "ელჩემ" კი მიჯრით სამი მატჩი მოიგო.

ლა ლიგის დებიუტანტმა ამჯერად სევილიაში იმარჯვა. შეხვედრის პირველი გოლი მანუ დელ მორალმა გაიტანა, რომელიც "ელჩეში" "სევილიადან" არის განათხოვრებული. ასე რომ, "ბეტისის" ქომაგებს ამ გაშვებული ბურთის გამო გული ორმაგად დასწყდათ.

როგორც მოგახსენეთ, "ხეტაფემ" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და ამ პერიოდში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, მეტოქეთა კარში კი 9 გაიტანა. აქედან 3-3 საკუთარ ანგარიშზე ადრიან კოლუნგამ და პედრო ლეონმა ჩაიწერეს.

საინტერესო ფაქტები
* "ოსასუნასთან" მატჩამდე "ბარსელონას" ზედიზედ 64 შეხვედრაში გაჰქონდა მინიმუმ ერთი გოლი, რაც ლა ლიგის ყველა დროის რეკორდია.

* "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" ვერ გაიმეორეს მადრიდის "რეალის" ყველა დროის რეკორდი - 9 გამარჯვება პირველ 9 ტურში.

* "ატლეტიკოდან" "რაიო ვალეკანოში" განათხოვრებულმა საულ ნიგესმა მიმდინარე სეზონში საკუთარ ნახევარზე ყველაზე მეტი არაზუსტი პასი გააკეთა - 33.

* დიეგო კოშტამ ათივე საგოლე დარტყმა საჯარიმოში მყოფმა განახორციელა.

* ესტებანმა ("ალმერია") ლა ლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი შორეული დარტყმა მოიგერია - 26.

* ჩემპიონატში ყველაზე მეტი კონტრშეტევა მადრიდის "ატლეტიკომ" განახორციელა - 16.

* "მალაგას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" არასდროს მოუგია.

საუკეთესო ბომბარდირები
10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი)
5 - პედრო (ბარსელონა), როდრი (ალმერია)

საუკეთესო ასისტენტები
6 - კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
5 - ნეიმარი (ბარსელონა)
4 - პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), კანი (ვილიარეალი)

IX ტურის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: ვ. კაბალიერო (მალაგა)
მცველები: კარვახალი (რეალი), სიდნეი (ესპანიოლი), გალვესი (ვალეკანო), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: დი მარია (რეალი), დ. ლოპესი (ესპანიოლი), მიკელ რიკო (ბილბაო), კ. რონალდო (რეალი)
თავდამსხმელები: ბაკა (სევილია), ადურისი (ბილბაო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური: "რეალის" რეკორდი ხელუხლებელი დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული