ესპანეთი. ლა ლიგა. X ტურის შეჯამება და სიმბოლური: გაკრიტიკებული კარლო და დუბლები

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტური ორშაბათს, "ხეტაფესა" და ბილბაოს "ატლეტიკის" მატჩით დასრულდა, 29 ოქტომბერს კი უკვე მორიგი, მე-11 ტური დაიწყო. დასრულებული ტურის შეჯამება "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" გამართული მატჩით დავიწყოთ, შემდეგ კი სხვა შეხვედრებზეც ვთქვათ.

"ხეტაფე" შესანიშნავ ფორმაში იყო: ლუის გარსიას შეგირდებს ზედიზედ 4, ხოლო ბოლო 6-დან 5 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბასკები სტუმრად არც ისე კარგად თამაშობენ, ბევრი ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, მაგრამ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ერთადერთი გოლი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა აიმერიკ ლაპორტმა გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი პროფესიულ
კარიერაში პირველი იყო. "ხეტაფეს" ანგარიშის გათანაბრების საუკეთესო შანსი პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდა, მაგრამ დიეგო კასტრომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა და მისმა გუნდმა წააგო. ამ მოგების წყალობით, "ატლეტიკმა" მეტოქეს გადაასწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა.

"მარკა": ანჩელოტი შესვენებაზე უნდა გაეთავისუფლებინათ
ტურის მიმოხილვაშიც მოგახსენეთ, რომ "ელ კლასიკოს" შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მატჩის არბიტრს აკრიტიკებდნენ.

მათი აზრით, უნდიანო მალიენკომ "ბარსელონას" კარში მინიმუმ ერთი 100-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, სერხიო რამოსი და მარსელო კი ირწმუნებიან, რომ მასპინძელთა კარში ორი 11-მეტრიანი უნდა დანიშნულიყო (პირველად მაშინ, როდესაც წაქცეულ ადრიანოს ბურთი ხელზე შეეხო, მეორედ კი მასკერანო-რონალდოს ეპიზოდში).

ამ საკითხზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ, რადგან კომენტარები და მოსაზრებები ორიგინალურობით არ გამოირჩევა - მადრიდელები თვლიან, რომ დაიჩაგრნენ, "ბარსელონას" ბანაკიდან კი დედაქალაქელებს გაჩუმებისკენ მოუწოდებენ...

ამავე დროს, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა "მარკა" ყურადღებას სულ სხვა საკითხზე ამახვილებს და მარცხში მთავარ დამნაშავედ კარლო ანჩელოტის მიიჩნევს. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის წინ მიღებული გადაწყვეტილებებით ძალიან ბევრი გააოცა და ვინაიდან მისმა ექსპერიმენტებმა (სერხიო რამოსი საყრდენად, კრიშტიანო რონალდო ცენტრფორვარდად) არ გაამართლა, ბევრმა წაგება სწორედ მას დააბრალა.

"თამაშიდან გამომდინარე, ანჩელოტი პირველი ტაიმის შემდეგ უნდა გაეგდოთ. ახლა საკითხავი ისაა, უნდა მიეცეს თუ არა მას კიდევ ერთი კვირა იმისთვის, რომ სიტუაციაში უკეთ გაერკვეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მან არ იცის, რა გააკეთოს; არ იცის, ვის ენდოს, რომელი ტაქტიკით ითამაშოს, ვინ რომელ პოზიციაზე დააყენოს...

იტალიელი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ჯერჯერობით, "რეალის" თამაში ასე შეგვიძლია დავახასიათოთ: მიეცით ბურთი რონალდოს და ვნახოთ, რას იზამს,"
- წერს "მარკას" ერთ-ერთი ჟურნალისტი რობერტო პალომარი.

ჟურნალისტებს ეთანხმება ხრისტო სტოიჩკოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ "რეალის" წაგების მთავარი მიზეზი სწორედ იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებები იყო: "პენალტის ეპიზოდს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან მთავარი ანჩელოტის გადაწყვეტილებები იყო. ექსპერიმენტები მაშინ უნდა ჩაატარო, როდესაც არ თამაშობ და არა "ელ კლასიკოში".

შეხვედრის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც "რეალი" ბურთს დაეუფლა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მადრიდელებმა არ იცოდნენ, რა ექნათ. მათ თამაშში იდეების და იმპროვიზაციის ნაკლებობა აშკარად შეინიშნებოდა,"
- განაცხადა "ბარსელონას" ბულგარელმა ლეგენდამ.

ნაბილი, ალექსი, ჯოვანი და დავიდი
ამ ტურში სულ 4 დუბლი ვიხილეთ და საინტერესოა, რომ ოთხივე ფეხბურთელმა, ორი გოლის გარდა, აქტივში ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

ნაბილ ელ ჟარმა წინა სეზონში სულ 2 გოლი გაიტანა, წელს კი მაროკოელის ანგარიშზე უკვე 4 ბურთია. "ესპანიოლთან" 27 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის სამივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო - ჯერ ანგარიში პენალტით გახსნა, შემდეგ ბაბა დიავარას გაატანინა, მეორე ტიამის დებიუტში კი საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

დავიდ ვილიამ "ატლეტიკოში" პირველი დუბლი შეასრულა და საერთოდ, ლა ლიგის ერთ შეხვედრაში ორი გოლი 31 წლის ფორვარდს ბოლოს 2011 წლის 17 სექტემბერს ჰქონდა გატანილი, როდესაც "ბარსელონამ" "ოსასუნას" 8:0 მოუგო.

წინა სეზონის შედეგი გაიმეორა ჯოვანი დოს სანტოსმა - მექსიკელის ანგარიშზე უკვე 6 გოლია. დოს სანტოსი "ვილიარეალს" იდეალურად შეეწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ასეთი კარგი ასპარეზობის მთავარი მიზეზი სწორეს მისი და კანის შესანიშნავი თამაშია.

"სელტას" ალექს ლოპესმა კი "მალაგას" მცველები გააწამა და საკუთარ გუნდს 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულებინა.

ტორესმა "ატლეტიკოში" ისევ გაიტანა
იმ დროს, როდესაც ფერნანდო ტორესი "ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის" გმირი გახდა, მისმა ახალგაზრდა მოგვარემ თავი "ატლეტიკოს" მაისურით გამოიჩინა და სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

18 წლის ოლივერ ტორესმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში პირველად იყო, პროფესიულ კარიერაში სადებიუტო გოლის გასატანად სულ 13 წამი იკმარა, "როხიბლანკომ" კი "ბეტისი" შეარცხვინა - 5:0.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტები პეპე მელის შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მელი პოსტზე რჩება. ამ თვალსაზრისით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია "ალმერიას" თავკაცი ფრანსისკო, რომელმაც ეს პოსტი სეზონის დაწყების წინ ხავი გრასიასგან (ამჟამად "ოსასუნას" თავკაცია) ჩაიბარა.

დიდი ალბათობით, მორიგი მარცხის შემთხვევაში, 35 წლის სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ. მომდევნო შეხვედრას კი "ალმერია" 30 ოქტომბერს, "ვალენსიასთან" ჩაატარებს, რომელიც დერბიში განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ (1:4) ძალიან გაბრაზებული უნდა იყოს...

X ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური: "ელ კლასიკო" სხვა მოქმედი გმირებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული