რეაბილიტაცია
"ელ კლასიკოში" წაგების შემდეგ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია სურდათ და მატჩიც ისე დაიწყო, რომ "რეალის" ქომაგი უკეთესს ვერ ინატრებდა - 32-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.
პირველი ორი გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდოს ჯერი დადგა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. აი, ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: "ბერნაბეუზე"
პირველი ტაიმის ბოლომდე დარჩენილ წუთებში უნაი ემერის შეგირდებმა სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუმრებმა კინაღამ გაათანაბრეს - ხაირო სამპერიო დიეგო ლოპესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა; ამ მომენტიდან 40 წამში კი ქარიმ ბენზემამ ანგარიში 4:2 გახადა, რასაც რამდენიმე წუთში რონალდოს მეორე გოლიც მოჰყვა. "სევილია" არ დანებდა და ივან რაკიტიჩის დუბლით სხვაობა ისევ ორბურთიანი გახდა - 5:3.
თამაშის სურათიდან გამომდინარე, დარჩენილ წუთებში შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ ზეპ ბლატერის სიტყვებით გაბრაზებული კრიშტიანო ორ გოლზე გაჩერებას არ აპირებდა და პორტუგალიელმა იქამდე ვერ მოისვენა, სანამ ჰეთ თრიქი არ გაიფორმა. სტუმრებს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი რამდენიმე წუთში მიეცათ:
"სამეფო კლუბის" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ რაკიტიჩმა 11-მეტრიანი ვერ გაიტანა; მალე კი მეორე ყვითელი ბარათი სტეფან მბიამ მიიღო, რაც ანდალუსიელთა კაპიტულაციის ნიშანი იყო. კამერუნელის გაძევების შემდეგ გულშემატკივარმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა - ქარიმ ბენზემამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 7:3.
იხილეთ ვიდეო
მართალია, ბოლო წლებში "რეალმა" მეტოქეს ორჯერ 6:2 მოუგო, მაგრამ ამ შეხვედრაში მსგავს შედეგს მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან "სევილია" საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და ნელ-ნელა უმატებდა. პრინციპში, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი გოლი გაუშვეს, სტუმრებს ცუდად არ უთამაშიათ - "ბერნაბეუზე" სამი გოლის გატანა ხუმრობა ნამდვილად არაა. სხვათა შორის, ამ გუნდების შეხვედრებში 10 გოლი ბოლოს 1967/68 წლების სეზონში გავიდა, როდესაც "რეალმა" 9:1 მოიგო.
რაკიტიჩი, ბეილი, ბენზემა და კომანდანტე რონალდო
ივან რაკიტიჩი შესანიშნავ ფორმაშია. ხორვატმა ჰეთ თრიქის შესრულების შანსი ხელიდან კი გაუშვა, მაგრამ შეხვედრის ყველაზე ლამაზი გოლი მაინც მის ანგარიშზე იყო. რაკიტიჩმა ლა ლიგის 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, არადა, გუნდის ტაქტიკაში (4-2-3-1) ხორვატი ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველის როლს ასრულებს.
ასევე, ორ-ორი გოლი გაიტანეს გარეთ ბეილმა და ქარიმ ბენზემამ. ორივე ფეხბურთელს ეს გოლები ჰაერივით სჭირდებოდა. არც ისე დამაჯერებელი თამაშის შემდეგ აქა-იქ უკვე უელსელის კრიტიკაც გაისმა; ბენზემას კი რაც თავი ახსოვს, მას შემდეგ აკრიტიკებენ. გარდა გოლებისა, ორივე ფეხბურთელმა 2-2 საგოლე პასიც შეასრულა. მოკლედ, "რეალის" შემტევებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ კრიშტიანო რონალდო - პორტუგალიელმა ერთ-ერთი (თავისი პირველი) გოლი სამხედრო სალმით აღნიშნა, რითაც პასუხი გასცა ზეპ ბლატერს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რონალდო მოედანზე მხედართმთავარივით იქცევაო. ჰეთ თრიქის შესრულებით, კრიშტიანოს 11 ბურთი დაუგროვდა და პორტუგალიელი ბომბარდირთა დავაში დიეგო კოშტას წამოეწია.
გარდა ამისა, რონალდომ "რეალის" ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ფერენც პუშკაშს გადაასწრო და 158 გოლით მეხუთე ადგილზე გადავიდა, ლა ლიგის მასშტაბით კი პორტუგალიელი მე-16 პოზიციაზეა.
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან კარგად ვითამაშეთ. იყო მონაკვეთები, როდესაც კონცენტრაციას ვკარგავდით, მაგრამ საერთო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა. შეტევაში შესანიშნავად გავისარჯეთ, აი, თავის დაცვის დროს კი მოვიკოჭლებდით. შემტევმა სამეულმა საოცარი მატჩი ჩაატარა - ბეილმა და ბენზემამ კი ძალიან საჭირო გოლები გაიტანეს".
უნაი ემერი (სევილია): "ახლა მთავარია, ეს მატჩი კარგად გავაანალიზოთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ. "რეალს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და მათ, პრაქტიკულად, ყველა ის მომენტი გამოიყენეს, რომელიც შექმნეს; ჩვენ კი რამდენიმე რეალური საგოლე შანსით ვერ ვისარგებლეთ, რის გამოც გაშვებული ბურთებით დავისაჯეთ".
ჯუკიჩი: მუშაობას ვაგრძელებ
მიროსლავ ჯუკიჩმა განაცხადა, რომ "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ აპირებს და მუშაობას აგრძელებს.
"ძალიან დამწუხრებული ვარ. დღევანდელი თამაში არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ, მეტოქემ კი დაგვსაჯა. გუნდი ფსიქოლოგიურად მოისუსტებს და მცირე შეცდომაც ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ, მუშაობას მაინც ვაგრძელებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციიდან მალე გამოვალთ," - განაცხადა სერბმა "ალმერიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ.
"ვალენსიამ" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, თანაც, წააგო იმ გუნდთან, რომელსაც ამ სეზონში მოგება არ ჰქონდა! ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრა "ვალენსიას" ჰქონდა მოგებული და მოსალოდნელი იყო, რომ მეტოქეს ზედიზედ მეექვსედ დაამარცხებდა.
მასპინძლები ჟონასის მიერ რეალიზებული პენალტით კი დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე "ალმერიას" დამრიგებელმა ფრანსისკომ ტაქტიკა შეცვალა, მცველ პელერანოს ნაცვლად თამაშში ალექს ვიდალი ჩართო და ანდალუსიელთა განლაგება 5-2-2-1-დან 4-2-3-1-ად გადაკეთდა. გარდა იმისა, რომ სტუმრები უკეთ ათამაშდნენ, გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ცვლილებაზე შემოსულმა ვიდალმა გაიტანა, მანამდე კი ანგარიში მარკო ტორსილიერიმ გაათანაბრა, რომელმაც კარიერაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მომდევნო ტურში "ღამურები" "ხეტაფეს" ეთამაშებიან და თუ მადრიდშიც დამარცხდნენ, წესით, ჯუკიჩის მორყეული სკამი უნდა წაიქცეს.
დანარჩენ ორ შეხვედრაში 4-4 გოლი გავიდა. "ოსასუნამ" "რაიო ვალეკანოსთან" პირველივე წუთზე გაიტანა და მატჩი მშვიდად მოიგო - 3:1. აი, "ვალიადოლიდის" და "სოსიედადის" დაპირისპირებაში ნამდვილი დრამა გათამაშდა, არადა, ამას არაფერი მოასწავებდა.
ანტუან გრიზმანის ორი გოლის წყალობით, ბასკები 76-ე წუთისთვის მშვიდად იგებდნენ, მონასტერი კი სწორედ ამის შემდეგ აირია - ჯერ დანიელ ლარსონმა მოახერხა სხვაობის შემცირება, დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ კი შვედმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ხავი გერამ ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებს ამაზე გაჩერება არც უფიქრიათ და არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღეს. ბურთთან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი პატრიკ ებერტი მივიდა. გერმანელმა 11-მეტრიანი ცუდად შეასრულა და "ვალიადოლიდმა" მატჩის მოგების ბწყვინვალე შანსი დაკარგა.
კატალონიური დერბი
1-ელ ნოემბერს მე-12 ტური ერთი მატჩით დაიწყება, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს - "ნოუ კამპზე" კატალონიური დერბი უნდა გაიმართოს. ამ გუნდების ბოლო სამი შეხვედრა "ბარსელონამ" მშრალი ანგარიშით მოიგო, თვითონ კი ათი გოლი გაიტანა.
ხავიერ აგირეს შეგირდებმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს და ერთი პერიოდი ლიდერების სიახლოვესაც ტრიალებდნენ, თუმცა ბოლო დროს "ესპანიოლმა" მოუკლო, უკანასკნელ 6 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში დაქვეითდა.
"ნოუ კამპზე" ქალაქის მეორე გუნდმა ბოლოს 2009 წელს, ივან დე ლა პენიას დუბლის წყალობით იმარჯვა (2:1) და მას შემდეგ ამ სტადიონზე გოლიც კი არ გაუტანია - 4 წაგება, ბურთების სხვაობა: 0:11.
ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადრიანო და ჟორდი ალბა. შესაბამისად, ხერარდო მარტინო მარცხენა მცველის პოზიციაზე მარტინ მონტოიას გაამწესებს. მოსალოდნელია, რომ არგენტინელი სპეციალისტი ისევ მიმართავს როტაციას და ვიგოში ნათამაშები შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელს შეცვლის.
ისევ ძირითადში უნდა იყოს ნეიმარი, რომელმაც "სელტასთან" 90 წუთი სკამზე გაატარა. "ბალაიდოსზე" არც ჩავის და მასკერანოს უთამაშიათ და წესით, დერბი მათაც სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაიწყონ.
1 ნოემბერი. ბარსელონა. "კამპ ნოუ". 00:00
ბარსელონა-ესპანიოლი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადრიანო, ალბა, აფელაი, ჯონათან დოს სანტოსი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 158 თამაში: +89 =35 -34 (294:173)
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (15-3) +1 =1 -4 (3-9)
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, მონტოია - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი - სტუანი, პიცი, სიმაო - სერხიო გარსია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური: "ბარსას" წაუგებელი სერია და პრობლემა მარცხნივ [VIDEO]