ბოლო წამები
ტურის ათ შეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა - 5 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 5 სტუმრებმა. არადა, ბოლო სამ შეხვედრაში - "ლევანტე"-"გრანადა", "მალაგა"-"ბეტისი" და "ელჩე"-"ვილიარეალი", 90-ე წუთისთვის საყაიმო ანგარიში იყო, მაგრამ პირველ მატჩში პიტიმ გაიტანა და "გრანადას" მოაგებინა, ანდალუსიურ დერბიში
სხვათა შორის, "მალაგას" 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ლა ლიგაში სულ მეოთხე შეხვედრას ატარებდა, კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ასევე, ამ შეხვედრაში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელსაც კინაღამ ტრაგედია მოჰყვა: მეორე ტაიმის დებიუტში ერთმანეთს დამიენ პერკისი და ფაბრის ოლინგა შეეჯახნენ. შედეგად, ფრანგული წარმოშობის პოლონელმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. პერკისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ 29 წლის მცველმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რომლის გამოც "ბეტისს" დაახლოებით ორი თვე ვერ დაეხმარება.
გრანდებს გაუჭირდათ
"ბარსელონამ" და "რეალმა" რთული გამარჯვებები მოიპოვეს, მაგრამ მატჩების სცენარი განსხვავებული იყო. "ბარსელონა" ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ "ესპანიოლის" კართან რეალური მომენტის შექმნა უჭირდა. საბოლოოდ, კატალონიური დერბის ბედი ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა - ნეიმარმა სანჩესს "დაუხატა" და ამ უკანასკნელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
ბრაზილიელის პასის შემდეგ ბურთი "ესპანიოლის" ორ ფეხბურთელს ფეხებს შორის გაუძვრა და ადრესატამდე ისე მივიდა.
აი, "რეალი" კი 3:0-ს იგებდა, მაგრამ კინაღამ დამარცხდა. დიახ, არ ვაჭარბებთ - "რაიო ვალეკანო" საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და მასპინძლებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენეს.
საერთოდ, პაკო ხემესის გუნდი ბოლო პოზიციაზე კი არის, მაგრამ "ფუტკრები" ძალიან მიმზიდველ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ლა ლიგის მასშტაბით, ბურთის ფლობის მხრივ, "ბარსელონას" შემდეგ მეორე პოზიციაზე სწორედ "რაიო ვალეკანოა".
"სამეფო კლუბთან" ხემესის შეგირდებმა (ბურთის ფლობა: 61%) კარისკენ 23 დარტყმა განახორციელეს, მაგრამ მხოლოდ ორი გოლი (ორივე პენალტით) გაიტანეს.
თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტი მეტოქის თამაშით აღფრთოვანებული იყო. იტალიელმა ხემესი შეაქო და მის ერთ-ერთ ვარჯიშზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.
ჯუკიჩი პაბონს უნდა უმადლოდეს
მიროსლავ ჯუკიჩი "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე რჩება - მისმა გუნდმა "ხეტაფეს" მოუგო და 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე დორლან პაბონმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა შარშან "ხეტაფეში" მყოფმა პაკო ალკასერმა გაუკეთა.
მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების და მატჩის გადარჩენის შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წამებზე გავილანმა ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
ამ ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეკამათება მოჰყვა, გოლი რომ გასულიყო, სკანდალს ნამდვილად ვერ ავცდებოდით. საქმე იმაშია, რომ "ვალენსიას" კონტრშეტევის დროს, მასპინძელთა კიპერმა მოიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც სტუმრებმა ბურთი აუტში გადააგდეს. თამაშის განახლების შემდეგ კი "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა "ფეირ პლეის" წესი დაარღვიეს, მეტოქეს ბურთი არ დაუბრუნეს და კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრეს.
გუაიტამ და ალექსის რუანომ ყვითელი ბარათები მიიღეს. გაწევ-გამოწევა საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
რონალდოს მაისურა
"რაიო ვალეკანოს" და "რეალის" შეხვედრაში კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და პრიმერას მიმდინარე სეზონში 13 გოლი დააგროვა. გარდა გოლებისა, პორტუგალიელმა ერთხელ მიზანსაც ააცილა და ბურთი 12-13 წლის "რაიოს" გულშემატკივარ გოგონას გაარტყა, რის შემდეგაც ბოდიშის მოხდის მიზნით, მან ქომაგს საკუთარი მაისურა აჩუქა.
რამდენიმე წუთის შემდეგ "რაიოს" რამდენიმე გულშემატკივარმა გოგონას წრე დაარტყა და მაისურის დაწვა მოსთხოვა. შედეგად, ახალგაზრდა ქომაგი იძულებული გახდა, რომ საჩუქარი დაცვის წევრებისთვის გადაეცა.
ყველაზე ლამაზი და ყველაზე სულელური
ტურის ყველაზე ლამაზ გოლზე უკვე ვისაუბრეთ: დორლან პაბონმა "ხეტაფეს" კარი ულამაზესი შორეული დარტყმით დალაშქრა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ყველაზე სულელური გოლი კი "სევილიამ" გაუშვა - ანდალუსიელთა გოლკიპერმა ბეტუმ ბურთი პირდაპირ "სელტას" ნახევარმცველ ალექს ლოპესს დაუმიზნა, რომელმაც საჩუქარი შეირგო და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ეს ბურთი ერთადერთი აღმოჩნდა და ვიგოელებმა სევილიიდან 3 ქულა წაიღეს.
ბომბარდირები:
13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
7 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ივან რაკიტიჩი (სევილია), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
ასისტენტები:
7 - კოკე (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა)
6 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
5 - კანი (ვილიარეალი), სუსო (ალმერია)
სიმბოლური ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: დაძაბული დერბები [VIDEO]