ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდო შეაქო და არგენტინის მიზნებზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ "ოქროს ბუცის" მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და კრიშტიანო რონალდო შეაქო:

"არ ვიცი, რონალდო ფორმის პიკზე იმყოფება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყოველთვის იტანს და მისი გოლები კლუბს და ნაკრებს მუდამ ეხმარება. ის ამას უკვე წლებია აკეთებს და ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს თუ არა," - განაცხადა მესიმ "მარკასთან" და სხვა ევროპულ გამოცემებთან საუბრისას.

რონალდოს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი, მესიმ კი 11 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო
და კლუბს დაახლოებით ორი თვით გამოაკლდა. ამ დაზიანების გამო ზოგიერთმა ჟურნალისტმა არგენტინელი გააკრიტიკა - მათი აზრით, მესის ამ ტრავმის პრევენციის საშუალება ჰქონდა.

"ნამდვილად არ მაღელვებს, თუ რას ამბობენ, რადგან უკვე მივეჩვიე, რომ ხალხი არა მხოლოდ ამ ტრავმაზე, არამედ ყველაფერზე საუბრობს და ხშირად, ის, რასაც ისინი ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ვწუხვარ, რომ თანაგუნდელებს ვერ ვეხმარები. კარგი ამბავია ის, რომ მკურნალობის პროცესი კარგად მიდის და მომავალი წლის დასაწყისში მოედანს დავუბრუნდები".

არგენტინელმა ასევე განაცხადა, რომ ის "ბარსელონადან" არასდროს წავა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოგიერთი კლუბი მას ასტრონომიულ თანხას სთავაზობს:

"ჩემი მიზანია, რომ "ბარსელონაში" რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც შენი სამსახურით ძლიერი კლუბები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ჩემი ცხოვრება "ბარსელონასთან" არის დაკავშირებული".

ბრაზილია, გერმანია და ესპანეთი
მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის არგენტინელის ანგარიშზე 4 "ოქროს ბურთი" და "ბარსელონასთან" ერთად მოგებული არაერთი ტიტულია, მისი მთავარი მიზანი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა:

"კარიერის განმავლობაში ყველა ინდივიდუალური და საკლუბო ტიტული მოვიგე. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ჩემი, ჩემი თანაგუნდელების და მთელი ქვეყნის ოცნებაა. არგენტინას ეს თასი ძალიან დიდი ხანია არ მოუგია. გვინდა, რომ მუნდიალის დროს საუკეთესო ფორმაში ვიყოთ და მთელი ქვეყანა გავახაროთ".


მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების მთავარ კონკურენტებად მესის ბრაზილია, გერმანია და ესპანეთი მიაჩნია, ჩემპიონთა ლიგაში კი, არგენტინელის აზრით, "ბარსასთან" ერთად ტიტულისთვის "რეალმა" და "ბაიერნმა" უნდა იბრძოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: კარიერის დასრულებას "ბარსელონაში" ვაპირებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული