ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტურის შეჯამება და სიმბოლური: ბევრი გოლი და საუკეთესო რონალდო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-14 ტური ძალიან შედეგიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში გუნდებმა 42 გოლი გაიტანეს. გარდა ამისა, არბიტრებმა ფეხბურთელებს 7 წითელი ბარათი უჩვენეს - ორივე წლევანდელი სეზონის რეკორდია.

ტურის გმირი
ტურის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ კარლოს ველა გახდა, რომელზეც ტურის მიმოხილვის დროსაც ვისაუბრეთ და ახლა ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა; გარდა ამისა, მეტოქის ფეხბურთელს წითელი ბარათი მიაღებინა (ფონტასი), ანტუან გრიზმანს ორჯერ საოცარი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ფრანგმა არ დაუფასა და 100-პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა. ჰო,
კიდევ, ველამ მეხუთე გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო ეს ბურთი არ ჩაითვალა.

ასევე, გამოსარჩევია სერხიო გარსიას, იკეჩუკვუ უჩეს, რაფაელ ალკანტარას და დავიდ ვილიას ასპარეზობა. პირველმა ჰეთ თრიქი შეასრულა, თუმცა მის მიღწევას ოდნავ აუფერულებს ის ფაქტი, რომ ესპანელმა ფორვარდმა სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა, დანარჩენებმა კი თავი 2-2 გოლით გამოიჩინეს.

სამწვრთნელო პრობლემები
პეპე მელის და მიროსლავ ჯუკიჩის სამწვრთნელო სკამები გვარიანად არის მორყეული. მეტიც, მათი რყევის ამპლიტუდა იმდენად დიდია, რომ დღე-დღეზე (მომავალ ტურში) შესაძლოა წაიქცეს კიდეც. მელის "ბეტისი" ბოლო ადგილზეა და გუნდს უკვე 7 ტურია, არ მოუგია. თანაც, ამ პერიოდში მხოლოდ 1 ქულა აიღო (ბურთები: 5-21).

"ლოს ჩეს" მდგომარეობა ასეთი მძიმე არაა, მაგრამ მე-11 ადგილი და 1 მოგება ბოლო 7 შეხვედრაში არ არის ის შედეგი, რომელიც "ვალენსიას" ქომაგებს დააკმაყოფილებს.

ორივე გუნდმა ამ ტურში დერბი წააგო - "ვალენსიამ" ფარ-ხმალი "ელჩესთან" დაყარა, აი, "ბეტისი" კი თანაქალაქელთან და მოსისხლე მტერთან შერცხვა - "სევილიამ" საკუთარ მოედანზე მეტოქეს ზედიზედ მეორედ მოუგო 4-ბურთიანი სხვაობით (შარშან 5:1).

მომდევნო ტურში "ბეტისი" "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს და თუ უშუალო კონკურენტთანაც ვერ იმარჯვა, პეპე მელის პოსტზე დარჩენა საოცრების ტოლფასი იქნება.

2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდოა
26 ნოემბერს "მარკამ" ლა ლიგის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და წინა ჩემპიონატის მსგავსად, გამარჯვებული ამჯერადაც კრიშტიანო რონალდო გახდა და საერთოდ, შარშანდელთან შედარებით, სამეული არ შეცვლილა.

მადრიდის "რეალის" შემტევმა 32 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ლიონელ მესის 6-ით გაასწრო, მესამე პოზიციაზე კი ანდრეს ინიესტა (11 ქულა) გავიდა. ამ ფეხბურთელების გარდა, ხმები ასევე ფალკაომ (3 ქულა), ვიქტორ ვალდესმა (2), ანხელ დი მარიამ (2) და დიეგო კოშტამ (1) მიიღეს.

"მარკა" ცნობილია, როგორც "რეალის" მხარდამჭერი გაზეთი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც გასაკვირი იყო - წინა სეზონში ხომ რონალდომ (ესპანეთში) ვერაფერი მოიგო, მესი კი ქვეყნის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა (46 გოლით, რონალდომ 34 გოლი გაიტანა).

ასეა თუ ისე, 28 წლის პორტუგალიელმა "ტროფეო დი სტეფანო" კარიერაში მეორედ მოიგო, მანამდე კი ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს ლიონელ მესი იღებდა, სულ პირველი პრიზის ლაურეატი კი რაული (2007/08) გახდა.

საინტერესო ფაქტები
- "ვალიადოლიდმა" "ოსასუნას" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოუგო - 3 ფრე და 4 წაგება.

- 2002 წლიდან მოყოლებული, "ვალიადოლიდის" და "ოსასუნას" შეხვედრებში მასპინძელს არ მოუგია - 13 მატჩიდან 8 ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი სტუმარმა იმარჯვა.

- ხუან იგნასიო მარტინესი მწვრთნელის რანგში "ოსასუნას" მეხუთედ შეხვდა და მეხუთედ წააგო (ბურთების სხვაობა: 0:11).

- "ბარსელონამ" "გრანადას" ზედიზედ მეცხრედ სძლია.

- "ნოუ კამპზე" "გრანადამ" მე-20 მატჩი ჩაატარა: 0 მოგება, 0 ფრე, 20 წაგება.

- ალექსის სანჩესმა "ნოუ კამპზე" ბოლო 4 გოლი ნეიმარის პასებით გაიტანა.

- "სოსიედადს" სულ 20 გოლი აქვს გაშვებული. აქედან 11 ბასკებმა საკუთარ კარში მატჩების პირველ ნახევარ საათში მიიღეს.

- კრიშტიანო რონალდოს ამ სეზონში სარეკორდო, 6 გამარჯვების მომტანი გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილზე ალექსის სანჩესია 5 გოლით.

- დიეგო სიმეონეს გუნდმა შვიდივე საშინაო მატჩი მოიგო და დიეგო კოშტამ ყველა შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.

- დავიდ ვილიამ კარიერის განმავლობაში "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართულ რვავე შეხვედრაში გაიტანა - სულ 11 გოლი.

- იკეჩუკვუ უჩემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, ასეთი რამ კი ნიგერიელს 2006/07 წლების სეზონის ("უელვაში" ირიცხებოდა) შემდეგ არ გაუკეთებია.

- ბოლო 12 მატჩიდან "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მხოლოდ ერთხელ (შარშან) მოუგო - 3 ფრე და 8 წაგება.

- 19 წლის საულ ნიგესმა ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

- "ესპანიოლმა" 17 გოლიდან 13 მატჩების მეორე ტაიმში გაიტანა.

- სტუმრად ჩატარებულ ყველა შეხვედრაში (სულ 7) "ვალენსიამ" თითო გოლი შეაგდო (2 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი).

- ბოლო 8 სევილიურ დერბიში გულშემატკივარმა 8 წითელი ბარათი იხილა - 5-ჯერ "სევილიას" ფეხბურთელი გააძევეს, 3-ჯერ "ბეტისის".

- "ბილბაოს" მალაგაში ბოლო 9 მატჩი არ ჰქონდა მოგებული (3 ფრე და 6 წაგება. ბოლო გამარჯვება 2001 წელს).

საუკეთესო ბომბარდირები:
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
14 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
8 - დავიდ ვილია (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

საუკეთესო ასისტენტები:
8 - კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა)
5 - ივან რაკიტიჩი (სევილია), გარეთ ბეილი (რეალი)

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები:
ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი) - 4 ყვითელი და 2 წითელი
პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი) - 5 ყვითელი და 1 წითელი
ალეხანდრო გალვესი (რაიო ვალეკანო) - 5 ყვითელი და 1 წითელი
ხუან კალა (სევილია) - 5 ყვითელი და 1 წითელი

სიმბოლური ნაკრები:
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: ყ-ველა-ფერი ერთმა კაცმა გააკეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული