ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: არც მესი, არც ნეიმარი - პედრო!

AutoSharing Option
2013 წლის ბოლო ტურში სამივე ლიდერმა იმარჯვა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა. ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში 37 გოლი გავიდა და აქედან ხუთში უშუალო მონაწილეობა ერთმა ფეხბურთელმა მიიღო...

პედრო როდრიგესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია. 26 წლის ფორვარდის ანგარიშზე 10 გოლია, რომელთაგანაც 3 მან გასულ ტურში, "ხეტაფეს" პირველი ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში გაუტანა. ჰეთ თრიქის გარდა, პედრომ საგოლე პასი მიითვალა და საკუთარ გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლებაც მოუპოვა. ამ ყველაფრის გამო აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ კანარის კუნძულებზე დაბადებული ფეხბურთელი
ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველაფერი იდეალურად წარიმართა და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე, თანაც იმ შეხვედრაში, რომელშიც საკმაოდ გაგვიჭირდა,
" - განაცხადა პედრომ მატჩის შემდეგ.

მართლაც, "ბარსელონა" მე-15 წუთისთვის 0:2-ს აგებდა, მაგრამ როდრიგესის დახმარებით თამაში პირველივე ტაიმში შემოატრიალა. გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი იყო ხერარდო მარტინო:

"პირველი 15 წუთის განმავლობაში "ხეტაფემ" იდეალურად ითამაშა და შედეგად, ორი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ დარჩენილი 75 წუთი ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორსაც ველოდით და გამარჯვებაც ლამაზ სტილში მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" თამაშებს მხოლოდ ასე, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით თუ მოიგებს"
.

არგენტინელმა სპეციალისტმა მატჩის გმირიც შეაქო: "მას შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს და ბევრი გოლის გატანაც შეუძლია. გარდა ამისა, ის არასდროს ნებდება და ყოველთვის გუნდზე ფიქრობს - თუ თამაშობს, ბოლომდე იხარჯება; თუ სკამზე ზის, ამისგან პრობლემას არ ქმნის. პედრომ იცის, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და როტაციას უმტკივნეულოდ ხვდება".

კმაყოფილი კარლო
კანარის კუნძულებზე დაბადებული კიდევ ერთი როდრიგესი "მესტალიაზე" გამართული მატჩის გმირი გახდა. 20 წლის ხესე მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა, 9 წუთში კი მან გუაიტას ახლო კუთხეში გაუტანა და "რეალს" რთული და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

"სამეფო კლუბიდან" თავი ასევე კრიშტიანო რონალდომ და ანხელ დი მარიამ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი არგენტინელის გოლია, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა - დი მარიამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

"როდესაც მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, მის წინააღმდეგ თამაში ორმაგად რთულია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ. ხუთქულიანი სხვაობა დიდი არაა, მაგრამ "ვალენსიასთან" რომ ვერ გვემარჯვა, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ამის გამო წნეხის ქვეშ ვიყავით და მიხარია, რომ დაკისრებულ ამოცანას თავი ღირსეულად გავართვით. საბოლოო ჯამში, სეზონის პირველი ნახევრით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს გაცილებით უკეთ ვითამაშებთ. გუნდი ვითარდება, ნელ-ნელა უმატებს და წინ მიდის,
" - განაცხადა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.

რაც შეეხება "ვალენსიას": მასპინძლებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. შეხვედრას ესწრებოდა ხუან ანტონიო პიცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "სან ლორენსოს" არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინა. მომავალი ტურიდან ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი "ღამურების" დამრიგებელი იქნება.

ბასკები
ბასკური გუნდები შესანიშნავ ფორმაში არიან - ბილბაოს "ატლეტიკმა" და "რეალ სოსიედადმა" წელიწადი მაჟორულ ნოტზე დაასრულეს და მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. 17 ტურის შემდეგ "ბილბაო" მეოთხე პოზიციაზეა, "ლა რეალი" კი მეხუთე ადგილს იკავებს. არადა, არასატეს გუნდმა სეზონი იმდენად ცუდად დაიწყო, რომ ბევრს შარშანწინდელი ჩემპიონატი გაახსენდა, როდესაც ასევე ჩემპიონთა ლიგაში გასულმა "ვილიარეალმა" ჯერ ჯგუფში დაიკავა ბოლო ადგილი, შემდეგ კი ლა ლიგიდან გავარდა.

"სოსიედადმა" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" სანახევროდ მიბაძა - ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ჩემპიონატში სიტუაცია რადიკალურად გამოასწორა და როგორც ჩანს, სანსებასტიანელები წელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურისთვის იბრძოლებენ.

"სოსიედადმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, ერნესტო ვალვერდეს "ატლეტიკმა" კი 5-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო". ამ 5 მატჩიდან "ბასკების სიამაყემ" ოთხი მოიგო, მათ შორის, "ბარსელონასთან" (1:0).

2013 წელი "ბარსასია"
ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" 2013 წელი სამ ნომინაციაში შეაჯამა: ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთები. პირველ ორ კომპონენტში საუკეთესო შედეგი "ბარსელონას" აქვს, დაცვის თვალსაზრისით კი, გამორჩეული წელი მადრიდის "ატლეტიკოს" ჰქონდა.

კატალონიურმა გუნდმა 2013 წელს 97 ქულა მოაგროვა და 106 გოლი გაიტანა. 2012 წელი "ბარსამ" 49 ქულით დაასრულა, რასაც მეორე წრეში 51 ქულა დაუმატა და საბოლოოდ, ქვეყნის ჩემპიონი 100 ქულით გახდა. "რეალმა" მეორე წრეში ერთით მეტი ქულა აიღო, მაგრამ ცუდმა სტარტმა (33 ქულა) თავისი ქნა და "სამეფო კლუბი" 85 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე კი, მოგეხსენებათ, "ატლეტიკო" აღმოჩნდა, რომელმაც შარშანდელი სეზონი თანაქალაქელზე უკეთ კი დაიწყო (40 ქულა), მაგრამ მეორე წრე ჩააგდო (36 ქულა).

საბოლოოდ, მხოლოდ 2013 წლის შედეგების გათვალისწინებით, ვირტუალურ ცხრილში პირველ ადგილზე "ბარსელონა" აღმოჩნდა - 97 ქულა, მეორე ადგილი "რეალმა" დაიკავა - 93 ქულა, მესამეზე კი "ატლეტიკო" გავიდა - 82 ქულა.

გოლების მხრივაც ყველას "ბარსამ" აჯობა. 2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევარში გუნდმა 57 ბურთი გაიტანა, წელს კი 49 - ჯამში: 106. მეორეზე აქაც "რეალია" - 90 გოლი (41+49), მესამეზე "ატლეტიკო" - 83 (37+46).

საუკეთესო დაცვის ხაზით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ატლეტიკო" გამოირჩა. დიეგო სიმეონეს გუნდმა წლის განმავლობაში სულ 28 გოლი გაუშვა (11 ამ სეზონში) და აშკარად დაჯაბნა როგორც "ბარსელონა" (31 გაშვებული ბურთი), ასევე "რეალი" (38).

ბომბარდირები:
19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
11 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ხავი გერა (ვალიადოლიდი)
10 - პედრო (ბარსელონა)

ასისტენტები:
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო)
6 - ივან რაკიტიჩი (სევილია), გარეთ ბეილი (რეალი)

XVII ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: გრანდებს როდრიგესებმა მოაგებინეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული