ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური: ლიდერებმა წელი გამარჯვებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონი თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთშეხვედრის წინ "ატლეტიკოს" და "ბარსელონას" კვლავ თანაბარი ქულები აქვთ. მათი მდევარი მადრიდის "რეალი" კი 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 6 იანვარს, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლეტიკოს" გაუჭირდა
დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს და დროებით ერთპიროვნულ ლიდერობასაც გამოჰკრეს ხელი, თუმცა "როხიბლანკოს" საკმაოდ გაუჭირდა. "მალაგამ" დედაქალაქელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და კინაღამ ქულასაც გამორჩა.

ბერნდ შუსტერმა თამაში მისთვის უჩვეულო განლაგებით, 5-4-1-ით დაიწყო, რამაც სტუმრებს დიდი პრობლემები
შეუქმნა. დიეგო კოშტას და დავიდ ვილიას ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, შეხვედრის გმირი კი ახალგაზრდა კოკე გახდა, რომელმაც 70-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა. ლა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ასისტენტმა სეზონში თავისი მესამე გოლი შეაგდო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამის შემდეგ "ლა როსალედას" ბინადრები წინ წავიდნენ, მაგრამ "ატლეტიკოს" დაცვა გაუვალი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიმეონემ შუსტერს "უპასუხა" და მოედანზე ტობი ალდერვეირელდის სახით ასევე მეხუთე მცველი გამოიყვანა.

მადრიდელებისთვის ყველაფერი იდეალურად მაინც არ წარმართულა - ხუანფრანმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეხუთე გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა "ატლეტიკოს" მომდევნო ტურში, პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს "ვისენტე კალდერონს" "ბარსელონა" ეწვევა და ლა ლიგის "შემოდგომის ჩემპიონის" ვინაობაც ლიდერების შეხვედრაში გაირკვევა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია გუნდის ჯერჯერობით ერთადერთ ახალწვეულ ხოსე ერნესტო სოსას, რომელიც "ატლეტიკომ" ხარკოვის "მეტალისტიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.

პიატიდან პიატიმდე

ხუან ანტონიო პიცის დებიუტი წარმატებული გამოდგა - "ვალენსიამ" დერბიში "ლევანტეს" მოუგო და ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში პირველი ქულები მოიპოვა. მოგეხსენებათ, პიცი ესპანურ გუნდში "სან ლორენსოდან" გადავიდა, რომელსაც არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინა.

45 წლის მწვრთნელის ყოფილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იგნასიო პიატი გახლავთ, რომელმაც ტორნეო ინისიალში "სან ლორენსოს" ბოლო გოლები გაიტანა. ახალ გუნდში კი პიცის პაბლო პიატი დახვდა, ვინც "ლევანტესთან" ანგარიში გახსნა და "ღამურების" გამარჯვებას სათავე დაუდო.

შეხვედრამ მასპინძელთა კოლოსალური უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯებაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. პიატიმ ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა, მეორე ნახევარში კი თავი სოფიან ფეგულიმ გამოიჩინა, ვინც "მარკას" აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. არგენტინელი სპეციალისტი, რომელმაც მოთამაშის კარიერის დროს ესპანეთის ნაკრებში თამაში არჩია, შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი იყო:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დადებითი შედეგის მიღების გარდა, საკმაოდ კარგი თამაშიც ვაჩვენეთ. მთლიანობაში, შეხვედრამ ჩვენი უპირატესობით ჩაიარა - ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა, როდესაც მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ვდომინირებდით. დებიუტი წარმატებული გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ გუნდი ასევე გააგრძელებს,
" - განაცხადა პიციმ თამაშის შემდეგ.

მომდევნო შეხვედრა "ვალენსიას" 8 იანვარს, ესპანეთის თასზე, "ატლეტიკოსთან" ელის. პიციმ დიეგო სიმეონესთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა: "ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც მომავალ ტურში ურთულესი მატჩი ელის, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დიეგომ ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ყველა ტურნირის ფავორიტია. მიხარია, რომ მასთან დაპირისპირება მომიწევს, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მწვრთნელების რანგში შევხვდებით".

სანჩესის პირველი ჰეთ თრიქი
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონამ" "ელჩეს" დიდი ანგარიშით მოუგო და დროებით დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა. კატალონიელთა გამარჯვებაში ლომის წილი ალექსის სანჩესმა დაიდო, რომელმაც ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა და საგოლე მონაგარი 11-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით ის, პედროსთან ერთად, ვინც თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირია.

ხერარდო მარტინომ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა მომჯობინებული ვიქტორ ვალდესი, სამაგიეროდ, გუნდის განაცხადში არ ყოფილა ლიონელ მესი, ვინც შეიძლება თასზე ("ხეტაფესთან") ითამაშოს. სათადარიგოთა სკამზე იყო ნეიმარი - ბრაზილიელმა მხოლოდ ბოლო ათი წუთი ითამაშა.

მარტივი გამარჯვება მოიპოვა "სევილიამაც" - უნაი ემერის გუნდმა "ხეტაფეს" მოუგო და დაუმარცხებელი სერია ექვსამდე (5 მოგება, 1 ფრე) გაზარდა. ამ წარმატებული პერიოდის წყალობით, "სევილია" უკვე მეექვსე ადგილზეა, რაც ამ გუნდის პოტენციალის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არაა. შეხვედრის გმირი კოლუმბიელი კარლოს ბაკა გახდა, ვინც გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ბასკურ დერბიში გამარჯვება "სოსიედადმა" მოიპოვა. არასატეს შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და "ატლეტიკთან" არსებული სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს. ჩემპიონატში თავისი მე-12 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა, რომელიც ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადავიდა, ბოლო წამებზე კი თავი ახალგაზრდა რუბენ პარდომ გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XVIII ტური

მალაგა-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 კოკე (70)
მალაგა (5-4-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანხელერი (77. პ. მორალესი), ანტუნეში - სამუ, ი. კამაჩო, სერხი დარდერი, ელიზეუ (66. სანტა კრუსი) - ხუანმი (65. დუდა)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, ოლივერ ტორესი (46. ადრიანი), არდა თურანი (62. კ. როდრიგესი) - დიეგო კოშტა, ვილია (84. ალდერვეირელდი)
გაფრთხილება: სერხი დარდერი, ანხელერი, სამუ, ანტუნეში - მირანდა, ტიაგო, ხუანფრანი, დიეგო კოშტა, გოდინი, კ. როდრიგესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-9 (3-6); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 911

ვალიადოლიდი-ბეტისი 0:0
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ა. რუბიო, ვიქტორ პერესი - ომარ რამოსი (74. ოსკარი), ფ. როსი (90. რამა), დ. ლარსონი (83. მანუჩო) - ხავი გერა
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა, პაულაო, ამაია, დიდაკ ვილა - ლ. რეიესი, მატილია (60. სალვა სევილია) - ხუან კარლოსი, ვერდუ (75. ნონო), რუბენ კასტრო (87. ჩული) - ხორხე მოლინა
გაფრთხილება: ა. რუბიო - .
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10-6 (3-3); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 14 178

ვალენსია-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 პ. პიატი (42), 2:0 ფეგული (73)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ორიოლ რომეუ, პარეხო (80. ბანეგა) - ფეგული, ჟონასი, პ. პიატი (74. გუარდადო) - ელდერ პოშტიგა (83. კარტაბია)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, ელ ადუა, კარაბელასი - სიმაო ჟუნიორი (72. კამარასა), პ. დიოპი - პედრო რიოსი (54. ელ ჟარი), რუბენ გარსია, ივანშიტცი (54. სუმეტრა) - ბარალი
გაფრთხილება: რ. კოშტა, მატიო, ბანეგა - სიმაო ჟუნიორი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17-7 (5-2); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 40 000

ალმერია-გრანადა 3:0
გოლები: 1:0 დუბარბიერი (14), 2:0 ვერსა (28-პენ), 3:0 ალექს ვიდალი (79)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა (84. კორონა), აზიზი - ალექს ვიდალი, სორიანო (87. სუსო), ელდერ ბარბოსა - ოსკარ დიასი (71. ზონგო)
გრანადა (4-3-2-1): კარნეზისი - ნიომი, დიახატე (52. ბუონანოტე), მაინსი, ფულკიე - ფრან რიკო, იტურა, იებდა (58. რესიო) - პიტი, ბრაჰიმი - ელ-არაბი (46. რიკი)
გაფრთხილება: სორიანო, ვერსა, აზიზი - დიახატე, ფულკიე, იებდა
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18-6 (8-3); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 8 692

სევილია-ხეტაფე 3:0
გოლები: 1:0 ვიტოლო (34), 2:0 ბაკა (55), 3:0 რაკიტიჩი (77)
სევილია (4-4-2): ბეტუ - კოკე, ფასიო, კარიკო, ფ. ნავარო - ხ. რეიესი (73. მარინი), მბია (84. ტროხოვსკი), რაკიტიჩი, ვიტოლო - გამეირო (73. კრისტოფორო), ბაკა
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, ს. ესკუდერო - ბორხა, მოსკერა (61. ლასენი) - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო (57. პ. სარაბია), ლაფიტა - ა. კოლუნგა (70. მარიკა)
გაფრთხილება: რაკიტიჩი, ფ. ნავარო - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 20-9 (7-1); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 31 135

ბარსელონა-ელჩე 4:0
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (7), 2:0 პედრო (16), 3:0 ა. სანჩესი (63), 4:0 ა. სანჩესი (69)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა - ა. სონგი, ჩავი (65. სერხი რობერტო), ინიესტა - ა. სანჩესი (74. ტელიო), ფაბრეგასი, პედრო (81. ნეიმარი)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - საპუნარუ (80. მანტეკონი), ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - კ. სანჩესი (66. ხავი მარკესი), რუბენ პერესი - კარლეს ხილი, აარონ ნიგესი, ფიდელი (61. მანუ დელ მორალი) - ბოაკი
გამოუყენებელი პენალტი: ჩავი (48. ბარსელონა)
გაფრთხილება: ალბა, ფაბრეგასი - ბოტია, რუბენ პერესი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-3 (6-0); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 64 031

ოსასუნა-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 სეხუდო (33)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, ორიოლი - პუნიალი, ლოლო - სეხუდო (79. ფ. სილვა), ე. არმენტეროსი (89. ოიერი), დე ლას კუევასი (69. რ. ტორესი) - ორიოლ რიერა
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, კაპდევილა - დავიდ ლოპესი, აბრაჰამი (74. ალექსი) - სტუანი, სერხიო გარსია, სიმაო (62. პიცი) - ჯ. კორდობა
გაფრთხილება: ე. არმენტეროსი, პუნიალი, ანდრეს ფერნანდესი - ხავი ლოპესი, ჯ. კორდობა, სიმაო, დავიდ ლოპესი, სტუანი, სერხიო გარსია, პიცი
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11-13 (4-3); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 11 725

სოსიედადი-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (43), 2:0 რუბენ პარდო (90)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა, რუბენ პარდო - ველა (86. სეფეროვიჩი), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (79. გ. კასტრო) - აგირეჩე (69. ელუსტონდო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა (60. ირაოლა) - იტურასპე, მიკელ რიკო (74. იბაი გომესი) - სუსაეტა (81. ტოკერო), ანდერ ერერა, მუნიაინი - ადურისი
გაფრთხილება: ბერგარა, ელუსტონდო - ბალენსიაგა, მიკელ რიკო, გურპეგი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 8-13 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 29 785

6 იანვარი
რეალი-სელტა 22:00
ვალეკანო-ვილიარეალი 01:00

ბომბარდირები:
19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

მომდევნო ტური
10 იანვარი:
გრანადა-ვალიადოლიდი

11 იანვარი:
ბილბაო-ალმერია, სელტა-ვალენსია, ატლეტიკო-ბარსელონა, ელჩე-სევილია

12 იანვარი:
ხეტაფე-რაიო ვალეკანო, ბეტისი-ოსასუნა, ესპანიოლი-რეალი, ლევანტე-მალაგა

13 იანვარი:
ვილიარეალი-სოსიედადი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული