ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: შთამბეჭდავი ხესე და უზრდელი დი მარია

AutoSharing Option
საინტერესო ფაქტები
- "მალაგას" შინ "ატლეტიკოსთან" უკვე 4 მატჩია არ მოუგია და ამ შეხვედრებში გოლიც კი არ გაუტანია (2 ფრე, 2 მარცხი)

- "ატლეტიკომ" და "სოსიედადმა" ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩი მოიგეს.

- ლა ლიგის ეგიდით, ვალიადოლიდში გამართული ბოლო 11 მატჩიდან მასპინძლებმა "ბეტისს" მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს (3:0) მოუგეს (3 ფრე, 7 მარცხი).

- "რაიო ვალეკანომ" შეხვედრების პირველ ტაიმში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა (სულ 18)

- იკეჩუკვუ უჩემ და ალექსის სანჩესმა პრიმერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულეს.

- კარლოს ბაკამ "სევილიას" ბოლო
6 მატჩიდან 5-ში გაიტანა (5 გოლი)

- "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" ზედიზედ 24-ე გამარჯვება მოიპოვა

- "ოსასუნამ" "ესპანიოლს" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ჯერ მოუგო (შარშან 0:2 წააგო)

- პამპლონური გუნდი ერთადერთია პრიმერაში, რომელსაც მატჩების პირველ 15 წუთში ერთი გოლიც კი არ გაუშვია.

- "სოსიედადმა" "ბილბაოს" ზედიზედ მესამედ მოუგო. ბასკურ დერბიში ზედიზედ სამი გამარჯვება "ლა რეალს" ბოლოს 1981 წელს ჰქონდა მოპოვებული.

- "ბეტისი" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სტუმრად გამარჯვება არ მოუპოვებია (2 ფრე, 7 მარცხი)

"რეალს" გაუჭირდა
"სამეფო კლუბი" ყოფილი ფეხბურთელის, ლუის ენრიკეს მიერ გაწვრთნილ "სელტას" დაუპირისპირდა და ვიგოელთა კარს გასაღები მხოლოდ 67-ე წუთზე მოარგო. კარლო ანჩელოტის შეგირდები ბევრს კი უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ. პასიური იყო კრიშტიანო რონალდოც. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მოედანზე გარეთ ბეილი და ხესე როდრიგესი გამოვიდნენ.

უელსელმა და ახალგაზრდა ესპანელმა მასპინძელთა შეტევები გაამწვავეს და შედეგად, სულ რამდენიმე წუთში, ქარიმ ბენზემამ ანგარიში სწორედ ხესეს გადაცემით გახსნა.

20 წლის ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერია, არამედ გაცილებით მეტ სათამაშო დროსაც იმსახურებს. ძნელი გასახსენებელია მატჩი, რომელშიც ხესემ ითამაშა და საკუთარი კვალი არ დატოვა.

გამორჩეული იყო დანიელ კარვახალიც - მარჯვენა მცველი შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და 82-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს სწორედ მან გაატანინა, როდესაც პორტუგალიელს ცარიელ კართან ბურთი ფეხზე დაასვა. წერტილი კი შეხვედრას ბეილის და რონალდოს კომბინაციამ დაუსვა - "რეალის" ლიდერმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზე გადავიდა. მეტიც, 20 გოლით რონალდო ლუის სუარესს წამოეწია და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში პირველ-მეორე ადგილს ახლა სწორედ "რეალის" და "ლივერპულის" 7-იანები ინაწილებენ.

ამ შეხვედრაში ადგილი ერთ ინციდენტსაც ჰქონდა: როდესაც მოედნიდან გადიოდა, ანხელ დი მარიამ მადრიდელი გულშემატკივრის სტვენა უყურადღებოდ არ დატოვა და ყველას დასანახავად ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა. თამაშის შემდეგ არგენტინელი ამტკიცებდა, რომ ეს ჟესტი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურმა დისკომფორტმა გააკეთებინა, მაგრამ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით, "მარკას" თანამშრომლებს, მისი არ სჯერათ.

კომენტარი გააკეთა კარლო ანჩელოტიმაც, რომლის თქმითაც, თუ დი მარიამ ამ უხამსი ჟესტით გულშემატკივრებს პასუხი გასცა, მაშინ მას ძალიან დიდი შეცდომა დაუშვია, რაც დაუსჯელი არ დარჩება.

ლიგის საგზურისთვის
ბასკურმა დერბიმ, ტრადიციულად, მეგობრულ ატმოსფეროში, მაგრამ დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. შარშანდელ სეზონში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ "სოსიედადმა" "ბილბაოს" წელსაც სძლია და 1981 წლის შემდეგ პირველად მოახერხა თანამიწელთან მიჯრით სამი გამარჯვების მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში თითო გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, ვის ანგარიშზეც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 12 გოლია, რაც ფრანგისთვის სარეკორდო შედეგია. "სოსიედადმა" ბოლო 5 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში "ატლეტიკს" კუდზე დააჯდა.

იქვეა "ვილიარეალიც", რომელმაც მადრიდში გაისეირნა და შინ 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფორვარდებმა - იკეჩუკვუ უჩემ კარიერაში (ლა ლიგაში) პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჟერემი პერბე კი ნიგერიელს დუბლით დაეხმარა.

ამ შეხვედრაში ასევე ორი გოლი გაიტანა ერთ დროს უნიჭიერესად მიჩნეულმა ნერი კასტილიომ, ვისთვისაც ეს ამ სეზონში პირველი ბურთები იყო. ურუგვალ-მექსიკელ-ბერძენმა წლების განმავლობაში ბევრი კლუბი მოიარა და თავის დროზე, მისი საკუთარ ნაკრებში ხილვა სამივე ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სურდათ. საბოლოოდ, ყველას მექსიკამ აჯობა, მაგრამ ეროვნულ გუნდში კასტილიოს 2009 წლიდან აღარ უთამაშია. ვინ იცის, იქნებ ეს დუბლი 29 წლის ფორვარდისთვის გარდამტეხიც კი იყოს და იმდენად კარგად ათამაშდეს, რომ ბრაზილიაშიც გაემგზავროს.

ხემესი საფრთხეშია
ამ სეზონში მთავარი მწვრთნელი პრიმერას სამმა გუნდმა გამოიცვალა: "ოსასუნამ" მენდილიბარის ნაცვლად ხავი გრასია დანიშნა, "ბეტისში" პეპე მელის მაგივრად ხუან გარიდო მივიდა, ხუან ანტონიო პიციმ კი "ვალენსიაში" მიროსლავ ჯუკიჩი შეცვალა. შესაძლოა, მალე მწვრთნელი მეოთხე გუნდსაც შეეცვალოს.

საუბარი "რაიო ვალეკანოზე" გვაქვს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა და 45 გაშვებული ბურთით ყველაზე სტუმართმოყვარე დაცვის პატრონია. პაკო ხემესის შეგირდებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს, ხოლო გამარჯვება მადრიდელებმა ბოლოს 10 ნოემბერს, ვიგოს "სელტასთან" მოიპოვეს. მომდევნო ტურში "რაიოს" "ხეტაფესთან" მადრიდული დერბი ელის და თუ წააგო, ხემესი ალბათ უმუშევარი დარჩება.

სიმბოლური ნაკრები
მეკარე: სარა (ბეტისი)
მცველები: კარვახალი (რეალი), ფასიო (სევილია), გოდინი (ატლეტიკო), დუბარბიერი (ალმერია)
ნახევარმცველები: ფეგული (ვალენსია), ვერსა (ალმერია), კოკე (ატლეტიკო)
თავდამსხმელები: ა. სანჩესი (ბარსელონა), ბაკა (სევილია), ი. უჩე (ვილიარეალი)

რეალი-სელტა 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (67), 2:0 კრიშტიანო რონალდო (82), 3:0 კრიშტიანო რონალდო (90)

ვალეკანო-ვილიარეალი 2:5
გოლები: 0:1 ი. უჩე (10), 0:2 პერბე (12), 0:3 პერბე (41), 0:4 ი. უჩე (58), 0:5 ი. უჩე (64), 1:5 ნ. კასტილიო (66), 2:5 ნ. კასტილიო (90-პენ)

ბომბარდირები: 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

ასისტენტები: 10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო); 7 - გარეთ ბეილი (რეალი); 6 - ივან რაკიტიჩი (სევილია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული