ხოსე მარია ბარტომეუ: მადრიდში ვერ ეგუებიან იმას, რომ ნეიმარი ჩვენთან თამაშობს

AutoSharing Option
გამოძიება ნეიმარის საქმის ირგვლივ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, გამოიტანს თუ არა სარჩელს ხორდი კასესი, "ბარსელონას" "სოსიო", რომლის აქტიურობამაც საბოლოოდ სანდრო როსელის გადადგომა გამოიწვია. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსელის გადადგომის შემდეგ კასესი სარჩელს გამოითხოვდა, მაგრამ რამდენიმე საათში თავად კასესმა ეს ცნობა უარყო. მოსამართლე პაბლო რუსმა კი განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვარიანტში გაგრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ როსელს, ხოსე მარია ბარტომეუს და ნეიმარის მამას მადრიდის სასამართლოში ჩვენებების მიცემა მოუწევთ.

"ბარსელონას" დროებითმა პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ ჟურნალისტებთან ნეიმარის საქმესა და გუნდიდან ლიონელ მესის
შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ბარტომეუ კატალონიური კლუბის მმართველი რამდენიმე დღის წინ, სანდრო როსელის გადადგომის შემდეგ გახდა.

"მადრიდში უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ნეიმარი ჩვენთან თამაშობს,
- განაცხადა ბარტომეუმ და დაამატა - არა მგონია, რომ კასესს ზურგს ვინმე უმაგრებდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი ხელოვნურად გააბუქეს და ბუზისგან სპილოდ აქციეს. მათ ჩვენი დაზარალება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ".

ჟურნალისტების შეკითხვას, მადრიდში "რეალს" გულისხმობდა თუ არა, ბარტომეუმ პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ "რეალზე" საუბარი არ სურს.

სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ლიონელ მესის და სხვა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა: "მესი არ იყიდება. მან თავად აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს. მალე ლიონელს და მამამისს შევხვდებით და საკონტრაქტო პირობების გაუმჯობესებაზე დავილაპარაკებთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მონტოიას ხელშეკრულების გახანგრძლივებაა, რის შემდეგაც პიკესაც გავესაუბრებით".

ჩავი: არც ყატარი და არც MLS
"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბიდან წასვლას არ აპირებს და კარიერის დასრულება კატალონიურ გუნდში სურს.

"არც ყატარში მივდივარ და არც "ნიუ იორკ რედ ბულსში". მსურს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე აქ ვითამაშო, რადგან თავი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად მიმაჩნია. მე მთელი კარიერა აქ გავატარე და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან ერთად არაერთი ტიტულიც მოვიგე,
" - განაცხადა ჩავიმ.

34 წლის ნახევარმცველმა კლუბში მომხდარ ცვლილებებზეც ისაუბრა: "ჩვეულებრივი კვირა ნამდვილად არ ყოფილა. სანდროს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მისთვის პოსტის დატოვება იოლი არ ყოფილა. ვაფასებთ ყველაფერ იმას, რაც მან კლუბისა და ფეხბურთელებისთვის გააკეთა. ახლა კი ჩვენ მხარს ბარტომეუს ვუჭერთ, რადგან ყველანი ერთ ნავში ვართ, ყველას საერთო მიზანი გვაქვს. ფეხბურთელები არასაფეხბურთო საკითხებზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი".

ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ორშაბათს გუნდთან ერთად ანდრეს ინიესტამ ივარჯიშა, რომელსაც "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ (11 იანვარი) არ უთამაშია. ამ პერიოდში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ოთხი მატჩი გამოტოვა. ასევე, მსუბუქად დაიტვირთნენ კარლეს პუიოლი, მარტინ მონტოია და ალექს სონგი.

ამ მომენტისთვის, "ბარსელონას" ლაზარეთში მხოლოდ ნეიმარი და ჯონათან დოს სანტოსი რჩებიან. ბრაზილიელი, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება, დოს სანტოსი კი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული მკურნალობს და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული