ესპანეთის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები: მოვემზადოთ მორიგი "ელ კლასიკოსთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები ისეთი შედეგებით დასრულდა, სასწაული უნდა მოხდეს, ფინალში მორიგი "ელ კლასიკო" რომ ვერ ვიხილოთ...

მადრიდული დერბის გმირი ანხელ დი მარია გახდა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. მიუხედავად ამისა, არგენტინელმა შესანიშნავად ითამაშა და სამივე გოლში საკუთარი წვლილი შეიტანა. პირველ ტაიმში სწორედ მისი გადაცემის მერე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე პეპე, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ინსუას მოხვდა და კურტუას კარში შევარდა.

57-ე წუთზე კი მატჩის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი ვიხილეთ - დი მარიამ ხესეს გენიალური გადაცემა გაუკეთა და
მეკარესთან პირისპირ დატოვა. ახალგაზრდა მოთამაშემ ასევე საკმაოდ ჭკვიანურად ითამაშა, ბურთს ფეხი წაჰკრა და ანგარიში 2:0 გახადა. მოგვიანებით კი დი მარიამ შორიდან დაარტყა, ბურთი მირანდას მოხვდა და კურტუა კვლავ უსაქმოდ დარჩა - 3:0.

ორი ავტოგოლის და ძალიან ლამაზი გოლის გარდა, უამრავი ჯარიმა, უხეშობა, პროვოკაცია და არაერთი ბინძური ილეთი ვიხილეთ. მოკლედ, მადრიდულმა დერბიმ მოლოდინი გაამართლა - შეხვედრა მართლაც კარგი სანახავი იყო. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ წყვილში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და საპასუხო შეხვედრას დიდი აზრი აღარ აქვს, მით უმეტეს, რომ "ატლეტიკოს" დიეგო კოშტა არ ეყოლება, რომელმაც ყვითელი ბარათის მიღების გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ თამაშის დღეს კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე იყო - პორტუგალიელი 29 წლის გახდა, მაგრამ იუბილე გოლით ვერ აღნიშნა. სამაგიეროდ, "რეალის" ლიდერს დღეობა ორიგინალურად მიულოცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და "ბილბაოსთან" გაძევების გამო ესპანეთის ჩემპიონატში სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავტოგოლი "ნოუ კამპზეც" ვიხილეთ, თანაც ისეთი, რომ წლის ყველაზე კურიოზული გოლის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს. შეხვედრის მე-60 წუთზე, სესკ ფაბრეგასის საოცარი გადაცემის შემდეგ, ალექსის სანჩესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჩილელის დარტყმა ძელს მოხვდა. თითქოს ეპიზოდი დასრულდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ანსოტეგი, რომელიც ისე დაფრთხა, რომ ბურთს ფეხი მთელი ძალით მოუქნია, სუბიკარაის პირდაპირ ცხვირ-პირში გაარტყა და მეკარეს საკუთარ კარში გაატანინა.

დაახლოებით ასეთივე გოლი გავიდა "ლევანტე"-"ბარსელონას" მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, როდესაც ვინტრამ ბურთი ხუანფრანს მოარტყა. როგორც ჩანს, "ბარსელონას" შემტევთა სიახლოვე მეტოქეებს ისე აბნევს, რომ ასეთ სულელურ შეცდომებს უშვებენ.

სხვა მხრივ, აღსანიშნავია ინიგო მარტინესის გაძევება. ახალგაზრდა ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსის გოლის დროს მსაჯებზე ისე გაცხარდა, რომ არბიტრს წითელი ბარათი გამოსტყუა. მარტინესის გაცხარების მიზეზი არა ბუსკეტსის გოლი, არამედ რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც პინტოსთან პირისპირ გასული კარლოს ველა ხავიერ მასკერანომ აშკარად წესების დარღვევით შეაჩერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 ე. ინსუა (17-საკ. კარში), 2:0 ხესე როდრიგესი (57), 3:0 მირანდა (73-საკ. კარში)
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (81. ილიარამენდი) - ხესე როდრიგესი (84. ისკო), ბენზემა (73. მორატა), კრიშტიანო რონალდო
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ე. ინსუა - კოკე, გაბი - დიეგო (46. კ. როდრიგესი), რაულ გარსია (70. ხ. სოსა), არდა თურანი (61. ადრიანი) - დიეგო კოშტა

ბარსელონა-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ბუსკეტსი (44), 2:0 სუბიკარაი (60-საკ. კარში)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი (86. ტელიო) - ა. სანჩესი (74. ინიესტა), მესი, პედრო
სოსიედადი (5-3-2): სუბიკარაი - ხოსება სალდუა, ანსოტეგი, მ. გონსალესი (20. კ. მარტინესი), ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ელუსტონდო, იონ გასტანიაგა, სურუტუსა - ველა (73. კანალესი), გრიზმანი (83. სეფეროვიჩი)
გაძევება: ი. მარტინესი (44. სოსიედადი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული