ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტურის შეჯამება: მესის რეკორდი, "ბილბაოს" მარცხი და ვანდალიზმი

AutoSharing Option
24-ე ტურში ლა ლიგის სამივე ლიდერი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შეხვდა და მშვიდად მოიგო. "ბარსელონამ", "რეალმა" და "ატლეტიკომ" მეტოქეები გაანადგურეს. სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა ბილბაოს "ატლეტიკმა", რომელსაც "ვილიარეალმაც" მიბაძა. აი, "ბეტისის" წაგება კი უკვე აღარ გვიკვირს. როგორც ჩანს, სევილიას მომავალ სეზონში პრიმერაში კვლავ ერთი გუნდი ეყოლება...

მესის რეკორდი
არგენტინელის რეკორდის შესახებ ორშაბათის ნომერშიც ვისაუბრეთ, მაგრამ რამდენიმე სიტყვა აქაც უნდა ვთქვათ. "რაიოსთან" შესრულებული დუბლის შემდეგ "ბარსელონას" ლიდერს კლუბის რიგებში (ყველა ტურნირზე) 336 გოლი დაუგროვდა. ამდენი ბურთი ერთი ესპანური კლუბის
რიგებში აქამდე არავის გაუტანია. წინა რეკორდსმენი ტელმო სარა იყო, ვინც ბილბაოს "ატლეტიკის" რიგებში მეტოქეთა კარი 335-ჯერ აიღო.

გარდა ამისა, ლიონელ მესი პრიმერას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა და რაულს წამოეწია. მესის ანგარიშზე 228 გოლია, წინ კი მხოლოდ უგო სანჩესი (234) და სარა (251) არიან. წელს თუ არა, მომავალ სეზონში არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უნდა გახდეს.

"ბილბაოს" პირველი მარცხი
შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ "ატლეტიკმა" სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა. ამ ფაქტის კიდევ უფრო მეტად დრამატიზება შეიძლება - "ბილბაომ" "სან მამეს ბარიაზე" ისტორიაში პირველად წააგო. ლა ლიგის ეგიდით, რა თქმა უნდა, თორემ მანამდე თასზეც დამარცხდა "ატლეტიკოსთან".

მოგეხსენებათ, ამ სეზონის დაწყების წინ "ატლეტიკმა" ძველი სტადიონი, "ესპანური ფეხბურთის კათედრალი", ანუ "სან მამესი" დაანგრია და მის გვერდით "ახალი სან მამესი" ააშენა. ჩემპიონატის პირველი საშინაო მატჩი ბასკებმა "ანოეტაზე" ჩაატარეს, მეოთხე ტურიდან მოყოლებული კი მეტოქეებს ახალ სტადიონზე მასპინძლობდნენ და ლა ლიგის შეხვედრაში აქამდე წაგებული არ ჰქონდათ.

"ბილბაომ" ჩემპიონატში "ბარსელონას" მოუგო, "რეალთან" კი ფრედ ითამაშა, მაგრამ "ესპანიოლთან" ვერაფერი გააწყო. საქმე იმაშია, რომ "ესპანიოლი" "ბასკების სიამაყისთვის" აშკარად უხერხული მეტოქეა. ბოლო 7 მატჩიდან კატალონიელებმა "ბილბაოს" მეხუთედ მოუგეს და დარჩენილ ორ შეხვედრაში ფრეს დასჯერდნენ. უკანასკნელად "ატლეტიკმა" "ესპანელებს" 2010 წელს, ფერნანდო ლორენტეს და დავიდ ლოპესის გოლების წყალობით, 2:1 მოუგო.

უკმაყოფილო სევილიელები
ამ სეზონში პირველად არ ხდება, რომ "სევილიას" წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილონი არიან. "ბარსელონასთან" ორივე შეხვედრაში დაჩაგრულმა ანდალუსიელებმა ამჯერად "ვალენსიას" უმასპინძლეს და კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, ხუან ანტონიო პიცის შეგირდებს "სანჩეს პისხუანიდან" ქულა გაატანეს.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ალვარეს ისკიერდოსმა "მარკასგან" უპრეცედენტოდ დაბალი შეფასება, 1-იანი (10-ბალიანი სისტემით) მიიღო. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსაჯმა სტუმრებიც დაჩაგრა, როდესაც მათ კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა. სამაგიეროდ, მეორე მხრივ, ამ 11-მეტრიანის გარდა, მასპინძლებს კიდევ მინიმუმ სამი პენალტი ეკუთვნოდათ, მათ შორის ერთი უკანასკნელ წამებზე, როდესაც სენდეროსმა საჯარიმოში დენის ჩერიშევი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნის ნაცვლად, რუს ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

გაბრაზებულნი არიან სევილიის მეორე ნაწილშიც, ოღონდ არა არბიტრის, არამედ საკუთარი ფეხბურთელების უსუსურობის გამო. გაბრიელ კალდერონის შეგირდები ამჯერად "გრანადასთან" ანდალუსიურ დერბიში დამარცხდნენ. სტუმრად ჩატარებული 12 მატჩიდან "ბეტისმა" 10 წააგო და მხოლოდ ორი დაასრულა ფრედ.

იძებნება 30 წლის მამაკაცი
ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, რა თქმა უნდა, "ელ მადრიგალზე" ცრემლსადენი გაზის ბომბის გამოჩენა იყო. შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალის" და "სელტას" მატჩის ბოლო წამებზე სტადიონზე მისულმა მავანმა ტრიბუნებიდან მოედანზე ბომბი გადააგდო, რასაც მატჩის 25 წუთით შეწყვეტა და დიდი არეულობა მოჰყვა.

ვალენსიის რეგიონის პოლიციის ოფიციალური განცხადებით, იძებნება 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც შავებში იყო ჩაცმული. ჯერჯერობით, სავარაუდო ეჭვმიტანილზე მეტი ცნობა არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ სეზონში, როდესაც ტრიბუნებიდან მოედანზე სხვადასხვა საგანი ცვივა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ვისენტე კალდერონზე", "ატლეტიკოს" და "რეალის" სათასო მატჩის შესვენებისას გულშემატკივარმა სანთებელა ისროლა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს თავში მოხვდა.

საინტერესო ფაქტები
- "ელჩეს" "ოსასუნა" უკვე 6 მატჩია არ დაუმარცხებია. პამპლონელებთან უკანასკნელი გამარჯვება გუნდმა 1963 წელს (2:1) მოიპოვა.

- "ატლეტიკომ" "ვალიადოლიდი" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა.

- "ბილბაოს" მარცხის შემდეგ პრიმერას ერთადერთი გუნდი, რომელსაც ამ სეზონში საკუთარ მოედანზე არ წაუგია, მადრიდის "ატლეტიკო" გახლავთ.

- დიეგო კოშტამ ყოფილ კლუბს ("ვალიადოლიდი") ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაუტანა.

- "რაიო ვალეკანომ" "ნოუ კამპზე" ბოლოს 2000 წელს მოიგო.

- ყველაზე დიდი ანგარიშით "ბარსამ" "რაიოს" 1979 წელს, 9:0 მოუგო.

- უკანასკნელად, სეზონის მეორე ნახევარში სამი გუნდი ერთად 1992/93 წლების სეზონში ლიდერობდა და მაშინ ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა.

- ლიონელ მესიმ "რაიოს" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გაუტანა (სულ 9 გოლი)

- ლა ლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი გოლი პედროს სწორედ მადრიდელების კარში აქვს გატანილი - 6.

- "ვილიარეალმა" "სელტასთან" გამართული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე და 4 წაგება).

- "ბეტისს" სტუმრად უკვე 16 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 13 წაგება). ამაზე უარესი სერია ანდალუსიურ გუნდს მხოლოდ 1979 წელს ჰქონდა - 19 მოუგებელი საგარეო მატჩი.

- ორად ორი გუნდი, რომლებსაც მიმდინარე სეზონში გაშვებული გოლის შემდეგ ქულაც კი არ მოუპოვებიათ, "ოსასუნა" და "ბეტისი" არიან.

- "ხეტაფემ" საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მადრიდული დერბი პირველად წააგო.

- "ხეტაფე" არის ერთადერთი გუნდი ლა ლიგაში, რომელსაც 2014 წელს თამაში არ მოუგია (2 ფრე, 5 წაგება).

- "ბილბაოს" თავკაც ერნესტო ვალვერდეს "ესპანიოლთან" ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (3 ფრე, 4 წაგება)

- "ესპანიოლის" მიერ სტუმრად გატანილი 13 გოლიდან 8-ში სერხიო გარსიამ უშუალო მონაწილეობა მიიღო - 6 გოლი და 2 პასი.

- "ვალენსიამ" "სანჩეს პისხუანზე" ბოლოს 2004 წელს იმარჯვა. იქიდან მოყოლებული გამართული ათი მატჩიდან კი 7 წააგო და 3 ფრედ დაასრულა.

- ამ სტადიონზე გამართული ბოლო 9 მატჩიდან, "ღამურებმა" 7-ში გოლი ვერ გაიტანეს.

- ბოლო 9 ურთიერთშეხვედრიდან "სოსიედადმა" "მალაგას" მეექვსედ მოუგო (2 ფრე, 1 წაგება).

ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
15 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ქარიმ ბენზემა (რეალი)
13 - ლიონელ მესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა)

ასისტენტები:
12 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
9 - გარეთ ბეილი (რეალი), კოკე (ატლეტიკო)
8 - კარლოს ველა (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა)
7 - არიც ადურისი (ბილბაო), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ივან რაკიტიჩი (სევილია), სუსო (ალმერია), პედრო (ბარსელონა)

გოლი + პასი:
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 22+8
24 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 21+3
21 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა) - 15+6, ლიონელ მესი (ბარსელონა) - 13+8
20 - პედრო (ბარსელონა) - 13+7, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 8+12
19 - ქარიმ ბენზემა (რეალი) - 14+5
18 - კარლოს ველა (სოსიედადი) - 10+8, გარეთ ბეილი (რეალი) - 9+9

XXIV ტურის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: დიეგო ალვეში (ვალენსია)
მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა), გოდინი (ატლეტიკო), ტ. ილორი (გრანადა), ადრიანო (ბარსელონა)
ნახევარმცველები: ა. სანჩესი (ბარსელონა), ფაბრეგასი (ბარსელონა), გაბი (ატლეტიკო), პედრო (ბარსელონა)
თავდამსხმელები: ს. გარსია (ესპანიოლი), მესი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული