"ბარსელონამ" ბრალი არ აღიარა, მაგრამ ფული მაინც გადაიხადა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ესპანეთის სახელმწიფო ბიუჯეტში 13,5 მილიონი ევრო გადარიცხა. კატალონიელებმა ეს თანხა წინასწარ გადაიხადეს და თუ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება დაუმტკიცდებათ, კლუბს ჯარიმა უკვე გადახდილი ექნება.

საინტერესოა, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი 9,1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაზე იყო, მაგრამ "ბარსას" ხელმძღვანელებმა 4,4 მილიონით მეტი გაიღეს.

გარდა ამისა, კვირას კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, რის შემდეგაც ასეთი სახის განცხადება გავრცელდა:

"1. კლუბი უარყოფს ყველანაირ კავშირს რაიმე სახის ფინანსურ მაქინაციასთან. ფეხბურთელის შეძენის დროს, ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში სხვა
დასხვა ექსპერტისგან რჩევებს ვიღებდით და კლუბის აუდიტორს გარიგებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ დოკუმენტზე ხელი მიუწვდებოდა.

2. ისევე, როგორც დღემდე, "ბარსელონა" გამოძიებასთან დღეიდანაც აქტიურად ითანამშრომლებს.

3. კლუბი თავს ყველა კანონიერი საშუალებით დაიცავს და მის წევრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. დირექტორთა საბჭო "ბარსელონას" რეპუტაციის შელახვის უფლებას არავის მისცემს.

4. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ბარსელონას" გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს ჰქონია. ჩვენ ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან ძალიან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს.

5. დირექტორთა საბჭო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ტრანსფერის განხორციელების დროს კლუბმა საკუთარი ფისკალური ვალდებულებები სკრუპულოზურად შეასრულა.

6. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ცნობა, ბიუჯეტში არშეტანილ თანხასთან დაკავშირებით, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადასახადის სახით 13 550 830,56 ევრო გადაიხადოს. ეს ყველაფერი პრევენციის მიზნით ხდება. მიუხედავად ამ თანხის გადახდისა, კლუბის პოზიცია არ შეცვლილა - "ბარსელონამ" ტრანსფერის განხორციელების დროს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.

7. კლუბის ამ ნაბიჯის მიუხედავად, გვსურს, რომ გადასახადებთან დაკავშირებული გამოძიება კომპეტენტურმა ორგანოებმა განაგრძონ. "ბარსელონა" იტოვებს უფლებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ხელთ არსებული კანონიერი უფლებებით ისარგებლოს და თუ საჭირო გახდა, სააპელაციო სასამართლოსაც მიმართოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული