ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: მადრიდი ჩვენ ვართ!

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის XXVI ტური პარასკევს, 28 თებერვალს გამართულმა "ბილბაოს" და "გრანადას" შეხვედრამ გახსნა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 4:0 და მეოთხე ადგილზე პოზიციები გაიმყარეს.

ოთხიდან სამი გოლი არიც ადურისის ანგარიშზეა, რომელმაც ორი თამაშიდან, ბოლო კი პენალტით გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი კარლოს გურპეგიმ დააფიქსირა.

* * *

ძალიან დიდი ხანია, "ატლეტიკოსა" და "რეალის" მადრიდული დერბი ისეთი საინტერესო აღარ ყოფილა, როგორც ამ სეზონშია. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება უკვე არა ორი, არამედ სამი გუნდის დოღად იქცა.

ხან რომელი
გადის წინ და ხან რომელი. გასულ ტურამდე სულაც სამივე გუნდი თანაბრად იყო, მაგრამ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" სიურპრიზებმა "რეალი" 3 ქულით გააქცია. ახლა კი არის შანსი იმისა, რომ ქულებით ისევ სამივე გათანაბრდეს - თუ "ათლეტები" თავიანთ თამაშს მოუგებენ "სამეფო გუნდს" და თავის მხრივ, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხებს "ალმერიას" და ალბათ დაამარცხებს კიდეც.

თუმცა ყველას ყურადღება, პირველ რიგში, "ვისენტე კალდერონზე", 2 მარტს გასამართი მადრიდული დერბისადმია მიპყრობილი.

პირველ წრეში "ატლეტიკომ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიეგო კოშტას გოლით მოიგო, არადა, იქ ლა ლიგაში აქამდე ბოლო გამარჯვება "ათლეტებს" 1999 წელს ჰქონდათ მოპოვებული. ამას წინ უძღვოდა წინა სეზონის კოპა დელ რეის ფინალი, რომელშიც ასევე დიეგო სიმეონეს გუნდი გამოვიდა გამარჯვებული. სულ ახლახან, თებერვლის პირველ ნახევარში კი "რეალმა" ოდნავ მაინც იძია შური და თანაქალაქელს იმავე ესპანეთის თასზე ულაპარაკოდ გაუსწორდა - 2:0, 3:0.

ამჟამად "რეალი" არაამქვეყნიურად კარგ ფორმაშია, რაც კარლო ანჩელოტის გუნდმა "შალკეს" გაცამტვერებითაც (1:6) დაამტკიცა. ყველა ტურნირზე "სამეფო გუნდს" ბოლო 6 მატჩიდან ექვსივე მოგებული აქვს, ბურთების სხვაობით - 21:3.

ნელ-ნელა უმატებს გარეთ ბეილი, მშვენიერ ფორმაშია ქარიმ ბენზემა, თავის შანსს არ უშვებს ისკო... და ასე რომ გავყვეთ, "რეალის" ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელზე დადებითს ვიტყვით, რადგან გუნდი მართლაც შესაშურად გამოიყურება.

მადრიდისტებისთვის მთავარი ისაა, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ბრუნდება კრიშტიანო რონალდო.

კრიშტიანო რონალდო:
"რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი, რადგან ამ დისკვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი. მთავარია, "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მოტივაცია არ გვაკლია. ჩვენ მადრიდი ვართ და ყოველთვის მოგება გვინდა, "კალდერონზეც" ამისთვის ვითამაშებთ"
.

ქარიმ ბენზემა:
"ახლა ყველა მატჩი ფინალივითაა, მათ შორის, დერბიც. ცხრილის სათავეში ვართ, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ასევე კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ"
.

"ატლეტიკომ" წინა ტურში "ოსასუნასთან" წააგო და აქ მარცხზე მეტად ანგარიში (0:3) და თამაშის ხარისხი იყო გასაკვირი. თუმცა ჩავარდნები ყველას მოსდის და მარტო პამპლონური ფიასკოს გამო სიმეონეს გუნდს ფორმიდან ამოვარდნას ნუ დავწამებთ.

თანაც, ერთია "ატლეტიკო" გასვლაზე და მეორე საკუთარ "ვისენტე კალდერონზე", სადაც ჩემპიონატის ეგიდით ჯერ თამაში არ წაუგია (11 მოგება, 2 ფრე). "რეალს" კი შინ ერთადერთი მარცხი აქვს. ხსენებული წაგება "ატლეტიკოსთან" და ანჩელოტის ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "როხიბლანკოს" გრაფაშიც ის ნული ერთიანად გადაკეთდეს და სხვაობაც 6 ქულამდე გაიზარდოს.

ცალკე საუბრისა და ინტერესის თემაა უშუალოდ მწვრთნელების დაპირისპირება. ტაქტიკურად ორივე ძალიან ძლიერია. ანჩელოტიზე საუბარიც ზედმეტია, ხოლო სიმეონემ თუნდაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამტკიცა, რომ უკვე ჩამოყალიბებული და კიდევ უფრო დიდი პოტენციალის მქონე მწვრთნელია. "ჩოლომ" პირველ წრეში მოიგო, მაგრამ გამოცდილი ანჩელოტის ზედიზედ ორ თამაშში ძლევა ძალიან რთულია.

თუმცა სიმეონე ამბობს, რომ მისი გუნდი ამ დიდი მატჩისთვის ბოლომდე მზადაა და თავადაც ექნება მოფიქრებული რამე ხრიკი.

ისე, "ბერნაბეუზე" "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელი გმირობები კი ვახსენეთ, მაგრამ უშუალოდ შინ "როხიბლანკოს" "რეალისთვის" 1999 წლის მერე არ მოუგია. შეწყდება ეს სერიაც ამ სეზონში?

სხვა მატჩები
"ბარსელონა" "ანოეტაზე" კიდევ ერთხელ დაეცა და "რეალი" წინ გაუშვა. ახლა კი კატალონიელებმა მადრიდული დერბის ფონზე აუცილებლად უნდა მოიგონ და ერთ-ერთ კონკურენტზე მეტ ქულას მაინც აიღებენ ამ ტურში, თუ ორივეზე არა.

ამის გაკეთება "ბარსას" ხერარდო მარტინოს გარეშე მოუწევს, რომელიც "სოსიედადთან" მატჩის შესვენებაზე ბასკთა სამწვრთნელო შტაბის წევრის, ჩემა ლუმბრერასის შეურაცხყოფისთვის გააძევეს და შემდეგ დისციპლინარულმა კომიტეტმა მისი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა, ხოლო კლუბმა განაჩენი არ გაასაჩივრა.

ტატა ტრიბუნაზე იქნება და იქიდან უხელმძღვანელებს გუნდს. ისე, ბოლო დროს მისით უკმაყოფილო ხალხის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და საუბრობენ იმაზეც, რომ არგენტინელმა სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდი დატოვოს. თუმცა ფეხბურთელები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მას.

"ბარსელონა"-"ალმერია", "რაიო"-"ვალენსიასთან" ერთად, კვირა დღის და ტურის ბოლო მატჩებია. იქით ფორმაში შესული "ღამურები" აუტსაიდერი მადრიდელების წაქცევას ეცდებიან. ხუან ანტონიო პიცის მისვლის მერე "ვალენსია" სულ სხვაგვარად ათამაშდა და ევროზონისკენ მიიწევს. თუმცა ვალენსიელებს მუდამ დანაკლისით უწევთ ბურთაობა, მაგრამ გუნდი ამის მიუხედავადაც კარგად გამოიყურება.

"ვილიარეალს", წესით, ადვილი მატჩი უნდა გამოუვიდეს შინ "ბეტისთან". სევილიელებს სტუმრად ჯერ ერთი მოგებაც არ აქვთ და მათი ეს უსუსურობა ცხრილშიც კარგად აისახება.

ბასკურ "სოსიედადს" კი ძალიან რთული მატჩი აქვს მეორე სევილიურ გუნდთან. "სანჩეს პისხუაინიდან" 3 ქულის წამოღება ურთულესი მისიაა. სანსებასტიანელებს დამატებით ის თუ გაამხნევებთ, რომ "სევილიასთან" 4 მატჩია არ წაუგიათ - 3 მოგება და 1 ფრე.

დაბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩია მალაგაში, სადაც ანდალუსიელები "ვალიადოლიდს" მასპინძლობენ. "მალაგა" გასავარდნი ზონის მიჯნაზეა, ხოლო უახლოესი მდევარი სწორედ "ვალიადოლიდია". გუნდებს შორის სხვაობა სამი ქულაა და ეს დუელი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ ვალიადოლიდელებს ცოტა ამოსუნთქვა და რეალური შანსის შენარჩუნება სურთ, ის უნდა გააკეთონ, რაც 2007 წლის მერე არ გამოსდით, ანუ მოუგონ "მალაგას".

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური
28 თებერვალი
ბილბაო-გრანადა 4:0
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 (პენ.) ადურისი (7, 18, 74). 4:0 გურპეგი (80).

1-ლი მარტი
მალაგა-ვალიადოლიდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ველიგტონი, ელიზეუ, ფლავიო - ხეფრენი, ოსკარი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (4-10) +1 =3 -2 (6-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +10 =16 -11 (45:42)

ლევანტე-ოსასუნა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ - დე ლას კუევასი, სისი, პუნიალი
ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 (5-5) +2 =2 -2 (6-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5 =1 -7 (14:23)

ხეტაფე-ესპანიოლი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოსკერა, სერხიო ესკუდერო - არავინ
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 (3-9) +3 =1 -2 (7-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7 =4 -8 (25:19)

ელჩე-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საპუნარუ, ტონიო, ალვარო ხიმენესი - მარიო ბერმეხო
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (5-9) +3 =2 -1 (9-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5 =3 -5 (13:17)

2 მარტი
ვილიარეალი-ბეტისი 15:00
დისკვალიფიკაცია: ჩერიშევი, ვიტოლო (ორივე “სევილია”)
ტრავმა: აკინო, პაბლო ინიგესი, კანი, ოლივერ ტორესი - პაულაო, ხავი ტორესი, ალვარო ვადილიო
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (9-9) +1 =0 -5 (4-17)
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7 =5 -9 (30:36)

ატლეტიკო-რეალი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხავი მანკილიო, ტიაგო - ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (12-8) +5 =1 -0 (18-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +4 =9 -29 (37:85)

სევილია-სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მბია - დე ლა ბელა, აგირეჩე, დანი ესტრადა, გრანერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 (7-11) +3 =2 -1 (10-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11 =8 -10 (35:32)

ბარსელონა-ალმერია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა:ხორდი ალბა, დოს სანტოსი - არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +9 =2 -0 (35:5)
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (17-8) +2 =1 -3 (3-4)

რაიო-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალვესი, ალბერტო პერეა, ხოსე კარლოსი, ს. ფერნანდესი — სენდეროსი, პიატი, ორიელ რომეუ
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (6-14) +3 =3 -0 (11-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +6 =4 -19 (28:63)

ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 15 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - პედრო (ბარსელონა);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული