ესპანეთის ნაკრები: როგორ გააცურეს ულვაშა

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდი დიეგო კოშტა ვისენტე დელ ბოსკემ 15 ნოემბრისთვის მატჩისთვის, ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ არ გამოიძახა. არ ითამაშებს ის არც გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც დღეს გაიმართება. ოფიციალური მიზეზი ესპანელი ფორვარდის ტრავმაა.

თუმცა ესპანეთის ნაკრების მედპერსონალს კოშტა არ უნახავს, მისი ტრავმა არ გამოუკვლევია. "ფურია როხას" ექიმი ხუან ხოსე გარსია კოტა ტელეფონით ესაუბრა თავის კოლეგას "ჩელსიში" პაკო ბიოსკას და ამის შემდეგ გაუწია რეკომენდაცია დელ ბოსკეს, არ გამოეძახებინა კოშტა ნაკრებში.

არადა, ჟოზე მოურინიომ სატელეფონო საუბრის მეორე დღეს დიეგო კოშტა "ლივერპულის" წინააღმდეგ ათამაშა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას პორტუგალიელის ტყუილი პრეცედენტად ექცა - ამიერიდან, გუნდის ექიმი და მწვრთნელი სატელეფონო საუბარს აღარ ენდობიან, გამოძახებული ფეხბურთელი უნდა გამოცხადდეს ნაკრებში და ადგილზე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ბელორუსს 3:0 მოუგო, ხოლო დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ამიერიდან კოშტას ეროვნულ გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

"შესაძლოა, როცა სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოშტა ნაკრებში დაბრუნდებიან, მათ ადგილზე სულ სხვა ფეხბურთელებმა ითამაშონ. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა. ჩემი მთავარი ამოცანა და ვალდებულება ესპანური ფეხბურთისთვის საუკეთესოს ძიებაში ყოფნაა".

შეგახსენებთ, რომ ბელორუსთან მატჩის შემდეგ იკერ კასილიასი გახდა ნომერ პირველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის მატჩებში (ფინალური და საკვალიფიკაციო ეტაპი) მოგებების რიცხვით. ბელორუსთან გამარჯვება 33 წლის კასილიასისთვის 32-ე იყო. მან გაუსწრო საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლილიან ტურამს (31 გამარჯვება).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებში მიწვეულია "სელტას" ნახევარმცველი ნოლიტო, რომელსაც ხოსე კალეხონის და ისკოს მსგავსად, თამაში ბელორუსთან არ მოუწია. ის "ლა როხაში" დებიუტს მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ აპირებს:

"თამაში ვიგოშია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამაზე კარგ ადგილას დებიუტს სად უნდა ველოდო? დიდებული იქნება, თუკი მწვრთნელი ამ შანსს მომცემს. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში მართლაც დიდებული იქნება", - განაცხადა 28 წლის ექსბარსელონელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული