ესპანეთი-გერმანიის გამოხმაურება: ჯენტლმენი VS ჯენტლმენი

AutoSharing Option
AUTO PLAY
2014 წელიწადი "ფურია როხასთვის" ერთმნიშვნელოვნად ცუდი გამოდგა - გუნდი უმაღლესი სიმაღლეებიდან მიწაზე დაენარცხა, ორი ტიტულიდან უმთავრესი, მუნდიალის ჩემპიონობა დაკარგა და ახლაც, ევროპის ჩემპიონობის რანგში არცთუ დამაჯერებლად ასპარეზობს.

წელიწადი ცუდ ნოტზე დასრულდა - გალისიურ ვიგოში, "ბალაიდოსზე" წვიმიან ამინდში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი 0:1 დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან.

ერთიც და მეორე გუნდიც ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა, მაგრამ მარცხი მარცხია.

წლეულს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 12-დან 7 თამაში მოიგო და 5 დათმო. შესაძლოა, რომელიმე სხვა ნაკრებისთვის ეს შესანიშნავი შედეგიცაა, მაგრამ არა ესპანეთისთვის, რომელიც მუნდიალის
მერე თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესშია.

"როხამ" 2014 წელი მარტში იტალიის ნაკრებზე 1:0 გამარჯვებით დაიწყო, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" შედგა. ამის შემდეგ ესპანელებმა ამხანაგურ მატჩებში ბოლივიელები და სალვადორელებიც დაამარცხეს, მაგრამ ბრაზილიაში მუნდიალზე იმედები დაიმსხვრა.

სალვადორში ლუი ვან გაალის ჰოლანდიასთან 1:5 ძალიან მტკივნეული გამოდგა. ამის მერე ესპანეთის ნაკრები წელში ვეღარ გაიმართა, ჩილესთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. ავსტრალიაზე გამარჯვება დიდად სანუგეშო ვეღარ გამოდგა.

სექტემბერში დელ ბოსკეს გუნდმა პარიზში გამართა ამხანაგური მატჩი და ისევ მარცხი, ამჯერად, 0:1. ევროკამპანია მაკედონიის დამაჯერებელი განადგურებით კი დაიწყო, მაგრამ ამას ეგრევე მოჰყვა სენსაციური მარცხი სლოვაკეთში.

დელ ბოსკეს გუნდს ჯერჯერობით პრობლემები არ აქვს ლუქსემბურგისა და ბელორუსის დონის გუნდებთან. ამიტომ ეს თამაშები "როხამ" უპრობლემოდ მოიგო, მაგრამ ვიგოში სველ მინდორზე ვერაფერი მოუხერხა ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს...

დებიუტანტები
"იუვენტუსის" ფორვარდი ალვარო მორატა სულ მეორედ თამაშობდა ნაკრებში და პირველად სასტარტო შემადგენლობაში. იგივე ითქმის ისკოზე, თუმცა "როხას" დებიუტანტებიც ჰყავდა - ნოლიტო (სელტა), ნაჩო კამაჩო (მალაგა) და კიკო კასილია (ესპანიოლი). ისინი დელ ბოსკეს ერის ესპანეთის ნაკრების 52-ე, 53-ე და 54-ე ფეხბურთელები არიან.

ბარსელონელთა მეკარისთვის დებიუტი ვერ გამოდგა მთლად ფეხბედნიერი. მისი აშკარა შეცდომის წყალობით, გერმანელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ჯენტლმენები მინდორზე და მის გარეთ
გერმანიასთან წაგების შემდეგ დელ ბოსკემ და იოახიმ ლიოვმა კვლავ ჯენტლმენურად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ამ ორ მენეჯერს შორის ურთიერთპატივისცემა წლების განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა, ერთხელ არ მოსვლიათ მცირე უთანხმოებაც კი.

ყველაფერი კი 2010 წელს დაიწყო სამხრეთ აფრიკაში, მუნდიალზე. ესპანეთმა გერმანია ნახევარფინალში დაამარცხა. დურბანში წაგებული ლიოვი სპეციალურად შევიდა ესპანელთა გასახდელში და თავის ვიზავის წარმატება მიულოცა:

"ესპანეთის ნაკრები და მისი ფეხბურთელების ქცევა მოედანზე ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის სამაგალითოა. ჩავი და ინიესტა მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან და არ მახსოვს, მათ ოდესმე ვინმესთვის ზიანი მიეყენებინოთ. ჩვენთვის ისინი სამაგალითო ფეხბურთელები არიან", - უთხრა მაშინ "მარკას" ლიოვმა.

როგორ იციან გერმანელებმა კარგ მაგალითებზე სწავლა, კიდევ ერთხელ ოთხი წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა ლიოვის გერმანიის ნაკრებმა მუნდიალი მოიგო და ახლა სხვებისთვის გახდა სამაგალითო გუნდი.

დელ ბოსკე არასოდეს მალავდა პატივისცემას გერმანული ფეხბურთისა და ლიოვის მიმართ:

"ის ეროვნული ნაკრების უნაკლო მწვრთნელია. დიდი აღტაცებით ვაკვირდებოდი გერმანიის წინსვლას მუნდიალზე. ძალიან ვაფასებ ლიოვსა და მის მიერ გაწეულ სამუშაოს", - აცხადებდა ესპანელი მარკიზი.

"ჯენტლმენი - ეს პირველი სიტყვაა, რომელიც დელ ბოსკეს მიმართ მახსენდება. ის არასოდეს იტყვის ისეთ რამეს, რაც ვინმეს სულ მცირე უხერხულობას მიაყენებს; ის არასოდეს მოექცევა ვინმეს უპატივცემულოდ.

დელ ბოსკეს ადამიანობა სამაგალითოა. როცა დელ ბოსკე ლაპარაკობს, მხოლოდ უნდა მოუსმინო და ისწავლო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული