ვალდანო: არც გავყიდით და არც ვიყიდით

AutoSharing Option

მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ იანვარში კლუბი ერთ ფეხბურთელსაც არ გაყიდის. არგენტინელმა ფუნქციონერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება კაკას შესაძლო გასხვისებაზე და ამის პერსპექტივა გამორიცხა. იანვრის თვეში "რეალიდან" წასვლის კანდიდატები არიან: კაკა, სერხიო კანალესი, მაჰამადუ დიარა, ლასანა დიარა და ესეკიელ გარაი. ვალდანომ აღნიშნა, რომ ეს ხუთეული "რეალში" რჩება.

ვალდანომ ჟოზე მოურინიოს ცუდი ამბავიც ამცნო - "რეალი" არ გაყიდის, მაგრამ არც შეიძენს. ყოველ შემთხვევაში, ტრავმირებული გონსალო იგუაინის ნაცვლად ფორვარდის დამატებას არ აპირებენ. არადა, პორტუგალიელი უპირველესად ამას ითხოვდა ხელმძღვანელობისგან. "ყველაფერი ძველებურად

დარჩება ამ სატრანსფერო სეზონის შემდეგაც "რეალში", მე ამის მჯერა. შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს "რეალმა", თუმცა საამისოდ სპეციალურად არ ვიღწვით, არავის ვეძებთ და არც ვაკვირდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როდის დაბრუნდება იგუაინი, გვჯერა, რომ მალე, ჩვენ არ ვაპირებთ მისი სრულფასოვანი შემცვლელის ყიდვას", - განაცხადა ვალდანომ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე.

ამით არგენტინელს სურდა ბოლო მოეღო იმ ჭორებისთვის, რაც ბოლო დროს ვრცელდება ესპანურ თუ იტალიურ მედიაში, რამდენად გამოუვიდა, უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

სხვათა შორის, ვალდანომ "ოქროს ბურთის" ყველაზე ღირსეულ ნომინანტად ბარსელონელი ჩავი დაასახელა და სურვილი გამოთქვა, ტიტული სწორედ ჩავიმ მოიგოს: "სამივე კანდიდატი ვირტუოზია, მაგრამ წლეულს ჩავიმ ყველაზე სტაბილურად ითამაშა და პრიზიც მას ეკუთვნის".

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული