მედიას ბრაზილიელი ახალწვეული თვით კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა წარუდგინა, მაშინ, როცა მარტინ ედეგორის წარდგენას "მხოლოდ" კლუბის დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო ესწრებოდა. ბუტრაგენიო ლუკასის პრესკონფერენციასაც ესწრებოდა. ამის შემდეგ კი სილვა 16-ნომრიანი მაისურით "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ფანების წინაშე წარდგა.
ბოლოს ახალწვეული დანარჩენ გუნდს შეუერთდა,
"ეს არის ასრულებული ოცნება. ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება და მსურს, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. მსურს, რომ კლუბის ისტორიაში მეც დავწერო ერთი თავი. აქ ყველაფერი ახალია ჩემთვის, თუმცა მზად ვარ, თუნდაც ახლავე დავიწყო თამაში. აქაური ატმოსფერო უკვე კარგად ჩავისუნთქე და გავითავისე. ახლა მოუთმენლად ველი მატჩებს. შესაძლებლობები ხანდახან კარიერაში ერთხელ მოდის და ისინი უნდა გამოიყენო.
რაც აქ ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა კი, როცა მოედანზე გავდიოდი, ცოტა ავღელდი, ფანები და უამრავი ჟურნალისტი რომ დავინახე.
მოხარული ვარ, რომ ისეთ ფეხბურთელებთან მომიწევს თამაში, როგორიც ტონი კროოსია. მის კარიერას დიდი ხანია, ვადევნებ თვალს და კარგი იქნება, თუ მას მივბაძავ. დიდებული იქნება, თუ მის გვერდით მომიხდება თამაში, იმის მიუხედავად, რომ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ ხოლმე. ჯერ მწვრთნელთან ჩემს სამომავლო თამაშზე არ მისაუბრია, მაგრამ ვშიშობ, ბევრი რამ მექნება შესაცვლელი და დასახვეწი.
ჩემი მისია იქნება მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. "რეალის" თამაშების ნაწილი ტელევიზორში ნანახი მაქვს, გუნდი კარგად არის შეთამაშებული და ლა ლიგის ლიდერია".
ლუკასს სთხოვეს, საკუთარი თავი დაეხასიათებინა, როგორც ფეხბურთელი: "ძალიან ტექნიკური ვარ, თუმცა მოედნის შუაში პოზიციას არ ვკარგავ; პასების გაცემა მიყვარს და გამომდის, განსაკუთრებით, შორეული პასები".
ახალი სამიზნე - ლაპორტი
"რეალი" გვიან "დაიქოქა", თუმცა, როგორც ჩანს, "სამეფო კლუბს" სატრანსფერო მადა გაეხსნა - ესპანური მედია მას კიდევ ერთ ფეხბურთელთან აკავშირებს. "მარკას" ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის სურს, გუნდში "ბილბაოს" ფრანგი მცველი ემერიკ ლაპორტი იხილოს. ბასკთა კლუბის პრეზიდენტ ხოსე ურუტიას არ უნდა, ლაპორტს შეელიოს. ამ დროს კი ყველაზე საინტერესოა, რა თანხა არის მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდის სახით. 20 წლის ლაპორტის გამოსასყიდი თანხა 42 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში ლაპორტმა "ბილბაოს" რიგებში 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
ფიფას გამოძიება და "რეალი"
ახლა კი არცთუ სასიამოვნო ამბავი "რეალის" ბანაკიდან - ფიფა აგრძელებს კვლევას "რეალის" ტრანსფერებთან დაკავშირებით. ფიფაში არ არიან დარწმუნებულნი, რომ "რეალმა" არ დაარღვია სატრანსფერო კანონის მე-19 პუნქტი, რომელიც არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებს ეხება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მადრიდის ოლქში 22 კლუბია, სადაც "რეალის" კუთვნილებაში მყოფი უცხოელი არასრულწლოვანი ფეხბურთელები თამაშობენ. ფიფას ორი ვენესუელელის ტრანსფერზე გაუჩნდა ეჭვები: მანუელ გოდოე (2000 წელს დაბადებული) და ფერნანდო მასიასი (1999) "რეალის" ფეხბურთელები ამჟამად აღარ არიან. გოდოე 12 წლის ასაკში გახდა რეალელი. მერე მიხვდნენ, რომ მისი ტრანსფერის გამო, შესაძლოა, ფიფასთან პრობლემები შეჰქმნოდათ და მასთან ურთიერთობა შეაჩერეს. მასიასმა, რომელსაც ვენესუელელ კუნს (სერხიო აგუეროს მეტსახელი) უძახიან, 14 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი "რეალთან", თუმცა მასთანაც შეჩერდა თანამშრომლობა და ახლა მასიასი "რაიო ვალეკანოს" ჭაბუკთა გუნდში თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"