რონალდოს 46 46-იდან

AutoSharing Option
ვინ გამოირჩა ესპანური პრიმერადივიზიონის მე-17 ტურის მატჩებში? დღეისათვის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საიტი Goal.com თავის ვერსიას გვთავაზობს. მაშ ასე, ახალი წლის პირველი სიმბოლური ნაკრები შემტევი ტაქტიკური სქემით (4-3-3) არის შედგენილი. უპს... სიმბოლურში ლეო მესი არაა, მაგრამ ამას მარტივი ახსნა აქვს - არგენტინელ სუპერვარსკვლავს არ უთამაშია. პირველად მოხდა რჩეულთა შორის ამდენი ესპანელი - ერთბაშად 6.


მეკარე
ტონიო (''რასინგი''): სანამ "ვისენტე კალდერონზე" ითამაშებდნენ, "ლოს ვერდიბლანკოსის" აქტივში მხოლოდ 4 ქულა იყო საგარეო მატჩებში. ამ მონაგარს "რასინგმა" კიდევ ერთი დაუმატა, რაც დიდწილად მათი გოლკიპერის დამსახურებაა. მისი

სწრაფი რეფლექსები კანტაბრიულ კლუბს ორჯერ გამოადგა, როცა ტონიომ აშკარა გოლისგან იხსნა სტუმართა გუნდი, ჯერ სერხიო აგუეროს დარტყმისას, შემდეგ კი დიეგო კოშტას შეტევისას. დიეგო კოშტა ბოლო წამებზე დაემუქრა "რასინგის" კარს, ასე რომ, რომ არა ტონიო, მორიგი მარცხი გარანტირებული იყო.

მცველები
დანი ალვეში (''ბარსელონა''): ბრაზილიელ მცველს ნამდვილად აკლია ის პლასტიკა და აკურატულობა, რაც მისი თანაგუნდელების უმეტესობისათვის დამახასიათებელი თვისებაა.

 

მიუხედავად ამისა, დანი ალვეში მცველებში ყველაზე კარგი მეპასეა - უბრალოდ, იმდენად აქტიურია, იმდენჯერ აწოდებს, რომ მის აქტიურობას შედეგი მაინც მოაქვს. მით უფრო, ასეთი პარტნიორების წყალობით. დანი ალვეშის ფასი განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა წასაგებად განწირულ მეტოქეს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ "ჩაიკეტოს" (როგორც ამ ტურში "ლევანტე"). ამ დროს დანი ალვეში ფაქტობრივად დამატებითი გარემარბია. ორივე საგოლე პასი პედროს მან გადააწოდა.

 

პაბლო სენდროსი (''მალიორკა''): ეს ახალი სახეა ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში. კუნძულელებმა 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაძლიეს და 3:0 მოუგეს "ერკულესს". ამ შეხვედრაში 23 წლის სენდროსმა მასპინძელთა გუნდში საუკეთესოს პრიზი მიიღო. სტოპერს ენდობა მიქაელ ლაუდრუპი და სენდროსიც უმართლებს დანიელ თავკაცს.

 

ველიგტონი (''მალაგა''): "ლოს ბოკერონესს" ლა ლიგაში ყველაზე ცუდი დაცვის ხაზი აქვს, თუმცა ველიგტონი მართლა კარგი მცველია და ეს მას ბევრჯერ დაუმტკიცებია. "ელ მონინონზე" ბრაზილიელის კარგმა თამაშმა მანუელ პელეგრინის გუნდის წარმატება განაპირობა. ველიგტონმა გოლიც გაიტანა და დაცვაში გუნდის ლიდერობა იტვირთა.

 

შემდეგ ტურში ველოდოთ ველიგტონისა და მარტინ დემიკელისის წყვილს, ეს უკვე საინტერესოა.

 

მარიუს სტანკევიჩიუსი (''ვალენსია''): "სამპდორიას" მცველი, რომელიც ესპანეთში იჯარით თამაშობს, თავიდან ვერ შეეწყო "ვალენსიას" და სასტარტოში მოხვედრა უჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველას უჩვენა ბალტიელმა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია. "ესპანიოლთან" მატჩი მის ვალენსიურ კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესოა.

ნახევარმცველები
მიშელ პერეირა (''მალიორკა''): ფრანგმა ამ სეზონში გრძელი გზა გაიარა "მალიორკას" სარეზერვო გუნდიდან სასტარტო შემადგენლობამდე. "ერკულესთან" თამაშში პერეირამ დაამტკიცა, რომ ლაუდრუპმა სწორად დააწინაურა ეს ნახევარმცველი. ფრანგის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია (რომლის წყალობითაც ნსუემ გაიტანა). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა.

ხესუს ნავასი (სევილია): "სევილიას", როგორც იქნა, თავისი ლიდერი დაუბრუნდა და კლუბმაც 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონს სამი თვეა ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა "ოსასუნასთან" მატჩში ეს მას სულაც არ ეტყობოდა. ნავასი ყველაზე აქტიური, კრეატიული და სახიფათო იყო მასპინძელთა რიგებში, ფრედერიკ კანუტემ მისი საფირმო ჩაწოდების წყალობით გაიტანა გამარჯვების გოლი.

 

ბორხა ვალერო (''ვილიარეალი''): "ვილიარეალი" ძალიან კარგ ფორმაშია, გარიდოს გუნდს ცალკეული ვარსკვლავების გამოკლებაც არ შეეტყო. ამ თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღეს ნილმარმა და მარკოს სენამ, მაგრამ ვალენსიელებმა ძალების დაზოგვით სძლიეს "ალმერიას" 2:0. ლიდერის ტვირთი კი თავის თავზე ბორხა ვალერომ აიღო, რომელმაც ლამის მარტომ დატანჯა ანდალუსიელი სტუმრები - გოლი და საგოლე პასი ბორხას შესრულებით, ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან. უნარიანად ხელმძღვანელობდა "წყალქვეშა ნავის" შეტევებს.

თავდამსხმელები
პედრო (''ბარსელონა''): ჩემპიონებმა 2011 წელი მძიმედ დაიწყეს "კამპ ნოუზე". "ლევანტეს" წინააღმდეგ ორი ფეხბურთელის გამოყოფა თუ შეიძლება, ერთზე უკვე დავწერეთ, მეორე კი დუბლის ავტორი პედროა, "დონ პედრო", როგორც მას "მარკამ" ამ შეხვედრის მერე უწოდა.

 

"ბლაუგრანას" 3 ქულა პედრომ მოუპოვა.

 

ადრიან ლოპესი (''დეპორტივო''): ადრიანს დიდი ფეხბურთელის პოტენციალი აქვს, ტყუილად კი არ თამაშობს რეგულარულად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ ამ სეზონში აქამდე მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მიზეზი კი უფრო კლუბია, წლევანდელი "დეპორტივო" ტაქტიკურად გამართულ, მაგრამ ერთობ უფერულ და დაცვით ფეხბურთს თამაშობს. თქვენ წარმოიდგინეთ და, ლიბეროთი. მისმა აქტიურობამ სტუმრებს ფეხბურთელი (მიკელ სან ხოსე) გაუძევა, მან კი პრიმერადივიზიონში კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.

კრიშტიანო რონალდო (''რეალი''): Goal.com-ის მიერ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა პორტუგალიელმა მადრიდულ დერბიში დუბლი შეასრულა.

 

მან ჯერ პენალტით გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც "რეალმა" გაილაღა, შემდეგ კი მეორე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. პორტუგალიელმა ამ სეზონში 17 მატჩში 19 გოლი გაიტანა, სულ კი (რაც პრიმერაში თამაშობს) 46-ში - 46! ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.  

სხვები, რომელთაც სულ ცოტა დააკლდათ რჩეულებში მოხვედრამდე: ხუან მატა (''ვალენსია''), დანიელ პარეხო (''ხეტაფე''), მიკელ რობუსტე (''ლევანტე''), ელიზეუ (''მალაგა''), ბრაულიო (''სარაგოსა''), ანხელ დი მარია (''რეალი'').

ტურის საუკეთესო ფეხბურთელმა 8-ჯერ დაარტყა "ხეტაფეს" კარისკენ (3-ჯერ ზუსტად) და 2 გოლი გაიტანა, მისი 36 პასიდან 26 ზუსტი იყო, 10-ჯერ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ მოიპოვა, მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ.

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული