ტრაგედია და იუბილეები: იკერის 500, ანჩელოტის 100

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგის დაწყებიდან 24 ტური გავიდა და დასრულებამდე 14 რჩება. მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, ჩემპიონ "ატლეტიკოს" - 7 ქულით და "კონკურენტთა" სიაში ზრდილობის გულისთვის მოყვანილ "ვალენსიას" - ათით.

მართალია, ყველა სხვა ტოპ-ლიგაში (პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A) ლიდერთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუმცა მსოფლიოს ფეხბურთის თანავარსკვლავედად ქცეული "სამეფო კლუბისთვის" არც ამ ლიდერობას ეთქმის ხელწამოსაკრავი. ფაქტია, "რეალი" ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

აი, ასეთი რეალობა დადგა კარლო ანჩელოტის მე-100 მატჩის შემდეგ "რეალის" მწვრთნელის პოსტზე.

ორშაბათს "რეალის" ხელმძღვანელობამ კვირას მოგებული საკალათბურთო კოპა
დელ რეი, ანუ სამეფო თასი გამოამზეურა და ფანებს ამ პრიზის მადრიდის მუნიციპალიტეტში ნახვის შანსი ჰქონდათ, კვირას კი "რეალმა" (ოღონდ საფეხბურთომ) ქარიმ ბენზემას და კრიშტიანო რონალდოს გოლების წყალობით "ელჩე" 2:0 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაში იწყებოდა, როცა "მანუელ მარტინეს ვალეროზე" "ელჩეს" ქომაგი უგონოდ დაეცა. 63 წლის ხოსე პომარეს სანჩესი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის ვალენსიური კლუბის სეზონური ბილეთის მფლობელი იყო, მაღალი წნევა და დიაბეტი აწუხებდა.

კარლეტო, როგორც ჟოზე
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარლო ანჩელოტისთვის "ელჩესთან" დაპირისპირება მეასე იყო "რეალის" მწვრთნელის რანგში. იტალიელმა მწვრთნელმა "რეალს" უკვე მოუპოვა 4 ტიტული: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, კოპა დელ რეი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა.

100-დან ანჩელოტიმ 78 მატჩი მოიგო, რაც დიდებული მაჩვენებელია. მან რეკორდი დაამყარა, "რეალის" თავკაცის პოსტზე პირველ 100 მატჩში, ყველა მწვრთნელზე საუკეთესო შედეგი აჩვენა - 78.

ჟოზე მოურინიომ
პირველ 100 მატჩში 77-ჯერ მოაგებინა "სამეფო კლუბს" და რეკორდი აქამდე პორტუგალიელს ეკუთვნოდა.

სხვა მხრივ, მოურინიოს და ანჩელოტის თითქმის იდენტური მაჩვენებლები აქვთ - ორივემ 244-244 ქულა დააგროვა. ჟოზეს "რეალის" ბურთების სხვაობა +193-ია, კარლეტოსი - +192, მაგრამ იტალიელის 4 ტიტული ჟოზეს ერთის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა. ამას დავუმატოთ, რომ ანჩელოტის ხელში "რეალს" 31-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (ჟოზეს 19) და 22-მატჩიანი მოგების სერია (ჟოზეს 15).

კარლო ანჩელოტი (რეალი):
"გუნდმა კარგად გაითავისა, რომ ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა წინა დღის შედეგიდან გამომდინარე. ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, "ბარსელონას" ცოტა მოვწყვეტოდით და წინ გავჭრილიყავით.

ყველამ ბევრი იშრომა, ასევე უნდა გავაგრძელოთ. გუნდმა ორივე ტაიმში დიდებულად ითამაშა, შენიშვნები არა მაქვს. ყველა ხედავს, რომ "ატლეტიკოსთან" მარცხის მერე კარგად ავთამაშდით, გოლიც აღარ გაგვიშვია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი თავს კარგად იცავს.

ჩემი პირველი ასი მატჩი "რეალში"? კარგი გამოვიდა. ახლა უნდა ვიშრომო, რომ მომდევნო ასი კიდევ უკეთესი იყოს".

ფრან ესკრიბა (ელჩე):
"თამაშის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული, როცა დავიჯერეთ, რომ მიზნის მიღწევა შეგვეძლო. მაგრამ "რეალი" სამართლიანი გამარჯვებულია, ხანდახან ისე თამაშობდა, როგორც მას ბოლო ორი თვის განმავლობაში არ უთამაშია".

ისკო
"ელჩესთან" მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო ისკო იყო. ამის შესახებ ანჩელოტისაც დაეკითხნენ. მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩმა ვარჯიში დაიწყო და მალე მწყობრში ჩადგება. ნიშნავს ეს იმას, რომ ისკო სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდება?

"ისკო თამაშობს ბრწყინვალედ და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს. ძნელი სათქმელია, გააგრძელებს თუ არა ის სასტარტოში თამაშს. ამ გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა ყველა მწყობრში ჩადგება".

აქვე გუნდის კაპიტან იკერ კასილიასის მოსაზრებას გთავაზობთ ისკოზე:
"როცა ისკოზე ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ პირზე, რომელიც უახლოეს ხანებში ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება".

იკერი, პელე და მარადონა
კიდევ ერთი იუბილე და გაცილებით დასაფასებელი იკერ კასილიასს ჰქონდა - "ელჩესთან" თამაშში მან "რეალის" მაისურა მე-500-ედ მოირგო ლა ლიგაში. იკერს აქედან 328 მოგება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, მან რაულს გაუსწრო "რეალის" ისტორიაში.

კიდევ ხუთი გამარჯვებაც და იკერი კიდევ ერთ დიდ მეკარეს, ანდონი სუბისარეტას გაუტოლდება ლა ლიგის ისტორიაში მოგებული მატჩების რაოდენობით, სუბისარეტა კი ჩემპიონატის რეკორდსმენია.

"ფეხბურთი სწრაფად იცვლება - რამდენიმე კვირის წინ ჩვენ სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, გვისტვენდნენ, ახლა კი ყველაფერი კარგადაა. "კალდერონზე" ფიასკოს შემდეგ გუნდი სულიერად არ დაეცა, გამაგრდა და კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა.

მოხარული ვარ, რომ "რეალში" მეხუთასედ ვითამაშე".

სულ იკერს "რეალის" მაისურით 710 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით ის "რეალის" ლეგენდა სანჩისს გაუთანაბრდა, წინ მხოლოდ რაულია - 741 თამაში.

"კასილიასი იგივეა ესპანეთისთვის, რაც პელე და მარადონა თავიანთი ქვეყნებისთვის", - ეს ხორხე ვალდანოს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული