კოპა "კამპ ნოუზე": მადრიდი გამოირიცხა, ფედერაციამ ბარსელონა თქვა

AutoSharing Option
როგორც "დიარიო AS" იტყობინება, გაირკვა ესპანეთის თასის გამართვის ადგილი, რომელიც დღემდე დიდი დისკუსიის თემაა. შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" გავიდნენ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ბოლოდროინდელი ტრადიციის მიხედვით, თასის ფინალის გამართვის ადგილს ფინალისტებს ანდობს და მხოლოდ მას მერე, თუკი ფინალისტები ვერ შეთანხმდებიან, ფედერაცია თავად ასახელებს ფინალის მასპინძელ სტადიონს.

"ბილბაოს" და "ბარსელონას" ფინალის თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდათ, რადგან მადრიდული სტადიონი საკმაო რაოდენობის მაყურებელს იტევს. მეორე ვარიანტად ვალენსიური "მესტალია" რჩებოდა, თუმცა ამ ვარიანტს სერიოზულად არ განიხილავდნენ. მადრიდული სტადიონის დათმობა "რეალმა" იუარა,
რის გამოც ჟოზე მარია ბარტომეუსა და ფლორენტინო პერესს შორის კლასიკოსწინა კლუბების პრეზიდენტების ბრიფინგზე კინაღამ სერიოზული შეკამათებაც მოხდა.

მადრიდელთა პოზიცია ასეთია - მათ არ სურთ, ესპანეთის ჰიმნს "ბერნაბეუზე" უსტვინონ, არადა, ეს მოსალოდნელიც იქნებოდა, რადგან ბასკი და კატალონიელი გულშემატკივრები გასაგები მიზეზის გამო ქვეყნის ჰიმნს არ სწყალობენ.

როგორც ჩანს, ფინალისტებისათვის მიცემული დრო ამოიწურა და, რადგან ისინი ვერ შეთანხმდნენ, საქმეში ისევ ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო.

ვერდიქტი, თუ მადრიდულ გამოცემას დავეყრდნობით, ასეთია - თასის ფინალი "კამპ ნოუზე" გაიმართება. გამოდის, რომ "ბარსა" ფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს.

ესპანეთის თასის ფინალი 30 მაისს გაიმართება. ეს ქვეყნის სამეფო თასის გათამაშების 111-ე ფინალი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტვენის მოსმენა კი არა საკუთარ სტადიონზე არ უნდოდათ ბარსას ზეიმის ყურება,რათ უნდა ამას დიდი ფილოსოფოსობა :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული