ვინ წავა მადრიდის "რეალიდან"? დიდი წმენდის მოლოდინში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხშირად ისე იქცევა, როგორც ნამდვილი ქომაგი. ის თავისი პირადი შეხედულებებით უშვებს და ყიდულობს ფეხბურთელებს, ცვლის მწვრთნელებს. თუ ასე გაგრძელდა, თუ "სამეფო კლუბმა" თამაში ვერ გამოასწორა, ზაფხულში "რეალს" დიდი წმენდა ელოდება.

ჩვენც მივყვეთ სავარაუდო ტრანსფერთა ჯაჭვს.

კრიშტიანო რონალდო
ტრანსფერის ალბათობა: 15 პროცენტი
ვარიანტი: "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ოქროს ბურთის" მფლობელს ცუდი სეზონი აქვს. მას გაცილებით ნაკლები გოლი გააქვს, ვიდრე ადრე. რონალდო დაშორდა მეგობარ გოგონას. უარყოფითი ენერგიით დატვირთული ეჩხუბა ქომაგებსა და ჟურნალისტებს. პერესს ძალიან გაუჭირდება გუნდის უდავო ლიდერთან შელევა, მაგრამ
ფაქტია, უკვე ბევრი იწერება "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ.

პეპე
ტრანსფერის ალბათობა: 15 პროცენტი
ვარიანტები: "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი"
ცოტა ხნის წინათ პეპეს მოსალოდნელ წასვლაზე ბევრს საუბრობდნენ. მაშინ ელოდნენ, რომ პორტუგალიელი მცველი ძირითად შემადგენლობაში ადგილს ნიჭიერ ფრანგ რაფაელ ვარანს დაუთმობდა. ვარანის პროგრესი სასურველი ტემპით ვერ წარიმართა და კარლო ანჩელოტის ხელში პეპეც დიდებულია. მან პირველი ყვითელი ბარათი პრიმერას 25-ე ტურში მიიღო.

ქარიმ ბენზემა
ტრანსფერის ალბათობა: 20 პროცენტი
ვარიანტი: "ლივერპული"
ბენზემა უკვე ვეღარასოდეს იქნება ის სუპერფორვარდი, რომლის ნახვასაც "რეალის" ქომაგები შეტევის ფორპოსტზე იმედოვნებენ. ის კარგად ასრულებს შეტევას, შესანიშნავია ბურთის გათამაშების დროს და წლიდან წლამდე უფრო და უფრო სასარგებლო ხდება, მაგრამ... ის არ არის მეგაფორვარდი. პერესს კი სწორედ ასეთი შემტევი სურს.

კეილორ ნავასი
ტრანსფერის ალბათობა: 20 პროცენტი
ვარიანტები: "არსენალი", "ლივერპული"
ესპანური გაზეთები ხშირად ვარაუდობენ, რომ მომდევნო მატჩში "რეალის" კარში იკერ კასილიასს კეილორ ნავასი შეცვლის, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ცხადია, ნავასს არ სურს ამდენი დროის გატარება "სამეფო კლუბის" სათადარიგოთა სკამზე.

იკერ კასილიასი
ტრანსფერის ალბათობა: 30 პროცენტი
ვარიანტი: ამერიკული ლიგა (MLS)
მიმდინარე სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მართლაც განსაკუთრებული სიტუაციაა. ნახევარი სტადიონი კასილიასს უსტვენს, ნახევარი კი - ტაშს უკრავს. იკერის თამაშიც ასეთია: ის ხან სასწაულებს ახდენს, ხანაც კეილორ ნავასს აძლევს შანსს. ერთიც ვნახოთ და, კასილიასმა სეზონის ბოლოს თავის პირმშვენიერ მეუღლეს, ჟურნალისტ სარა კარბონეროს დაუჯერა და... ამერიკისკენ გაუტია?!

გარეთ ბეილი
ტრანსფერის ალბათობა: 30 პროცენტი
ვარიანტი: "მანჩესტერ იუნაიტედი"
ინგლისური და ესპანური გაზეთების უმრავლესობა დღემდე მიიჩნევს, რომ ბეილი, უბრალოდ, ზედმეტია "რეალისთვის". უელსელ ვარსკვლავს საყვედურობენ, რომ ის საერთოდ ვერ ჩაეწერა გუნდურ ანსამბლში. მართლაც: საკმარისია, ბეილის ნაცვლად მინდორზე ისკო გამოჩნდეს, რომ "რეალი" უკეთ ათამაშდება ხოლმე.

კარლო ანჩელოტი
ტრანსფერის ალბათობა: 50 პროცენტი
ვარიანტები: "მანჩესტერ სიტი", იტალიის ნაკრები
თუ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ფლორენტინო პერესისგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ. პერესი მწვრთნელებს არ ეფერება. სხვა თუ არაფერი, ისტორიულ წიაღსვლებს შევეშვათ და ჟოზე მოურინიოს მაგალითი გავიხსენოთ. ამ ეტაპზე ანჩელოტი ხელშეუხებლად მოჩანს, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება სეზონის ბოლოს.

ფაბიო კოენტრაო
ტრანსფერის ალბათობა: 60 პროცენტი
ვარიანტები: "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "მილანი"
ამბიციური პორტუგალიელი დროს ტყუილად ფლანგავს მადრიდში. ფაქტია - მას მარსელოსთან კონკურენციის მოგების იოტისოდენა შანსიც კი არა აქვს. პორტუგალიელი ინგლისისკენ იცქირება.

ხესე
ტრანსფერის ალბათობა: 75 პროცენტი
ვარიანტები: "დორტმუნდი", "ევერტონი", "ესპანიოლი"
"რეალისთვის" ტრადიციული ისტორია: ახალგაზრდა ტალანტი ვერ უძლებს უდიდეს კონკურენციას. ხესეს, ალბათ, გაანათხოვრებენ. ბევრი გვინახავს ასეთი მოგზაურობიდან "რეალში" დაბრუნებული ფეხბურთელი?

ალვარო არბელოა
ტრანსფერის ალბათობა: 80 პროცენტი
ვარიანტები: "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული"
ახალ "რეალში" 32 წლის მცველის ადგილი არ იქნება. ჟოზე მოურინიოს "ერთგული ჯარისკაცი" ვერაა ოპტიმალურ ფორმაში, თან ასაკიც დაეტყო. ყველას ახსოვს არბელოას კონფლიქტი იკერ კასილიასთან.

ასიერ ილიარამენდი
ტრანსფერის ალბათობა: 80 პროცენტი
ვარიანტები: "არსენალი", "ლივერპული", "მილანი", "ბილბაო"
ილიარამენდიმ ზამთარში "ბილბაოში" წასვლა იუარა. ახლა სადმე გადასვლა მაინც მოუწევს. "რეალში" ის საშუალოდ 20 წუთს თამაშობს. ასე ის ვერაფრით მოხვდება ესპანეთის ნაკრებში. არადა, ბასკს ამის პოტენციალი აქვს.

სამი ხედირა
ტრანსფერის ალბათობა: 95 პროცენტი
ვარიანტი: "შალკე"
შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გერმანელი საყრდენი უკვე წასულია "რეალიდან". ხედირა ვერასოდეს დაიბრუნებს კარლო ანჩელოტის ნდობას. ის უკვე შეუთანხმდა "შალკეს".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ადგნენ და სეხელები გაცვალონ რეალმა და მანჩესტერმა და მაიკები და ეგაა ვსო
0
ესეეგი რონალდოს ცუდი სეზონი ააქვს?რა უზრო კომენტარებს ურთავთ, მეტს ვერ აზროვნეებთ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული