"ბარსელონას" ფეხბურთელები ხერარდ პიკე და დანი ალვეში "ბეტისთან" ესპანეთის თასის ¼ ფინალური მატჩის დროს წაკამათდნენ. ორ ფეხბურთელს შორის დავა შეხვედრის 25 წუთზე გაიმართა, როდესაც მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდა. პიკემ ალვეში იმაში დაადანაშაულა, რომ მან "ბეტისის" ფეხბურთელი რუბენ კასტრო ვერ ამოკეტა.
ალვეში პიკეს პრეტენზიას უხეში ფორმით შეეპასუხა და ორი ფეხბურთელის შეხლა-შემოხლა დაახლოებით 10 წამი გაგრძელდა.
თამაშის შემდეგ დანი ალვეშმა განაცხადა, რომ არაფერი სერიოზული მასსა და პიკეს შორის არ მომხდარა. ალვეშის თქმით, პარტნიორებმა ყველა უსიამოვნება უკვე მოაგვარეს.
ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი
"ბარსელონა"-"ბეტისი" 12 იანვრის საღამოს კატალონიის დედაქალაქში გაიმართა. 25-ე წუთზე, როდესაც პიკესა და ალვეშს შორის შელაპარაკება მოხდა, ანგარიში 0:0 იყო, მაგრამ საბოლოოდ "ბარსელონამ" 5:0 გაიმარჯვა. სამი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, თითოჯერ კი თავი პედრო როდრიგესმა და სეიდუ კეიტამ გამოიჩინეს. საპასუხო მატჩი 18 იანვარს სევილიაში გაიმართება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.