რეალითი შოუ: კასტინგი 8 ფორვარდით

AutoSharing Option

როგორც იქნა, "სამეფო კლუბში" აღიარეს, რომ "რეალი" თავდამსხმელს ეძებს. აქამდე, ეს მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ხმამაღლა გაცხადებული სურვილი იყო, რომელიც ირწმუნებოდა, ქარიმ ბენზემას არაფერს ვერჩი, ძალიან მოწადინებულია, მაგრამ გუნდში არსებული სიტუაცია ახალ სისხლს ითხოვს შეტევაშიო. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა, ერთადერთი საღსალამათი ფორვარდით თამაშს სეზონის განმავლობაში "რეალი" კი არა, სუსტი ევროპული კლუბი არ კადრულობს.

"მარკამ" საფუძვლიანად გამოიკვლია ჭორ-მართალი "რეალის" სატრანსფერო აქტივობაზე და დაასახელა ის 8 ფეხბურთელი, რომელიც ფაქტობრივად დაუსწრებელ კასტინგს გადის ახლა "რეალში". ერთ-ერთი მათგანი კი მალე გონსალო იგუაინის შეცვლას შეეცდება. მოკლედ, ეს

ფეხბურთელებია: მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი, ადამ სალაი, ემანუელ ადებაიორი, ლისანდრო ლოპესი, ტეოფანის გეკასი, ნელსონ ვალდესი და ლუიშ ფაბიანო.

კასტინგი გახსნილად "რეალის" დირექტორმა ხორხე ვალდანომ გამოაცხადა, 3:1 მოგებული დერბის შემდეგ მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ "რეალი" თავდამსხმელის შესაძენად ბაზარში მიდის. სხვა გზა "სამეფო კლუბს" არც აქვს, ქარიმ ბენზემა ბევრს კი ცდილობს, მაგრამ გოლები იშვიათად გააქვს, როდემდე უნდა იყოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი კრიშტიანო რონალდოს სუპერპროდუქტიულობის იმედზე?

ვალდანო ამბობს, რომ კასტინგი "რეალში" მხოლოდ 6-თვიან თამაშზე გამოცხადდა, გუნდი სულაც არ ეძებს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც შემდეგ სეზონებშიც დაეყრდნობა - ახალმა ფორვარდმა გუნდს შეტევაში შექმნილი კრიზისი უნდა გადაატანინოს და წავიდეს, მოკლედ ლაპარაკია იჯარაზე. "მარკას" მიაჩნია, რომ მაინც ყველაზე რეალური "მანჩესტერ სიტის" აფრიკელი შემტევი ემანუელ ადებაიორის გადმოსვლაა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რადგან მის კანდიდატურას თვით ჟოზე ლობირებს. ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ "სიტი" ტოგოელის იჯარით 1,2 მილიონი ევროს ფარგლებში მოითბობს ხელს.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული