რა ჩაიფიქრა ცბიერმა არგენტინელმა და მართლა ასე ფიქრობს თუ არა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, ბევრი არ ფიქრობს, რომ რაფა ზუსტად იქ მივიდა, სადაც მისი ადგილია.
ამავე დროს რაფა ბენიტესის მწვრთნელობას უკვე მოაქვს შედეგები, ყოველ შემთხვევაში, "გოლი" ამას იუწყება - სწორედ რაფასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაიფიქრა ისკომ გუნდიდან წასვლა.
ისკოს ძალიან აწუხებს,
რაფამ არდადეგებზე გასულ ესპანელს დაურეკა და პირადად აუხსნა, რაოდენ საჭირო ფიგურად მიიჩნევს მას მომავალ გუნდში. ამ საუბრის შემდეგ, ისკო აღარ ფიქრობს წასვლაზე და ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ბენიტესთან ერთად მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდულ კლუბს 2013 წელს "მალაგადან" შეუერთდა. მაშინ მან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისკომ "ლოს მერენგესის" მაისურა უკვე 106-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასიც გააკეთა.
აგუეროც, დე ხეაც
"დიარიო ასი" გვამცნობს, რომ "რეალში" კვლავ აქვთ სერხიო აგუეროს ტრანსფერის განხორციელების იმედი. არგენტინის ნაკრების ფორვარდის ხელში ჩასაგდებად "რეალმა" სულ მცირე, 60 მილიონი ევრო უნდა გაიღოს. ამასობაში, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერის, დავიდ დე ხეას ყიდვის ამოცანა.
აგუეროს შესაძენად, "რეალი" რამდენიმე ფეხბურთელს უნდა გამოეთხოვოს. არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერზე ქარიმ ბენზემა და ფაბიო კოენტრაო ვიხილოთ.
მადრიდელებს მადრიდელობას ართმევენ?
ამასობაში, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომლის სახელსაც ტაბლოიდი "სპორტი" არ ასაჯაროებს, მალე საარჩევნო აგიტაციაში მთავარ დაპირებად... სერხიო რამოსის ყიდვას გამოაცხადებს. "ბარსას" ჟერარდ პიკეს გვერდით, როგორც ესპანეთის ნაკრებში, ძალიანაც დაამშვენებს რამოსი, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, სერხიო რამოსი "ბარსელონაში"...
რამოსს მადრიდში არ მოსწონს თავისი ფინანსური მდგომარეობა - წელიწადში "მხოლოდ" 5 მილიონ ევროს იღებს, არადა, სჯერა, რომ ორჯერ მეტს იმსახურებს.
ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა
მოგეხსენებათ, ბოლო დროების ვარსკვლავურ "რეალს" "გალაქტიკოსს" უწოდებენ. კრიშტიანო რონალდო ბოლო გალაქტიკოსის ნაწილია. სამხრეთ ნახევარსფეროს ასტრონომთა ევროპულმა ასოციაციამ დღეისათვის ცნობილ ყველაზე კაშკაშა "ახალგაზრდა" გალაქტიკას CR 7 დაარქვა, კრიშტიანო რონალდოს პატივსაცემად (რონალდოს ინიციალები და ნომერი, რომლითაც ის "რეალში" თამაშობს).
ეს გალაქტა ახლა ყველაზე კაშკაშა გალაქტიკად ითვლება, ის ტრილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ის გალაქტიკა, სადაც მზეა (ირმის ნახტომი).
დანის ქვეშ?
"რეალის" გოლკიპერ კეილორ ნავასს არ ულხინს, ტრავმის გამო მას მოუწევს მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩების გამოტოვება და ალბათ მეტისაც, რადგან ნავასი სავარაუდოდ, საოპერაციოა. კოსტა რიკის ნაკრების ექიმის განცხადებით, კეილორს ორი ვარიანტი აქვს: ან მკურნალობის კურსი გარანტიის გარეშე, ან დანის ქვეშ დაწოლა ახლავე.
ნავასს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"სამეფო კლუბში" "მეფე" არ იქნება
დაბოლოს, "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" შეაჩერა ყველა მცდელობა ტურინის "იუვენტუსის" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის ხელში ჩასაგდებად. არა, მადრიდელებს მისი ყიდვის თავი კი აქვთ, მაგრამ უარი თავად თქვეს - მოედნის გარეთ "მეფის" სკანდალური ცხოვრების გამო. ბოლო მაგალითი კი ავტოავარიაა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვიდალმა სამშობლოში მოახდინა.
28 წლის ჩილელს ამის გამო, ამიერიდან, მილანში ყოველთვიურად მოუწევს ჩილეს საკონსულოში დაფიქსირება. ასე ვთქვათ, აღრიცხვაზეა აყვანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"