ლა ლიგის უჩვეულო ტური

AutoSharing Option

თქვენს წინაშეა ლა ლიგის I ნახევრის ბოლო ტურის ნაკრები (goal.com-ის მიერ შედგენელი) და, ჰოი საოცრებავ, დიდი ხნის შემდეგ პირველად სიმბოლურში ვერც ლეო მესი მოხვდა და ვერც კრიშტიანო რონალდო, ესპანეთის ჩემპიონატის ორი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი. ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები 3-4-3 სათამაშო სქემითაა შედგენილი და მასში 8 ესპანელია (!), თითო ბრაზილიელი, ფრანგი და ურუგვაელი.


მეკარე
დიეგო ალვეში (ალმერია): ეს ის მეკარეა, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩში 8 გოლი გაუშვა, მაგრამ მოკრძალებული "ალმერიას" ქომაგებს აუგი ვერ დასცდებათ, ბრაზილიელი გოლკიპერი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა გუნდში. თავისი კლასი

ალვეშმა კვირას "რეალთან" დაპირისპირებაში დაამტკიცა, როცა სენსაციური ქულის აღებაში დიდად დაეხმარა ანდალუსიურ გუნდს. მატჩის განმავლობაში "ალმერიას" დაცვა ერთი-ორჯერ აირია და რომ არა ალვეში "რეალი" თამაშში გარდატეხას შეიტანდა. ალვეშს ერთხელ არ გაუმართლდა, ერთხელ კი ძალიან გაუმართლდა: პირველ შემთხვევაში ესტებან გრანეროს დარტყმულს ვეღარ შეწვდა, მეორეში კი, მატჩის ბოლო წამებზე კრიშტიანო რონალდოს დარტყმული საჯარიმო ხარიხას მოხვდა.


მცველები
ხუან ვალერა (ატლეტიკო): კიკე ფლორესმა კიდევ ერთხელ გადაადგილა დაცვის ხაზი, მარჯვენა ფლანგზე ვალერა გამოჩნდა, რომელმაც მთლიანად გაუმართლა იმედები - მთლიანად გამოთიშა "მალიორკას" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი მიშელ პერეირა. ვალერამ წინაც ივარგა და თავურით გახსნა ანგარიში, ამით კი გუნდს ფრთები შეასხა. საბოლოოდ, "ატლეტიკომ" მეტოქე 3:0 გაანადგურა. ვფიქრობთ, ვალერამ ძირითადში ადგილი მოიპოვა.


კარლოს დიოგო (სარაგოსა): "ლოს ბლანკილოსმა" ზედიზედ მეორედ მოიგო შინ, ეს კი მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი დიდი დამსახურებაა. "ლევანტეს" ფორვარდი ფელიპე კაისედო ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია, ურუგვაელმა კი ის მოედნიდან "გააქრო". 27 წლის დიოგოს "სამეფო კლუბში" ფეხის მოკიდება კი გაუჭირდა, მაგრამ "სარაგოსაში" ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ კარლოსი ვიქტორ დიოგოს შვილია, რომელმაც 1986 წლის მუნდიალზე მექსიკაში იასპარეზა.

ჟერემი მატიო (ვალენსია): "ლოს ჩე" ვერადავერ ახერხებდა "ჩაკეტილი" "დეპორტივოსთვის" გოლის გატანას, როცა ფრანგმა განაპირა მცველმა გაიბრწყინა. მატიომ პირველ ტაიმში რამდენჯერმა მოსინჯა ცაციათი გალისიელთა გოლკიპერის სიფხიზლე, თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კი დაუმუშავებელი დარტყმით "ჯადო ახადა" "დეპორის" კარს.


ნახევარმცველები
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მეორე ადგილზე გასულის მორიგი ბრწყინვალე თამაში. მისმა გოლმა დიდი წვლილი შეიტანა მანუელ პელეგრინის "მალაგას" განადგურებაში. ანდრესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ერთხელ ისე მოარბია ანდალუსიელთა დაცვა, რომ პედროს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ინიესტა და ვიქტორ ვალდესი, მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია "ბარსელონაში", რომელთაც ლა ლიგის I ნახევარში ყველა შეხვედრა ითამაშეს.


ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი): სულაც არ ვაჭარბებთ, სან სებასტიანელთა ნახევარმცველი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც მესისთან და რონალდოსთან ერთად ჩემპიონატის I ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელობას იმსახურებს. და ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა, რა უნდოდა ასეთ მარგალიტს სეგუნდადივიზიონში? 27 წლის ფეხბურთელმა პენალტით გაიტანა "ხეტაფეს" კარში, ამის გარდა მან 2 საგოლე პასი გაუკეთა თანაგუნდელებს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.

რუბენ კანი (ვილიარეალი): მარტო იმ გოლისთვის, რომელიც მან "ოსასუნას" კარში გაიტანა, იმსახურებდა ფლანგის ნახევარმცველი სიმბოლურში მოხვედრას - შეგახსენებთ, რომ მოედნის ცენტრიდან გაიტანა. მაგრამ, ამას რომ თავი გავანებოთ, კანი მართლა ბრწყინვალედ თამაშობს, ბოლო ტურებში "წყალქვეშა ნავის" წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს. მერე რა, რომ ნერვები ვერ მოთოკა და ჟოზე მოურინიოს წყლით სავსე ბოთლი ესროლა?


ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო): უკვე აღარც კი ვიცით მერამდენე სუნთქვა გაეხსნა რეიესს. "მალიორკასთან" მატჩში მან ლიდერის ტვირთი აიკიდა. რეიესს ჯერ ვეტერანიც არ ეთქმის ის ხომ მხოლოდ 27 წლისაა. "არსენალის" ყოფილმა ვარსკვლავმა წინა სეზონი იჯარით "ბენფიკაში" გაატარა, თუმცა წლეულს ამტკიცებს, რომ ლა ლიგაში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. ანდალუსიელმა ვალერას გაატანინა და თავადაც შეაგდო შეხვედრის უკანასკნელ წამზე.


თავდამსხმელები
ხოსე კალეხონი (ესპანიოლი): "ბლანკ ი ბლაუს" ახალი ლიდერია, 23 წლის შემტევმა ორჯერ ერთნაირ სიტუაციაში გაიტანა, ორივეჯერ წამის უსწრაფესად მოიფიქრა, სად უნდა მიეღო პასი და სულ მილიმეტრებში არ მოხვდა თამაშგარეში. სწრაფად ფიქრისა და თამაშის უნარი კალეხონის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, სხვა ბევრ პლუსთან ერთად. "ესპანიოლში" ვერც კი იგრძნეს მთავარი მეგოლის, პაბლო ოსვალდოს არყოფნა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს.


დავიდ ვილია (ბარსელონა): "ელ გუახე" ყოველგვარი პომპეზურობისა და ხმაურის გარეშე გახდა "ბარსას" შეუცვლელი ფორვარდი - I ნახევარში მან 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორს ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში. "მალაგასთან" შეხვედრაში ვილიამ სულაც დუბლი მიითვალა. ვფიქრობთ, მეორე ნახევარში მისგან კიდევ უფრო მეტ გოლს უნდა ველოდოთ, რადგან ის საბოლოოდ გაუშინაურდა "ბარსელონას". "მალაგასთან" მატჩში მან სისხლი გაუშრო სერხიო ასენხოს, ჯერ ფეხებს შორის გაუტანა, შემდეგ კი ფინტით გაცდა მეკარეს და ისე შეაგდო.

 

იკერ მუნიაინი (ბილბაო): შარშან ბილბაოელთა რიგებში საოცარი ბავშვი გამოჩნდა, 16 წლის მუნიაინი სასწაულებს სჩადიოდა მოედანზე. წლეულს იკერმა ცოტა მოუკლო, თუმცა ეს "რასინგთან" მატჩს არ ეხება, რომელშიც სეზონის პირველი გოლი გაიტანა, თანაც ძალიან მაგარი.  ესპანურ ფეხბურთს მომავალიც კარგი მოსდის.

 

სხვები, რომელთა მოხსენიებაც უპრიანია: დავიდ დე ხეა (ატლეტიკო), კარლოს კამენი (ესპანიოლი), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი), გაბი (სარაგოსა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ბორხა ვალერო (ვილიარეალი), ერნან ბერნარდელო (ალმერია), პაბლო პიატი (ალმერია).

 

I ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელები (ტოპ-25), "დონ ბალონის" შეფასებით

ფეხბ გუნდი თამაში ქულა საშუალოდ
1. ლეო მესი ბარსელონა 16 126 7,88
2. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 19 141 7,42
3. ბორხა ვალერო ვილიარეალი 17 125 7,35
4. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 18 131 7,28
5. კრიშტიანო რონალდო რეალი 19 137 7,21
6. სანტი კასორლა ვილიარეალი 18 128 7,11
7. დიეგო ალვეში ალმერია 19 134 7,05
8. ნილმარი ვილიარეალი 16 111 6,94
9. დავიდ ვილია ბარსელონა 18 124 6,89
10. ნელსონ ვალდესი ერკულესი 14 96 6,86
11. დუდუ ავატე მალიორკა 18 123 6,83
12. ჩავი ბარსელონა 16 108 6,75
13. ჩაბი პრიეტო რეალ სოსიედადი 19 127 6,68
14. დანიელ პარეხო ხეტაფე 18 120 6,67
15. კარლეს პუიოლი ბარსელონა 15 100 6,67
16. კარლოს კამენი ესპანიოლი 15 100 6,67
17. პედრო ბარსელონა 19 126 6,63
18. მესუთ იოზილი რეალი 19 126 6,63
19. დიეგო ლოპესი ვილიარეალი 19 126 6,63
20. ბრუნო ვილიარეალი 19 126 6,63
21. კარლოს მარჩენა ვილიარეალი 13 86 6,62
22. ხავი მარტინესი ბილბაო 18 119 6,61
23. დანი ალვეში ბარსელონა 18 119 6,61
24. ხოსე რეიესი ატლეტიკო 17 112 6,59
25. დიეგო კასტრო სპორტინგი 15 98 6,53


მოწინავე ასეულში "ბარსელონას" და "რეალის" 11-11 ფეხბურთელია, 9 "ვილიარეალის" წარმომადგენელი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული