ჯერჯერობით, ესპანურ პრიმერაში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი სწორედ "ვალენსიამ" დახარჯა. მაისის ბოლოდან დღემდე კლუბმა ჯერ ის სამი ფეხბურთელი გაიფორმა, რომელიც ისედაც "ვალენსიის" რიგებში თამაშობდა, მაგრამ იჯარით - როდრიგო მორენო კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა, ანდრე გომეში და ჟოაო კანსელო 15-15. მოკლედ, "ბენფიკას" ბიუჯეტი "ვალენსიის" ხარჯზე ერთბაშად 60 მილიონი ევროთი შეივსო.
4 ივლისს "ვალენსიამ" მე-4 შენაძენის შესახებ გამოაცხადა - 10 მილიონ ევროდ "სელტასგან" 19 წლის ფორვარდი სანტი მინა იყიდა. ვიგოში დაბადებულ-გაზრდილი გალისიელი ესპანური ფეხბურთის მოყვარულებმა მაშინ გაიცნეს, როცა აპრილში "რაიო ვალეკანოს" კარში პოკერი შეასრულა. მინა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, პოკერის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
ორ დღეში "ვალენსიამ" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - ზაკარია ბაკალი პსვ-დან. ბაკალი 19 წლის ბელგიელი გარემარბია, მან ერთი მატჩი უკვე ითამაშა ბელგიის ნაკრებში. ბაკალიმ "ღამურებში" 5-წლიანი კონტრაქტი დაიბევა. აი, სატრანსფერო ფასი კი არ გამოცხადებულა.
მოსულების პირისპირ, ძალიან უმნიშვნელოა წასულთა ხვედრი - ვისინიუსი, ფილიპე აუგუსტო და ვიქტორ რუისი ისედაც არ თამაშობდნენ რაიმე როლს "ვალენსიის" საფეხბურთო მეურნეობაში. მოკლედ, "ვალენსია" უკვე ნაცნობი ტრიოთი და ორი პერსპექტიული ახალგაზრდათი გაძლიერდა. ტოპ-5 ლიგაში "ვალენსია" ისედაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო.
ბუნებრივია, "ღამურები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ - "სუპერ დესპორტეს" ინფორმაციით, ნუნუს ახალი მიზანი ესეკიელ გარაის და ელიაკიმ მანგალას ტრანსფერების განხორციელებაა. გარაის ყიდვა "ზენიტიდან" "ვალენსიას" ჯერ კიდევ შარშან სურდა. ფრანგმა მანგალამ "სიტიში" ვერ გაამართლა, თუმცა ნუნუს მის შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც არ ეპარება.
აქვე გთავაზობთ "მარკას" ინტერვიუს სანტი მინასთან:
- რამდენ ხანს იფიქრეთ "ვალენსიის" წინადადებაზე?
- ვიფიქრე? ჩემი ერთადერთი ფიქრი იყო ასეთი: სასწრაფოდ თვითმფრინავზე და ვალენსიაში გავფრინდე. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მე შემომთავაზეს ახალი და ამბიციური პროექტი. დაფიქრება არ მჭირდებოდა, რადგან "ვალენსია" სულ სხვა დონის გუნდია. ვიცი ისიც, რომ ახლა უფრო გამიჭირდება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.
- იცნობდით "ვალენსიის" თავკაც ნუნუს აქამდე, თუ ელაპარაკეთ მას?
- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... ვიცოდი, რომ რამდენიმე კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ როცა "ვალენსია" ახსენეს, აგენტი გავაჩერე და ამ წინადადებაზე გადართვა ვთხოვე. დილით ვესაუბრე მწვრთნელს, მითხრა, რომ ჩემგან ძალების მობილიზებას და "ვალენსიის" საკეთილდღეოდ შრომას ელის.
- რომელი ფეხბურთელის ფანი იყავით ბავშვობაში?
- საუკეთესოების. ბავშვობაში ზიდანის და რონალდინიოს ფანი ვიყავი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რისი გაკეთებაც მათ მოედანზე შეეძლოთ. ზიდანი და რონალდინიო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, მათ თამაშს უემოციოდ ვერ შეხედავდი.
- ახლა?
- ახლა ყველაზე მეტად მომწონს კრიშტიანო რონალდო. თუმცა "ვალენსიაშიც" დიდებული ფეხბურთელები არიან, რომელთაგანაც ბევრს ვისწავლი.
- "ვალენსიის" ისტორიიდან რომელი ფეხბურთელები გაგიგიათ?
- აიალა - აგრესიული და ძლიერი მცველი და მომწონდა მორიენტესის თამაში, ის ნამდვილი გოლეადორი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"