ყოველთვის ვიტყვი, Hala Madrid! - კასილიასის ცრემლები დამშვიდობებისას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ მადრიდის "რეალში" მორიგი დიდი ეპოქა დასრულდა - 34 წლის იკერ კასილიასი ცრემლებით დაემშვიდობა "სანტიაგო ბერნაბეუს", ხოლო საღამოს მისმა ახალმა კლუბმა "პორტუმ" ოფიციალურად გამოაცხადა ტრანსფერი.

პორტუგალიის გრანდთან იკერ კასილიასმა 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" 11 ივლისს დაადასტურა ჭორები, როცა იკერ კასილიასის "რეალიდან" წასვლა გამოაცხადა. გუშინ იკერმა ბოლო სურვილი აიხდინა მადრიდში, მედიის საშუალებით, კლუბს, მის ფანებს და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

მადრიდის "რეალის" ბოლო ორი ათწლეულის ისტორია იკერ კასილიასის ისტორიაცაა, მან გუნდთან ერთად 18
საკლუბო ტროფეი მოიგო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერის წინ, იკერმა გაცლა ამჯობინა. მით უფრო, რომ ეს თავად კლუბის ინიციატივა უფრო იყო.

"ამ დიდებულ სტადიონზე დღეს იმიტომ მოვედი, რომ დაგემშვიდობოთ. პირველ რიგში კი - "რეალის" ფანებს. გუშინდელი დღიდან მე აღარა ვარ "რეალის" ფეხბურთელი, დღეიდან მე "პორტუს" წევრი ვარ.

მადრიდის "რეალმა" არა მარტო ის მასწავლა, როგორი სპორტსმენი უნდა ვიყო, არამედ ის, როგორი ადამიანი უნდა ვიყო. ცოტ-ცოტა ყველა ჩემი მწვრთნელისგან ვისწავლე, მათ ჩემს კარიერაში ფუნდამენტური როლი შეასრულეს. მადლობა ჩემს მშობლებსა და ოჯახს. მადლობა ფანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ გაჭირვებისა და ლხინის მომენტებში.

არ მინდა ვინმეს დავამახსოვრდე, როგორც კარგი ან ცუდი მეკარე, მინდა აქ ხალხს ვახსოვდე, როგორც კარგი ადამიანი თავისი ნაკლოვანებებით. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვიტყვი - Hala Madrid! დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება, მადლობა ყველას", - ასეთი იყო იკერის სიტყვები "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში. ლეგენდარულმა მეკარემ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

***
ამასობაში, მადრიდის "რეალი" ავსტრალიურ ტურნეში გაემგზავრა... უკასილიასოდ. 16 ივლისიდან 9 აგვისტომდე "სამეფო კლუბი" შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მელბურნში "რეალის" 24 ფეხბურთელი გაფრინდა:

მეკარეები: კეილორ ნავასი, პაჩეკო, რუბენ იანესი
მცველები: რაფაელ ვარანი, პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო, დანიელ კარვახალი, ალვარო არბელოა, დანილო
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, გარეთ ბეილი, ლუკას სილვა, ლუკა მოდრიჩი, დენის ჩერიშევი, ისკო ალარკონი, ასიერ ილიარამენდი, მარკოს ლორენტე, მარტინ ედეგორი, ლასო
ფორვარდები: ქარიმ ბენზემა, ლუკას ვასკესი და ხესე.

როგორც ხედავთ, გუნდთან ერთად არ არის კრიშტიანო რონალდო, არ არის ხამეს როდრიგესიც. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თავად ჩაფრინდება ავსტრალიაში და შეუერთდება გუნდს. ხამესმა კი ახლახან კოპა ამერიკაზე ითამაშა და ჯერ შვებულებაშია. მართალია, გუნდს ავსტრალიაში გაჰყვნენ, მაგრამ ძალზე საეჭვოა სერხიო რამოსის და ასიერ ილიარამენდის "სამეფო კლუბში" დარჩენა.

პირველი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, მეორე - "ლივერპულს". სერხიო რამოსი, ალბათ, მაინც წავა, რადგან სხვანაირად "იუნაიტედი" დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებულ გარიგებაზე არ მიდის. კასილიასის წასვლის შემდეგ კი დე ხეას ტრანსფერი ფლორენტინო პერესისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

სხვათა შორის, იკერის მშობლებმა პირველად თქვეს საჯაროდ, რომ მისი შვილის მთავარი მტერი "რეალში" თავად პრეზიდენტი პერესი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მწყინს რომ წახვედი იმედი მაქვს დაბრუნდები
გიოოოოოო
15:14 16-07-2015
0
ლეგენდა ხარ და სადაც არ უნდა იყო შენ მაინც მადრიდისტა იქნები.... ეპოქა ხარ რეალის... ყველაზე დიდი ტკივილია შენი წასვლა :( საშინლას გვტკივა გული..ჩჰვენც ყოველთვის ვიყვირებთ იკეეეეერ
madridista batumi
15:02 13-07-2015
0

სიახლეები პოპულარული