"სამეფო თასის" მფლობელი "სევილია" დამსახურებულად აგრძელებს სვლას მორიგი ტიტულისკენ, ანდალუსიელებმა ორი მატჩის ჯამში 6:3 მოუგეს "ვილიარეალს" და ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც სამშაბათის მატჩში მოხდა - სერხიო სანჩესის დაბრუნებაა. 24 წლის მცველს 13 თვის წინათ გულის იშვიათი დაავადება დაუდგინეს და ექიმებმა ფეხბურთისთვის თავის დანებება ურჩიეს.
"სევილიას" მცველი, რომელიც "ესპანიოლის" აღზრდილია და მადრიდის "რეალშიც" უთამაშია, თავიდან ასეც მოიქცა. ესპანურ ფეხბურთში გახშირებულმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა სანჩესი შეაშინა და მან სპორტიდან წასვლა გამოაცხადა. მაგრამ დრო გადიოდა, გულის მკურნალობა კარგად მიმდინარეობდა და სანჩესმაც დაბრუნება გადაწყვიტა,
ორივე გუნდმა სანახევროდ გადახალისებული შემადგენლობებით ითამაშა. ასე მოხვდნენ "სევილიას" სასტარტო შემადგენლობაში სანჩესი და დაბო, სტუმართა რიგებში კი ჟოზი ალტიდორი, ორიოლი და მონტერო. პირველი მატჩი საოცარი ანგარიშით, 3:3 დასრულდა, რაც "სევილიას" უკეთეს პირობებში აყენებდა, მე-7 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ასე გახსნეს - მაჰამადუ დაბოს ჩაწოდებული, ნეგრედომ მიიღო, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და რენატოსაც მეტი აღარაფერი დარჩენოდა, ცარიელ კარში უნდა გაეტანა.
პირველი ტაიმის დარჩენილ ნაწილში "ვილიარეალი" კი უტევდა, მაგრამ უხეიროდ. გოლთან ყველაზე ახლოს კანი იყო, რომელმაც წინა ტურში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი, ახლა კი მან ვერ აჯობა ხავი ვარასს. ყველაფერი მეორე ტაიმის 90-ე წამზე გადაწყდა, როცა ფრედერიკ კანუტემ გაიტანა და ახლა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამი გოლის გატანა ესაჭიროებოდა. "ვილიარეალმა" სამი კი არა ერთიც ვერ გაიტანა, სამაგიეროდ კიდევ ერთი გაუშვა ალექსისისგან - 3:0.
სერხიო სანჩესი (სევილია): "მე ყოველთვის მახსოვდა დანი ხარკე და ძალიან ძალიან მწყდება გული, რომ მას ასეთი შანსი არ მიეცა ცხოვრებაში. თამაშის დროს ჩემი ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი, რომლებიც ტრიბუნაზე ისხდნენ და გუნდზე, რომელსაც მოგება ესაჭიროებოდა. ახლა, მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ნორმალური ადამიანის ცხოვრებით შემიძლია ვიცხოვრო. მატჩისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, არანაირი გართულება. როცა ძალიან გიყვარს რაღაც ეს გერთმევა, თავს დაჩაგრულად გრძნობ, მაგრამ მე ბრძოლა ავარჩიე, იმედი იყო მცირე, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და რეალობად იქცა".
გრეგორიო მანსანო (სევილია): "ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიოცნებოთ "კოპას" მოგებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ ძლიერ მეტოქესთან, რაც თვითრწმენას შეჰმატებს გუნდს. ვფიქრობ, შეგვიძლია თასი, რომელიც შარშან "კამპ ნოუზე" მოვიპოვეთ, შევინარჩუნეთ. მინდა დაბრუნება მივულოცო სერხიო სანჩესს. ამ ბიჭმა ბევრი იწვალა საამისოდ, ბევრი იბრძოლა. სხვათა შორის, ძალიან ნორმალურად ითამაშა. მე და მთელი გუნდი ბედნიერები ვართ, რომ სერხიო ფეხბურთს დაუბრუნდა".
სევილია-ვილიარეალი 3:0
სევილია (5-3-2): ვარასი - კასერესი, ალექსისი (57. კონკო), ს. სანჩესი, ფ. ნავარო, დაბო - ზოკორა, რენატო, რომარიკი (75. ხ. ნავასი) - კანუტე (71. პეროტი), ნეგრედო.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - სისინიო, გონსალო, კატალა (51. ბრუნო), ორიოლი - მონტერო, ბ. ვალერო, მუსაჩიო, კანი (73. კაპდევილა) - ალტიდორი (61. მ. რუბენი), როსი.
გოლები: 1:0 რენატო (7), 2:0 კანუტე (47), 3:0 ალექსისი (50)