მადრიდის "ატლეტიკო": როგორი იქნება დიეგო სიმეონეს ახალი გუნდი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" ახალ სეზონს იწყებს. ბოლო წლებში ამ გუნდმა უამრავი ქომაგი გაიჩინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობისა და ფინანსურად ძლიერ გრანდებთან წარმატებული ომების გამო.

არ უნდა დაგვავიწყდეს დიეგო სიმეონეს ფაქტორი - ბევრი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა არგენტინელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ახალ სეზონს მადრიდელთა ბანაკი მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. ჩვენც შევიხედოთ იქ, სადაც უტეხი სული და განსაკუთრებული ამბიცია ყოველთვის ბინადრობს.

დანაკლისი
ახალ სეზონს "ათლეტები" მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან. გუნდის წევრები აღარ არიან არდა თურანი და მარიო მანჯუკიჩი. ორივე ეს ფეხბურთელი მნიშვნელოვნად განაპირობებდა მადრიდული კლუბის სიძლიერეს. მათი გასხვისება
კი სხვადასხვა ფაქტორთან იყო დაკავშირებული.

მანჯუკიჩი "ატლეტიკოში" დიდი იმედებით მივიდა მიუნხენის "ბაიერნიდან", მაგრამ გულშემატკივართა და სამწვრთნელო შტაბის მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. მარიო ძალიან კარგი იყო მთელ რიგ მატჩებში, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. ეს ეხება როგორც ესპანეთის ჩემპიონატს, ისე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.

ტურინის "იუვენტუსმა" ხორვატი შემტევის სანაცვლოდ გვარიანი თანხა გამოჰყო და მასაც ხელი აღარ შეუშალეს.

სიმეონემ ჩათვალა, რომ მანჯუკიჩის შეცვლა უმტკივნეულოდ იქნება შესაძლებელი. მწვრთნელის ამ მოსაზრებას პასუხი ახალმა სეზონმა უნდა გასცეს. "ათლეტებმა" წინა ხაზში ისეთი ტრანსფერები განახორცილეს, რომ ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ამ ტრანსფერების შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.

სამაგიეროდ, გუნდს მნიშვნელოვნად უნდა დააკლდეს თურქი ლიდერი არდა თურანი, რომელიც "ბარსელონაში" გადავიდა. ამ შემთხვევაში "ატლეტიკოს" შეფობას არ უნდოდა თურანთან შელევა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა აღარ მოინდომა დარჩენა.

არდას იოლად შეგვიძლია გავუგოთ - მართლაც, ძალიან ძნელია თავის შეკავება, როცა "ბარსა" გეპატიჟება. გარდა ამისა, თურქ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. ამისაკენ ყველაზე მოკლე ბილიკი კატალონიურ კლუბზე გადის.

არდამ მოსაგები მოიგო "ატლეტიკოსთან" ერთად. მან, პრაქტიკულად, ყველა ტიტულს გაუსინჯა გემო და ახლა შეუძლია, კარიერის მთავარ მიზანს კატალონიიდან შეუტიოს. მის ტრანსფერს გარკვეული სირთულეები და თავისებურებები კი ახლავს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა წერილის თემაა.

ფაქტია - თურანის "ბარსელონაში" გადასვლა მადრიდული კლუბისათვის არ არის კარგი, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს აქვს ბერკეტები, რითაც ის ამ ტრანსფერისაგან გამოწვეულ შედეგებს უნდა ებრძოლოს.

რა უნდა ქნას სიმეონემ?
არგენტინელი სპეციალისტის წინაშე დგას ერთი კონკრეტული დილემა - როგორ უნდა ჩაანაცვლოს მან ისე არდა, რომ ეს გუნდის თამაშს და შედეგებს არ დაეტყოს? სიმეონემ იცის, ეს როგორ უნდა გააკეთოს.

საქმე ისაა, რომ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში დარჩა შუა ხაზის არაერთი ძლიერი ფეხბურთელი. არსად წასულან გუნდის ლიდერები - კოკე, გაბი, სუარესი... ამას ემატება ისიც, რომ მადრიდელებმა "პორტუდან" დაიბრუნეს ძალიან ნიჭიერი ცენტრალური ნახევარმცველი, ოლივერ ტორესი.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ ფეხბურთელს აქვს იმის პოტენციალი, რომ დამკვიდრდეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ტორესის რბილი, დახვეწილი სათამაშო მანერა და პასის ნატიფი კულტურა "ატლეტიკოს" თამაშს სულ სხვა შტრიხებს შესძენს.

სწორედ კოლექტიური პრინციპით უნდა შეიცვალოს არდა, ეს კი სიმეონეს არ ესწავლება. მისი ფეხბურთი - კოლექტიური ფეხბურთია, ის გუნდურობას ყოველთვის წინა პლანზე აყენებს.

საყურადღებოა ასევე ბრაზილიელ ცენტრალური მცველ მირანდას ტრანსფერი "ინტერში", თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სხვა რამესთან გვაქვს - სამხრეთამერიკელი ბოლო სეზონის განმავლობაში ტრავმებმა გააწამა და მისი თამაში იდეალურისაგან შორს იყო.

ახალწვეულები
ჯექსონ მარტინესს გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. კოლუმბიელი წლების განმავლობაში იყო "პორტუს" ლიდერი, ახლა კი უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ადგილი არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის გრანდში, არამედ ევროპის სუპერკლუბშია.

მარტინესის მოტივაცია უდიდესია. მას არც სათამაშო კლასი აკლია. თუ კოლუმბიელი ტრავმებმა არ გააწამა, ის გუნდის მთავარ მეგოლედ და თავდასხმის ლიდერად უნდა იქცეს. თანაც, ამ ზეტექნიკური ფეხბურთელისათვის ესპანეთის ჩემპიონატი ზედგამოჭრილი უნდა იყოს.

ძირითადში მოხვედრაზე უსათუოდ განაცხადებს პრეტენზიას ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტო. ამ სამხრეთამერიკელმა ჭაბუკმა დაამტკიცა "ვილიარეალში", რომ პრიმერას ერთ-ერთი მაგალითია.

სიმეონეს უყვარს და ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ამის ნათელი მაგალითია ანტუან გრიზმანის პროგრესი "ატლეტიკოში". ბასკურ "რეალ სოსიედადში" ის, უბრალოდ, კარგი ფეხბურთელი იყო, მადრიდულ გუნდში კი უმაღლესი კლასის ოსტატად იქცა.

რა სჭირდება გუნდს?
მადრიდელებმა აუცილებლად უნდა იყიდონ ერთი ცენტრალური მცველი. მართალია, ბრაზილიელ მირანდასათვის ბოლო სეზონი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ის ურუგვაელი დიეგო გოდინის მეწყვილე გახლდათ.

ბრაზილიელის ტრავმის შემთხვევაში, სიმეონე როგორღაც ახერხებდა დაცვაში არსებული ნაპრალების ამოვსებას, მაგრამ ახალ სეზონში ასეთი ტაქტიკა აღარ გამოდგება. გუნდი, რომელიც დიდი მიზნებისთვის იბრძვის, თავიდანვე კარგად უნდა იყოს დაკომპლექტებული ყველა პოზიციაზე.

მიზანი
სიმეონეს მთავარი სამწვრთნელო პლუსი ისაა, რომ ის არასოდეს სახავს კონკრეტულ მიზანს, თუმცა თითქმის ყოველთვის მაქსიმუმს აღწევს. "გავიდეთ და მოვიგოთ ეს მატჩი. მერე მოვა შემდეგი თამაშის დრო და ისიც მოვიგოთ." - ასეთია მისი დევიზი.

რა თქმა უნდა, მადრიდულ კლუბს არავინ სთხოვს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მაგრამ არ გაგვიკვირდეს, სეზონის ბოლოს რომელიმე ეს ტიტული სიმეონეს შეგირდების ხელში რომ აღმოჩნდეს.

ფაქტია: მომავალ სეზონში "ატლეტიკო" კვლავ იქნება "ჩრდილოვანი ფავორიტი" ყველა იმ შეჯიბრებისა, რომელშიც მონაწილეობს. დანარჩენს უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მსვლელობა გვიჩვენებს.

მწვრთნელი
დიეგო სიმეონეს ფაქტორი ბოლოსთვის შემოვინახეთ. სანამ ის გუნდშია, უბრალოდ, გამორიცხულია, "ატლეტიკო" ამბიციური კლუბი არ იყოს. მას არ უყვარს წაგება და ფეხბურთელებსაც ასწავლა, რომ წაგება ტრაგედიის ტოლფასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჯუკიჩი "ატლეტიკოში" დიდი იმედებით მივიდა ტურინის "იუვენტუსიდან" bayernidan mivida atletikoshida iuventusshi wavida ))))
lione!
13:13 20-07-2015
0

სიახლეები პოპულარული