უეფას სუპერთასი 2015: ითამაშებს თუ არა მესი თბილისში

AutoSharing Option
კოპა ამერიკის ფინალის წაგების შემდეგ ლეო მესი ოჯახს შეეხიზნა, რათა დაცლილი "ელემენტები" თავიდან დაეტენა. ამიტომაც ის არ წაჰყოლია "ბარსელონას" ამერიკულ ტურნეზე. თითქმის ერთთვიანი უქმობის შემდეგ ლეო "ბარსას" ბაზას ჯერ კიდევ მაშინ დაუბრუნდა, როცა გუნდი ამერიკაში იმყოფებოდა.

ლუის ენრიკემ კოპა ამერიკაზე მოთამაშე ხუთეულს დამატებითი შვებულება მისცა. ასე რომ, მესი, ხავიერ მასკერანო, რაულ ბრავო, დანი ალვეში და ნეიმარი ამერიკულ ტურნეში არ წასულან.

შესაბამისად, ამ ხუთეულის თამაში თბილისში საეჭვოა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ფორმაში შესვლას დრო ესაჭიროება.

11 აგვისტოს "ბარსელონას" შეუძლია, ერთ წელიწადში
მეექვსე ტიტული მოიპოვოს და ამით საკუთარი რეკორდი გაიმეოროს. მესიმ იცის, რომ "ოქროს ბურთი", პრაქტიკულად, მისია, რჩება ერთი ბოლო ტრიუმფიც.

ამიტომაც არგენტინელს მიზნად ევროპის სუპერთასის აღება დაუსახავს, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გათამაშდება, მეტოქე კი ევროპალიგის გამარჯვებული "სევილიაა". მაგრამ ლეოს ფორმაში შესასვლელად დრო ცოტა აქვს, ამიტომაც მან შვებულება დროზე ადრე შეწყვიტა და ფორსირებულად ემზადება თბილისის მატჩისთვის.

ალბათ, ლეო ერთ თავის რეკორდს ვეღარ მოხსნის - 2012 წელს მან სულ 90 გოლი გაიტანა, წლეულს კი მის ანგარიშზე "მხოლოდ" 35 გოლია. ახლა მესი თანაგუნდელებს უნდა დაეწიოს ლუის ენრიკეს ორჯერად ვარჯიშებზე და მას ექნება ყველა შანსი, თბილისში ითამაშოს და მეტიც, მთავარი როლი შეასრულოს "ბარსელონას" წარმატებაში.

მაშინ, როცა "ბარსა" ფლორენციაში გაემგზავრა, მესი ჟოან გამპერის საწვრთნელ კომპლექსს ეწვია ჟერემი მატიოსთან, ხავიერ მასკერანოსთან, დანი ალვეშთან, ალეიშ ვიდალთან და ნეიმართან ერთად. სამი ტრავმირებული (დუგლასი, არდა თურანი და ადრიანო) კი ინდივიდუალურ ვარჯიშებს აკეთებდა.

* * *
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკული ტურნე "ბარსელონას" ფეხბურთელთა შორის ყველაზე წარმატებული სერხი რობერტოსა და თომას ვერმალენისთვის იქნებოდა. "ბარსას" აკადემიის აღზრდილმა სერხიმ ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე 4 შეხვედრაში.

ბელგიელი ცენტრალური მცველი კი, როგორც იქნა, დადგა ფეხზე. სერხი რობერტო ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორი გადატვირთულია "ბარსელონაში" ეს პოზიცია.

"გელექსისთან" კატალონიელმა "თავის" პოზიციაზე ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა სხვა თამაშებში, როცა მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაჩენილ ხვრელს ავსებდა, ასევე კარგად გამოიყურებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მასკერანო ახლაღა შეუერთდა გუნდს, არ გაგიკვირდეთ, თუ "ბარსას" დაცვის ოთხეული ასეთი იქნება (მარჯვნიდან მარცხნივ): სერხი რობერტო, ჟერარდ პიკე, თომას ვერმალენი, ჟორდი ალბა.

მესის და ნეიმარის არყოფნაში, პედრო როდრიგესი ბევრს ცდილობს, მაგრამ შეტევის მთელი ტვირთი მაინც ლუის სუარესზე მოდის. "ბარსას" 6-დან 3 გოლი ამერიკულ ტურნეში სწორედ ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზეა. სხვა გოლები სერხი რობერტოს, რაფინიას და სანდროს ანგარიშზეა.

რაც შეეხება პედროს, ამბობენ, რომ "რომასთან" დღევანდელი ამხანაგური შეხვედრა გამპერის ტროფეიზე მისთვის ბოლო იქნება "ბარსას" შემადგენლობაში, თუმცა ლუის ენრიკე ახლაც აცხადებს, რომ არ სურს მისი გაშვება "ნისლიან ალბიონზე".

* * *
ჩავი ერნანდესის ყატარში წასვლის მერე "ბარსელონა" ოთხი კაპიტნიდან ერთის გარეშე დარჩა. ამიტომაც გუშინ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევნები მოაწყვეს, რომელშიც არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ გაიმარჯვა. "ბარსას" სულ 4 კაპიტანი ეყოლება - პირველი კაპიტანი ანდრეს ინიესტაა, ლეო მესი მეორე კაპიტანია, ხოლო სერხიო ბუსკეტსი - მესამე.

* * *
ჟოან გამპერის ტროფეის მატჩი დღეს "კამპ ნოუზე" გაიმართება, "ბარსა" "რომას" მასპინძლობს. ეს კატალონიური გრანდის უკანასკნელი რეპეტიციაა თბილისამდე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Xvedelidze .ra shuashia da Messi oqros burti minda aigo me 5 teeeee
kaxa
17:55 05-08-2015
0
"11 აგვისტოს "ბარსელონას" შეუძლია, ერთ წელიწადში მეექვსე ტიტული მოიპოვოს და ამით საკუთარი რეკორდი გაიმეოროს" – არ შეესაბამება სიმართლეს. გადაამოწმეთ ფაქტები პატივცემულო ჟურნალისტებო ...
ივანე
09:59 05-08-2015
0

სიახლეები პოპულარული