კაკასა და ზეედორფის ნაზავი - ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელშიც "რეალმა" 28 მლნ გადაიხადა

AutoSharing Option
ფოტოზე: მატეო კოვაჩიჩი "რეალის" ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს
19 აგვისტოს, მადრიდის "რეალმა" ხორვატი ახალწვეულის - მატეო კოვაჩიჩის პრეზენტაცია მოაწყო. "სამეფო კლუბმა" "ინტერს" ამ ფეხბურთელში 28 მილიონი ევრო გადაუხადა და, შესაძლოა, კიდევ 7.5 მილიონის გაღება მოუწიოს.

მოგიყვებით, რატომ ღირს ეს 21 წლის ბიჭი ასეთი ძვირი...

1. როცა კოვაჩიჩი 13 წლის იყო, მისი პიროვნებით დაინტერესდნენ "შტუტგარტის", "იუვენტუსის", "აიაქსისა" და "ბაიერნის" სკაუტები, მაგრამ ნახევარმცველის ოჯახი ზაგრებში გადავიდა, სადაც მატეომ "დინამოს" სკოლა აირჩია.

2. 2010 წელს, "არსენალის" მთავარი სკაუტი სტივ რაული ზაგრებში ჩავიდა "დინამოს"
ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. ჭორების თანახმად, "მეთოფეები" 20 მილიონ ევროს იხდიდნენ მატეოსა და მცველ ვრშალკოში, მაგრამ უარი მიიღეს. ორნახევარი წლის შემდეგ კოვაჩიჩი "ინტერში" გადავიდა 11 მილიონ ევროდ.

3.
2010 წლის 20 ნოემბერს, კოვაჩიჩს დებიუტი ჰქონდა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში "დრაგოვოლიაცის" წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა (მატჩი 6:0 დასრულდა). 16 წლისა და 198 დღის ასაკში, ის ხორვატიის ლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. იმავე სეზონში, "ლუჩკოს" წინააღმდეგ მატჩში, ლეანდრო კუფრესგან მიიღო კაპიტნის სამკლავური და ზაგრების "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნად იქცა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, "ინტერში" კოვაჩიჩს "პროფესორს" უწოდებდნენ
4. 2011 წლის 7 დეკემბერს, კოვაჩიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლი გაუტანა "ლიონს". იმ გოლის ავტორი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ტურნირის ისტორიაში - 17 წლის და 215 დღის. იმ გოლმა "დინამოს" ვერ უშველა - ხორვატები 1:7 განადგურდნენ. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გოლი გატანილი აქვს პიტერ ოფორი-კუაიეს - 1997 წლის პირველ ოქტომბერს, მან 17 წლისა და 195 დღის ასაკში გამოიჩინა თავი "რუსენბორგისა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩში (5:1). ეს გოლიც ერთადერთი იყო ბერძნების მხრიდან.

5. 2011 წლის დეკემბერში, როცა კოვაჩიჩი "დინამოში" თამაშობდა, ივიცა ოლიჩმა და ლუკა მოდრიჩმა მატეოს ეროვნული პრიზი გადასცეს - "წლის იმედი". ნახევარმცველმა არ დააღალატა - ერთი წლის შემდეგ "ინტერში" გადავიდა.

6. კოვაჩიჩის კერპები არიან - პირლო და მოდრიჩი. "მომწონს პირლოს თამაში. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ძალიან მომწონს მოდრიჩი - ჩემი კიდევ ერთი კერპი, - განაცხადა კოვაჩიჩმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. - მიყვარს მოედნის ცენტრში თამაში, მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა. აქ შესაძლებელია უფრო ხშირად ფლობდე ბურთს. ვფიქრობ, ჩემი მომავალი სწორედ ამ ამპლუაშია".

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც კარიერა დაასრულეს, კოვაჩიჩისთვის კერპი ზვონიმირ ბობანია. თავად ბობანმა მატეოს უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა, ვიდრე თავად იყო.

7. კოვაჩიჩი მიიჩნევს, რომ კარიერაში საუკეთესო გოლი გასულ სეზონში, სერია A-ს მე-16 ტურში "ლაციოს" კარში გაიტანა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ კარიდან 22 მეტრში მდგარ ხორვატს ფეხზე მოაჯდა ბურთი და ზუსტად გაისროლა მაღალ კუთხეში.

Sportall.Ge
ფოტოზე: პრეზენტაციას 21 წლის ხორვატის შეყვარებულიც ესწრებოდა

8. მატეო კოვაჩიჩი 2014 წელს ნომინირებული იყო Golden Boy-ს პრემიაზე (იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს). მის გარდა, ნომინანტები იყვნენ: ფორვარდი არკადიუშ მილიკი ("აიაქსი"), ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ("ლივერპული") და ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი ("ბარსელონა"). პრიზი სტერლინგმა მოიგო.

9. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, "ინტერში" კოვაჩიჩს "პროფესორს" უწოდებდნენ. პირველმა ამგვარი მეტსახელი ნიკო კრანჩარმა მოუგონა - სერბეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ. საინტერესო შედარება ჰქონდა ჯოვანი ტრაპატონის - მატეოს კაკასა და კლარენს ზეედორფის ნაზავი უწოდა.

10. 2013 წლის მაისში, "ინტერმა" აუკრძალა კოვაჩიჩს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაში. მილანელთა დირექტორმა მარკო ბრანკამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კოვაჩიჩს გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრება უნდა გაევლო, რათა სწრაფად მორგებოდა იტალიურ ფეხბურთს. არადა, მატეო უკვე ოთხი თვე "ინტერის" წევრი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, ......შეყვარებული
შაკო
14:29 20-08-2015
0

სიახლეები პოპულარული