რაფას კოსმოპოლიტური "რეალი" - ასეთი რამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა

AutoSharing Option
რაფა ბენიტესმა კრიტიკოსები გააჩუმა... ცოტა ხნით მაინც, რადგან მისმა "რეალმა" პირველივე საშინაო მატჩში დიდი ანგარიშით დაამარცხა არცთუ სუსტი "ბეტისი".

სევილიელთა კარში მართლაც ერთმანეთზე უკეთესი და სხვადასხვა გემოვნების გოლები გავიდა. განსაკუთრებით, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და უელსელი გარეთ ბეილი გამოირჩნენ. თითოეულმა მათგანმა დუბლს საგოლე პასი დაუმატა, ერთი გოლიც ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

კარი "მშრალად" შეინახა კეილორ ნავასმა, რომელმაც რუბენ კასტროს პენალტი არ გაატანინა.


მეორე ტურის მატჩამდე "სამეფო კლუბმა" ზედმეტები დაფერთხა. ასეთი კი სამი აღმოჩნდა: ასიერ ილიარამენდი
უკან, "რეალ სოსიედადში" გაბრუნდა, პორტუგალიელი მცველი ფაბიო კოენტრაო სეზონის ბოლომდე იჯარით "მონაკოში" გაუშვა, ახალგაზრდა ბრაზილიელი ლუკას სილვა კი ასევე იჯარით "მარსელში" ითამაშებს.

"რეალს" საკუთრებაში 9 ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ამ სეზონში იჯარით სხვაგან ითამაშებენ. ზემოთ ნახსენები დუეტის გარდა, მარიო ერმოსო (ვალიადოლიდი), დიეგო ლორენტე (რაიო ვალეკანო), ხესუს ვალეხო (სარაგოსა), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), ალვარო მედრანი (ხეტაფე), ომარ მასკარელი (სპორტინგი) და ბურგუი (ესპანიოლი).

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე "რეალს" მეტოქეებად "პარი სენ-ჟერმენი", დონეცკის "შახტარი" და "მალმიო" შეხვდნენ.

"დაახლოებით ისეთი ჯგუფი შეგვხვდა, როგორც შარშან. მეტოქეები ძლიერები არიან, ჩვენი ამოცანა კი ჯგუფიდან გასვლაა, რადგან ჩემპიონთა თასის მოგება გვსურს", - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც წილისყრას მონაკოში ესწრებოდა.

"სამეფო კლუბი" ლიგაზე ასპარეზობას 15 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" იწყებს "შახტართან" მატჩით.

8 უცხოელი და არც ერთი "რეალის" აღზრდილი
რაფა ბენიტესმა "ბეტისთან" ისეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომ მოედანზე ერთბაშად 9 ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობდა. ასეთი რამ კი "რეალის" ისტორიაში პირველად მოხდა. ამასთან, ყველაზე ახლოს ფაბიო კაპელოს "რეალი" იყო, იტალიელმა მაესტრომ 1996/97 წლების სეზონის ერთ-ერთ მატჩში სასტარტოში 8 ქვეყნის წარმომადგენლები დააყენა.

მოკლედ, "რეალი" კოსმოპოლიტური გუნდი გახდა, სასტარტოში მხოლოდ ერთი ესპანელი (სერხიო რამოსი) იყო და ისიც არ არის "რეალის" აღზრდილი.

"ბეტისთან" მოგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ "რეალმა" ერთ რეკორდს კიდევ შემატა სიმყარე - ათი წელიწადია, "რეალი" ჩემპიონატის პირველ საშინაო შეხვედრაში არ მარცხდება. შეიძლება ეს ბევრი არ არის, მაგრამ ასეთი მიღწევით პრიმერას სხვა ვერც ერთი კლუბი ვერ დაიკვეხნის.

"თეთრებს" ლა ლიგის პირველ საშინაო მატჩში 2005/06 წლების სეზონის მერე არ წაუგიათ, მაშინ "სამეფო კლუბს" ვიგოს "სელტამ" მოუგო. ამის შემდეგ ათიდან რვა შეხვედრაში "რეალმა" იმარჯვა, ორჯერ კი ფრედ ითამაშა ("ვილიარეალთან" და "ვალენსიასთან").

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ისკოსთვის, რომელმაც ლა ლიგაში "რეალის" მაისურით 50-ე თამაში მოიგო. ფეხბურთელმა ამ ციფრს "რეალში" მესამე სეზონის დასაწყისშივე მიაღწია. ამისთვის ისკოს 68 მატჩი ეყო, ამ შეხვედრებში მან 12 გოლი გაიტანა.

რაფა ბენიტესი:
"პოზიტივებმა ბევრად აჯობეს ნეგატივებს, პირველ ხუთ წუთში გამოჩნდა ჩვენი შემართება, ტემპი, აგრესია, შეტევითი ამბიცია... ნეგატივებში ორი ლაფსუსია, რომლებსაც ჩვენს კართან მეტოქის შანსი და პენალტი მოჰყვა.

როცა გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ამ შემთხვევაში, ბევრი ლაპარაკი არც მიყვარს. ახლა მსურს, "რეალმა" უფრო მეტად დააბალანსოს თამაში, როცა თავს იცავს და მეტი თავისუფლება გვქონდეს შეტევაში.

იყო მომენტები, როცა ბურთს 80%-ით ჩვენ ვაკონტროლებდით. მოდრიჩის ტრავმა უფრო მტკივნეული გამოდგა, ვიდრე საშიში. "ბეტისთან" ლამაზი გოლები გავიტანეთ, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის, მთავარია, გოლები იყოს და არ მაწუხებს, როგორ გავა ისინი.

ხამესი ძალიან გვიან შემოგვიერთდა კოპა ამერიკის გამო და არ შეიძლება ამან გავლენა არ იქონიოს მის თამაშზე, მაგრამ ის უკვე პოულობს საჭირო სათამაშო რიტმს, მისი კლასი ხომ არასოდეს ყოფილა საჭოჭმანო. ჯერ სეზონი ახლა დაიწყო და ყველაფერი წინ არის".

კაზემირო დარჩა
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "რეალმა" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო დაიტოვა - მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ვადა 2021 წელს გაუვა.

მოკლედ, რაფამ თავისი არჩევანი გააკეთა - აქცენტი ილიარამენდისა და ლუკას სილვას ნაცვლად, კაზემიროზე გააკეთა, რომელსაც მოდრიჩისა და კროოსის შემცვლელად მოიაზრებს.

სანაკრებო პაუზა დაიწყო და "რეალი" ფეხბურთელებისგან დაცარიელდა. ჯამში, 16 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან სანაკრებო მატჩებისთვის. ამიტომაც ვარჯიშისას დანაკლისი რაფამ "რეალ კასტილიას" ფეხბურთელებით შეავსო: დროებით ძირითად გუნდში ალეიქს ფებასი, აბნერი და განფორნინა გადაიყვანა, ნანი კი 19-წლამდელთა გუნდიდან აიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
2 თვეში გაუშვებენ რაფას :)
sdfd
14:23 01-09-2015
0
რაფა თავისი სტილით იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერებს შორის
0

სიახლეები პოპულარული