ლა ლიგა. VI ტური: "ბარსამ" მესი დიდი ხნით დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
26 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის VI ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" "ლას პალმასს" უმასპინძლა, უკვე მეხუთე წუთზე "ლას პალმასის" კართან შეტევა "ბარსელონას" ფანებისთვის სამწუხაროდ დამთავრდა - მცველ პედრო ბიგასთან სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო ლიონელ მესიმ.

არგენტინელმა სცადა თამაშის გაგრძელება, მაგრამ მე-10 წუთზე შეცვლა ითხოვა.

ლეოს მუხლის მყესების დაზიანება (და არა გაწყვეტა) დაუდგინდა და პირველი ცნობებით, 7-8 კვირის გამოტოვება მოუწევს.

"ბარსელონამ" კი მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა კანარის კუნძულების გუნდი - სერხი რობერტოს ჩაწოდება და მუნირ ელ ჰადადის პასი ლუის სუარესმა დუბლად აქცია,
ხოლო სტუმართა რიგებში პიკეს მცირე რიკოშეტის დახმარებით, თავი ხონათან ვიერამ გამოიჩინა - 2:1.

ნეიმარს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი გოლად ვერ აქცია - ბურთი კარს გადააცილა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სამწუხაროა, როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მით უფრო, თუ ის მესია. ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს მესის ყოფნას მოედანზე "ბარსელონასთვის". მესის გარეშეც "ბარსამ" არ უნდა უღალატოს თავის სტილს. ახლა უფრო უნდა გავაძლიეროთ გუნდური თამაში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდის "რეალმა" ვერაფერი მოუხერხა "მალაგას", რომელმაც თამაში 10 კაცით ჩაამთავრა - 0:0 და ლიდერობა დაკარგა. "რეალმა" კარლოს კამენის კარისკენ 31-ჯერ დაარტყა, მაგრამ ამაოდ.

რაფა ბენიტესი (რეალი): "როცა მეტოქე მთელი შემადგენლობით თავს იცავს, ძნელია, თავისუფალი სივრცეების პოვნა. შეცდომებს ვუშვებდით, რასაც ჩვენ კართან ხიფათი მოჰქონდა. მაგრამ ბევრი მომენტი შევქმენით და ეს პოზიტივია. სავარაუდო გოლის ეპიზოდი ჩემი ადგილიდან კარგად არ ჩანდა. ვფიქრობ, გოლის გამოვლენის ტექნოლოგია არც პრიმერას აწყენდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რეალის" წაფორხილებით ისარგებლა "ვილიარეალმა" და მეორე მადრიდული კლუბის, "ატლეტიკოს" დამარცხებით (1:0) პირველ ადგილზე ამოყვინთა.

"ელ მადრიგალზე" გამარჯვების გოლი მადრიდელთა კარში ლეო ბაპტიშტაომ გაიტანა რობერტო სოლდადოს პასით. ბრაზილიელი "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელია, ამიტომაც, მის მაგივრად სხვა ვალენსიელებმა იზეიმეს ლეოს გოლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნაი ემერის "სევილიამ" ნავსი გატეხა და იევჰენ კონოპლიანკას პირველი ესპანური გოლით, ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძნელად მოვიდა, ანდალუსიელებმა ტაიმი 2:0 კი მოიგეს "ელვების" წინააღმდეგ, მაგრამ მეორე ტაიმში მთელი უპირატესობა გაანიავეს და სანამ "რაიო" 10 კაცის გარეშე არ დარჩა, ვერ გაიტანეს - 3:2.

ბასკეთში "სელტას" ცენტრფორვარდი იაგო ასპასი რატომღაც, სათადარიგო სკამზე დარჩა.

"ბარსასთან" მატჩის გმირი მხოლოდ მეორე ტაიმში შემოვიდა და ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი - ხონის ჩაწოდების შემდეგ "სელტას" ქულა გადაურჩინა - 1:1. ვიგოელები თავიდან ბორხა ბასტონის გოლის გამო აგებდნენ "ეიბართან".

ბარსელონა-ლას პალმასი 2:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (24), 2:0 ლ. სუარესი (52), 2:1 ვიერა (87)
შენიშვნა: ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი (66)

რეალი-მალაგა 0:0

სევილია-ვალეკანო 3:2
გოლები: 1:0 გამეირო (23), 2:0 ნ'ზონზი (45), 2:1 ბებე (51), 2:2 გერა (68), 3:2 კონოპლიანკა (86)

ვილიარეალი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 ლ. ბაპტიშტაო (14)

ეიბარი-სელტა 1:1
გოლები: 1:0 ბასტონი (2), 1:1 ასპასი (76)

1. ვილიარეალი - 16 ქულა; 2. ბარსელონა - 15; 3. რეალი - 14; 4. სელტა - 14; 5. ატლეტიკო - 12.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პენალტი სუარესმა მოიპოვა და იმ ქინძმა ააცილა ეცლია იქნებ ჰეთრიკი შეესრულებინა
saterobeli
13:38 27-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული