ესპანეთი ინგლისს რამოსის და ხუანფრანის გარეშე ელის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია და ზაფხულში საფრანგეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

შესაბამისად, ევროპის ჩემპიონს არც პლეი ოფი აქვს სათამაშო და არც ხელმოცარული ნაკრებებივით მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის ალაგებს შორსმიმავალ გეგმებს.

საფრანგეთი 2016-ისთვის მზადებას "ფურია როხა" ორი ბრწყინვალე დაპირისპირებით იწყებს: 13 ნოემბერს ალიკანტეში ინგლისის ნაკრები ჩადის სათამაშოდ, ხოლო 17 ნოემბერს ვისენტე დელ ბოსკეს კრებული ბრიუსელში ჩადის ბელგიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გასამართავად.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის სწორედ მარკ ვილმოტსის ნაკრებია ფიფას რეიტინგის ლიდერი.

მარკიზმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა, 24 რჩეული ფეხბურთელი, ჯერ კიდევ 6
ნოემბერს გამოაცხადა, მაგრამ მას ამ ტურის შემდეგ ორი ცვლილების განხორციელება მოუწია.

მან ეროვნულ გუნდში მადრიდის "რეალის" მცველი ნაჩო ფერნანდესი და "ბილბაოს" უნივერსალი ოსკარ დე მარკოსი მიიწვია. მიზეზი კი ტრავმებია - ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სერხიო რამოსმა ყოფილ გუნდ "სევილიას" ულამაზესი მაკრატელათი გაუტანა გოლი, მაგრამ ძირს დაშვებისას მხარი დაიზიანა და ნაკრებს მიღმა დარჩა.

სერხიომ სექტემბერში "შახტართან" ლიგის მატჩის დროს მიღებული ტრავმა გაიმიზეზა. დაშავდა მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი ხუანფრანიც, რომელმაც ტრავმა ხიხონის "სპორტინგთან" თამაშში მიიღო და 3-კვირიანი იძულებითი დასვენებაც გამოიწერა.

ნაჩოს ადრეც უთამაშია ნაკრებში, ხოლო 26 წლის დე მარკოსისთვის ეს სადებიუტო მიწვევაა. დე მარკოსი ნახევარმცველია, მაგრამ "ბილბაოში" ხშირად ასრულებს მარჯვენა მცველის ფუნქციებს.

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრები): "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ორი ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ძალიან მომზადებულები უნდა შევხვდეთ ამ თამაშებს, რადგან ინგლისი და ბელგია ძლიერი გუნდები არიან.

ინგლისის ნაკრები დიდებულ ფორმაშია და ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალუძს. ინგლისის ნაკრებს ექსტრაორდინარული პოტენციალი აქვს და სწორი გამოყენების შემთხვევაში გუნდს უმაღლესი მიზნის მიღწევა შეუძლია. რაც შეეხება ბელგიას, ჯერ კიდევ მუნდიალისთვის მზადებისას აღვნიშნე მათთან ამხანაგური მატჩის წინ, რომ ძლიერი გუნდია და ახლა ეს გუნდი ფიფას რეიტინგში პირველია.

ეს კარგად მეტყველებს, რომ ვილმოტსი სწორად მუშაობს. ბევრს ნაკრებში დიეგო კოშტას გამოძახება უკვირს, მაგრამ რატომ? კოშტა რეგულარულად თამაშობს. საბედნიეროდ, ნეკნების ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული, ამიტომაც კოშტა დღეს ესპანეთის ნაკრებშია".

ინგლისის და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1929 წელს შეხვდნენ, მადრიდში ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 4:3 მოიგო. ბოლოს ეს გუნდები ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს ამხანაგურ თამაშში, მაშინ ლამპარდის გოლით ინგლისელებმა 1:0 მოიგეს.

ესპანეთის ნაკრებმა ბოლოს ინგლისს 2009 წელს უმასპინძლა "სანჩეს პისხუანზე", სადაც დელ ბოსკეს გუნდმა 2:0 მოიგო. გუნდებს 1996 წლის ევროპის პირველობის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშიათ ერთმანეთთან, მაშინ ლონდონში 0:0 დაფიქსირდა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), სერხიო რიკო (სევილია).
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), მარიო გასპარი (ვილიარეალი), ჟერარდ პიკე, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა (სამივე ბარსელონა), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო).
ნახევარმცველები: სანტი კასორლა (არსენალი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე ბარსელონა), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ისკო ალარკონი (რეალი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), კოკე (ატლეტიკო), ხუან მატა (მანჩესტერი).
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, დიეგო კოშტა (ორივე ჩელსი), ალვარო მორატა (იუვენტუსი), დურან ნოლიტო (სელტა), პაკო ალკასერი (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული