შავკანიანი ბასკი ისტორიის დასაწერად ემზადება

AutoSharing Option
თუ თქვენ რეგულარულად არ უყურებთ ესპანურ პრიმერას, მაშინ "ბილბაოს" შემტევის, ინიაკი ვილიამსის თაობაზე ბოლოს, ერთი წლის წინათ გაიგებდით. იმ დროს განელი მამისა და ლიბერიელი დედის შვილი, ვინც ბილბაოში დაიბადა და ბასკად ითვლება, გახდა მეორე შავკანიანი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.

როგორც აღმოჩნდა, ინიაკი შესანიშნავი თავდამსხმელია და მხოლოდ კანის ფერით როდი გამოირჩევა. ჯერ კიდევ გასულ სეზონში გამოავლინა მან თავისი მაღალი საფეხბურთო ინტელექტი, მიმდინარეში კი მის გარეშე "ბილბაოს" წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.

ინიაკი ვილიამსმა ამ სეზონში პრიმერასა და ევროპალიგაზე გამართულ 9 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
ვინ იტყვის, რომ ეს ცუდი შედეგია?! რაც მთავარია, ვილიამსი მართლაც რომ, ასფურცელასავით იზრდება.

უკვე საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ ზაფხულში ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მიზანი სწორედ ვილიამსის გადაბირება იქნება. როგორც ირკვევა, ტურინელები გამუდმებით აკვირდებიან ფეხბურთელის თამაშს და ამ მიზნით რამდენიმეჯერ სპეციალური წარმომადგენელიც კი მიავლინეს ბასკეთში.

ყველაფერი კი 2012 წელს დაიწყო, როცა ფეხბურთელი "ბილბაოს" დაქვემდებარებულ გუნდში, "ბასკონიაში" გამოჩნდა. რა თქმა უნდა, "ატლეტიკის" წარმომადგენლებმა ეგრევე მიაქციეს ყურადღება მათთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელს, რომელსაც სხვათაგან არანორმალური სისწრაფე და ტექნიკა გამოარჩევდა.

მერე იყო უშუალოდ "ატლეტიკის" ფარმკლუბში გატარებული დრო. "ბილბაო ატლეტიკში" ვილიამსი უმოკლეს დროში გახდა ლიდერი და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ინიაკი მალე მთავარი "ბილბაოს" კარს შეაღებდა. საბოლოო ჯამში ასეც მოხდა.

2004 წლის 6 დეკემბერი ვილიამსს არასოდეს დაავიწყდება. სწორედ ამ დღეს შედგა მისი დებიუტი "ბილბაოს" მთავარ გუნდში. ამას ხელი შეუწყო გუნდის უპირველესი ბომბარდირის, არიც ადურისის ტრავმამ.

ეგაა, ბასკებმა ვერ გაახარეს საკუთარი გულშემატკივარი და ყველასათვის მოულოდნელად, შინ 0:1 დამარცხდნენ "კორდობასთან". ამის მიუხედავად, ვილიამსისათვის ის დღე დაუვიწყარია. მან ასე მოიგონა ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტის საღამო:

"მთელი ორი დღე არ მეძინა, ამას გულწრფელად ვამბობ. ისე, ვნერვიულობდი, რომ ძალიან ხშირად ჭამაც კი მავიწყდებოდა. მინდორზე გავედი და დაძაბულობა იმ წამსვე მომეხსნა, რაშიც "დამნაშავე" ჩვენი სტადიონი და იქ არსებული ფანტასტიკური გარემოა. ვფიქრობ, "ბილბაოს" მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს და მათ ძალიან კარგად ეხერხებათ გუნდის გამხნევება."

ვილიამსს უნდა, რომ ის ხალხს მხოლოდ კანის ფერით კი არა, კარგი თამაშითაც ახსოვდეს. "ბილბაოში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია და იოლი არ არის, თავი კარგად წარმოაჩინო. ვიცი, მეორე შავკანიანი ფეხბურთელი ვარ, ვისაც "ბილბაოს " მაისურა მოურგია, მაგრამ მე არ მინდა, რომ ხალხმა მხოლოდ ამის გამო დამიმახსოვროს.

მე მინდა, რომ წლების შემდეგ "ბილბაოს" ქომაგებმა თქვან - აი, ინიაკი ვილიამსი. ის წარსულში დიდებული ფეხბურთელი იყო,მის მაგალითზე თაობები დაიზარდნენ. მე მინდა, "ბილბაოსათვის" ისტორია დავწერო." - ამბობს ჩვენი გმირი.

არახალია, რომ "ბილბაოს" ფეხბურთელები კლუბის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. არცთუ იშვიათია მაგალითები, როცა ბასკეთიდან წასულ ამა თუ იმ ფეხბურთელს ახალ გუნდში დამკვიდრება უჭირს.

ამას თავისი მიზეზი აქვს. "სან მამესზე" განსაკუთრებულად ქომაგობენ. იქ ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში უცხო კაცი რთულად თუ მოხვდება. ვილიამსის მიმართ ინტერესი არის, მაგრამ იგი ჯერჯერობით, ბასკეთის დატოვებაზე არ ფიქრობს.

"მე მინდა, რომ ჩემ გვარი "ბილბაოს" ისტორიაში ჩაიწეროს. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. გამუდმებით მესმის იმის თაობაზე, რომ ჩემი გადაბირება ამა თუ იმ გუნდს სურს, მაგრამ მე მხოლოდ ერთს ვიტყვი - მინდა, ჯერ აქ ვთავა ჩემი სიტყვა. ამ გუნდმა მე მომცა შანსი, მე აქ ვიგრძენი დიდი ნდობა და აქედან უცბად ვერ გავიქცევი." - ესეც ინიაკის სიტყვებია.

რა არის ფეხბურთელის მთავარი კოზირი? ალბათ, ტექნიკა და სისწრაფე. თავად ვილიამსი მიიჩნევს, რიმ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

"ჩემს პროგრესს ვინც ხედავს და ამჩნევს, მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს პროგრესი უდიდესი შრომის შედეგია. არასოდეს ვკამაყოფილდები მხოლოდ ერთი ვარჯიშით და წვრთნის დასრულების შემდეგ დამატებით ვრჩები ხოლმე კლუბის ბაზაზე.

საერთოდ, შრომა არასოდეს დამზარებია. ბავშვობიდან ვისწავლე, რომ თუ ბოლომდე არ დაიხარჯე ცხოვრებაში, ისე თავის გატანა გაგიჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩემგან მოდუნება გამორიცხულია.

დავიხარჯო ყველა მატჩში ბოლომდე და რაც შეიძლება, დიდი სარგებლობა მოვუტანო გუნდს - ესაა სწორედ ჩემი მიზანი. ჯერჯერობით, საკუთარი თავით უკმაყოფოლო არ ვარ, მაგრამ კიდევ მეტი შემიძლია და ნაკლიც მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწორო." - ამბობს თავმდაბალი ბიჭი.

მაინც, რა არის ინიაკის ნაკლი? მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს. "დღევანდელ ფეხბურთში განსაკუთრებით ის მოთამაშეები ფასობენ, რომლებით მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე ირჯებიან და თამაშს აკონტროლებენ. ამ კუთხით მოსამატებელი მაქვს.

გარდა ამისა, უნდა ვიმუშაო საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტის გაზრდაზე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უმაღლესი დონის ოსტატი გერქვას." - წესით, ყოველივე ეს უნდა დაიხვეწოს, რადგან ვილიამსი მხოლოდ 21 წლისაა.

მან უკვე გაუსინჯა გემო ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს და ახლა ეროვნულისაკენ მიილტვის. ვინ იტყვის, რომ "ფურია როხაში" დამკვიდრება იოლია, მაგრამ ინიაკის გამოწვევების არ ეშინია!

დოსიე
ინიაკი ვილიამს არტუერი
დაიბადა: 1994 წ. ბილბაო (ესპანეთი)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: ბასკონია - 2012-13; ბილბაო ატლეტიკი - 2013-14; ბილბაო - 2014-დან
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები: 2 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული