LFP: ლეო მესის და "ბარსას" ტრიუმფი

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიული ლიგის (LFP) ყოველწლიური გალა-დაჯილდოება "ბარსელონას" ტრიუმფით დასრულდა - ამ კლუბის წარმომადგენლებმა ხუთი ჯილდო მოიპოვეს. ცერემონიალი ორშაბათს, გვიან საღამოს, ბარსელონაში გაიმართა.

ეს დაჯილდოება მეშვიდეა ისტორიაში და შვიდიდან ექვსჯერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს. შარშან ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სხვამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ის სხვა კრიშტიანო რონალდო იყო. ამჯერადაც, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მესი გახდა, ისევე, როგორც სეზონის საუკეთესო ფორვარდი.

თავიანთი პირველი სეზონი კლუბში ტრიუმფით აღნიშნეს ლუის ენრიკემ და კლაუდიო ბრავომ. პირველი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მეორე - საუკეთესო
გოლკიპერად.

არ დარჩა პრიზის გარეშე ნეიმარიც, რომელიც ცერემონიალზე საინტერესო ჩაცმულობით გამოცხადდა - ის ლა ლიგაში მოთამაშე საუკეთესო ამერიკელად დაასახელეს.

"მე გადავწყვიტე, ეს პრიზი ჩემს ვაჟს, ტიაგოს ვუძღვნა. როდესაც სახლიდან გავდივარ, ის სულ ბრაზობს და მეკითხება, ისევ გოლის გასატანად მიდიხარ?", - განაცხადა ლეომ, რომელმაც სეზონში 43 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიალს არ დასწრებია კრიშტიანო რონალდო, რომელიც ფანების რჩეულად დაასახელეს. მისი პრიზი საუკეთესო მცველმა სერხიო რამოსმა ჩაიბარა.

ლა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ნომინანტები
საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
საუკეთესო მწვრთნელი: ლუის ენრიკე (ბარსელონა)
საუკეთესო გოლკიპერი: კლაუდიო ბრავო (ბარსელონა)
საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი (რეალი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ხამეს როდრიგესი (რეალი)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
საუკეთესო ამერიკელი: ნეიმარი (ბარსელონა)
საუკეთესო აფრიკელი: სოფიან ფეგული (ვალენსია)
ფანების რჩეული: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული