"რეალის" ტრაგედია რეინო დე ნავარაზე

AutoSharing Option

"ხვალ ერთი ჩვეულებრივი დღეა, კიდევ გვექნება მატჩი და კიდევ გავალთ მოსაგებად", - ასეთ ფილოსოფიურ განწყობაზე დააყენა ჟოზე მოურინიო ნავარულმა მარცხმა, რომელმაც, ბევრის მტკიცებით, მადრიდის "რეალს" საჩემპიონო შანსი მინიმუმამდე დაუყვანა.

 

"ჩვენ დღეს სამი ქულა დავკარგეთ, თუმცა მარცხს არ ვიმსახურებდით. მეორე მხრივ, მეტოქემ იმდენად კარგად ითამაშა, რომ პოზიტიურ შედეგს აშკარად იმსახურებდა.

 

მერწმუნეთ, კარგად ვთამაშობთ - გოლი არ გაგვიშვია "ატლეტიკოსთან", "სევილიასთან" და "მალიორკასთან". მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით "ოსასუნასთან" და არ არის საჭირო ამისგან ტრაგედიის შექმნა. გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, ბენზემას და რონალდოს კარგი მომენტები ჰქონდათ.

წავაგეთ, მაგრამ ბიჭებზე აუგი არ მეთქმის, ისევ ასე წაგება მირჩევნია.

 

მართალია, ეს ჩვენი მეორე მარცხია ლა ლიგაში, მაგრამ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ლიდერი უდანაკარგოდ თამაშობს. ძალიან არ მიყვარს, როცა გუნდი უგულოდ, უბრძოლველად და კონცენტრაციის გარეშე აგებს, დღეს მსგავსი არაფერი ყოფილა. თან მეტოქემ გული და სული ჩადო ამ შეხვედრაში, თან "ოსასუნას" ერთი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად. "ოსასუნა" კერკეტი კაკალია და მას ფანტასტიკური გულშემატკივარი ჰყავს. ვფიქრობ, აქ ბევრი გუნდი წაიტეხს კისერს. რაღაცნაირი კომპაქტური სტადიონია, სადაც სტუმარი გუნდი თავს უხერხულად გრძნობს, ნავარელები დაცვაში კარგი თამაშით არიან გამორჩეულნი, თან შეტევაც ეხერხებათ. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩემი ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს", - განაცხადა "განსაკუთრებულმა" პრესკონფერენციაზე.

"რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, რომელსაც, როგორც ამბობენ, არცთუ საუკეთესო ურთიერთობა აქვს ჟოზესთან, იხტიბარს არ იტეხს: "ჩვენი გუნდი ასე იოლად არ ნებდება. სეზონის დასრულებამდე ბევრი დარჩა და მჯერა, რომ სამივე ტიტულს მოვიგებთ. როცა მოედანზე ადებაიორი გამოჩნდა, ცოტა არ იყოს, ბურთზე კონტროლი დაკარგული გვქონდა. ის კარგი ფეხბურთელია და მალე უკეთ შეეწყობა "რეალს" და მეტ სარგებელს მოუტანს. ის სწრაფია და იგრძნობა, რომ მოედანზე სახიფათო თავდამსხმელი გყავს. ძალიან ძნელად "მოსანელებელი" მარცხია, მაგრამ არ ელოდოს არავინ, რომ "რეალ მადრიდი" დანებების ნიშნად პირსახოცს გადმოაგდებს."

მწვრთნელისა და გენერალური დირექტორის პათოსს იზიარებენ ფეხბურთელებიც, რომელთაც, მიუხედავად ოპტიმისტური განაცხადებისა, იმედგაცრუება მაინც ეტყობათ.

 

"ვიცით, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავიგდეთ თავი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. გუნდი ურიგოდ არ თამაშობს, შედეგი აუცილებლად მოვა. "ბარსელონასთან" ჩამორჩენა გაიზარდა, მაგრამ ჯერ ხომ არ არის სეზონის ფინიში, იქამდე კიდევ ბევრი დარჩა.

 

"ოსასუნასთან" ისეთი მატჩი იყო, სადაც პირველ გოლს ვინც გაიტანდა, უპირატეს სიტუაციაში ჩავარდებოდა. სამწუხაროდ, ეს მეტოქემ მოახერხა. ამის შემდეგ ძალიან გაჭირდა თამაში. მწვრთნელი შეეცადა მატჩის დინამიკის შეცვლას, მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა", - თქვა ჩაბი ალონსომ, რომელიც, რატომღაც, არ იყო სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა.

 

"ვიცი, რომ ლიგის მოგება ახლა უკვე ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ძალიან დაგვწყვიტა გული ამ მარცხმა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დადებითი მუხტი და საბრძოლო განწყობა. მართალია, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ შევეცადეთ და მოედანზე ყველაფერი დავდეთ. მოწინააღმდეგემ კი ერთხელ დაარტყა ხეირიანად და გაიტანა, გაუმართლდათ. გულშემატკივარი ძალიან ცუდად იქცეოდა და ცუდია, რომ ამას ბავშვები ტელევიზორში უყურებდნენ. ისინი მოედანზე ბურთებს და მაშხალებს ისროდნენ. ვინმეს რომ თავში მოხვედროდა მათი ნასროლი საგნები? ვისაც ფეხბურთი უყვარს, მისთვის ასეთი ქმედება მიუღებელია. ამიტომ ამ ხალხს ფეხბურთი არ ყვარებია", - მკვეთრი იყო განცხადებებში კრიშტიანო რონალდო.

 

"ბარსელონა" არ ჩერდება, თამაშს თამაშზე იგებს და ახლა უკვე 7 ქულით გვისწრებს, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი წინაა და ჩვენ მათი დაწევა შეგვიძლია. ამ თვეში "სამეფო თასის" მატჩებმა გადაგვღალა", - თავს იმართლებს ალვარო არბელოა.

"ჩვენ "რეალ მადრიდი" ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ამის შანსი მათემატიკურად შესაძლებელი იქნება. ვიმედოვნებ, "ბარსელონაც" დაკარგავს ქულებს, სხვაგვარად შეუძლებელია", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა.

გუშინ ვალდებებასის ბაზაზე "რეალი" ისევ გამოვიდა სავარჯიშოდ, ჟოზე მოურინიოს სხვა გზა არა აქვს, "სამეფო თასის" საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "სევილიასთან" კარსმომდგარია. პორტუგალიელმა ბაზის "ჩაკეტვა" ბრძანა, ასე რომ, "თეთრების" ვარჯიშს და გარჩევებს ჟურნალისტები არ დასწრებიან. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს, პირველი მატჩი "სანჩეს პისხუანზე" მადრიდულმა კლუბმა 1:0 მოიგო და ფინალში გასვლის ფავორიტია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ "რეალს" თასზე პირველი მატჩი 1:0 მოეგოს და შემდეგ ეტაპზე არ გასულიყო.

მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ ემანუელ ადებაიორი გუნდის განაცხადში მოხვედრილიყო, "რეალმა" "მონაკოს" მაჰამადუ დიარა დაუთმო. ასე ერგო მემკვიდრეობით ტოგოელ ფორვარდს მალელი ნახევარმცველის 6-ნომრიანი მაისურა. გუშინ "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად კიდევ ერთი ფეხბურთელი მოიცილა - მცველი დავიდ მატეოსი სეზონის ბოლომდე იჯარით ათენის აეკ-ში ითამაშებს. 23 წლის მცველი კლუბის 25-კაციან განაცხადში ყველაზე "უშანსოდ" იყო, მას თამაშის შანსი ერთხელაც არ მისცემია ამ სეზონში. მატეოსი საბერძნეთშია და ის ალბათ "პანათინაიკოსთან" დერბიში დაეხმარება აეკ-ს. 

"რეალის" უშანსოდ დარჩენისა არც მოწინააღმდეგის ბანაკში სჯერათ - "ბარსელონას" ლეგენდა იოჰან კრუიფი მიიჩნევს, რომ "რეალის" ჩამოწერა საჩემპიონო დოღიდან ძალიან ადრეა და იმედოვნებს, "ბარსელონას" ფეხბურთელები ამას გულშიც კი არ გაიფიქრებენ.

 

"ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. მართალია, 7 ქულა და გოლების უკეთესი შეფარდება ბევრს ნიშნავს, მაგრამ "რეალი" ძალიან სახიფათო გუნდია", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".

ამასობაში ირკვევა, რომ "რეალს" ქარიმ ბენზემას შესაძლო მთხოვნელი უკან გაუბრუნებია - "იუვენტუსმა" ოფიციალურად მიმართა "რეალს" სეზონის ბოლომდე ბენზემას იჯარით გაშვების წინადადებით და უარი მიიღო. ბუნებრივიცაა, მართალია, ფრანგი ვერ ამართლებს იმედებს, მაგრამ "რეალს" შეტევაში იმხელა საკადრო კრიზისი აქვს, ფორვარდს ვერავის ათხოვებს.  

"რეალში" ჯერ "ოსასუნასთან" მარცხი ვერ მოუნელებიათ და ჩემპიონატში "სამეფო კლუბის" მომავალი მეტოქე "რეალ სოსიედადი" ანალოგიურად ემუქრება მოურინიოს გუნდს. უფრო ზუსტად, ბასკთა ლიდერი ჩაბი პრიეტო ამბობს, რომ "რეალ სოსიედადსაც" ძალუძს "რეალის" დამარცხება. "ძალიან კარგ დროს ვხვდებით მათ. ახლა ისინი დამარცხებულები და ცხვირჩამოწეულნი არიან. ჩვენ შეგვიძლია მათი გვარიანი შეშინება", - თქვა ჩაბი პრიეტომ.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული