* ბენიტესი "რეალში" ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა.
* ზიდანმა კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.
* ზიდანი "რეალის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელია.
* ზიდანი "რეალში" 2001-06 წლებში თამაშობდა.
* ზიდანის ხელმძღვანელობით, "რეალი" პირველად დღეს ივარჯიშებს.
გუშინ "მარკამ" ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში "დააანონსა" რაფაელ ბენიტესის მოხსნა. როცა საქმე "სამეფო კლუბს" ეხება, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი არ ცდება ხოლმე და მართლაც, ცოტა ხანში გამოჩნდა განცხადება, რომ საღამოს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საგანგებო პრესკონფერენციას გეგმავდა.
მძიმე გადაწყვეტილება
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ, "ვალენსიასთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, გადაწყვიტა რაფაელ ბენიტესის მოხსნა, რომელმაც "სამეფო კლუბში" დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ რაღაც 7 თვე გაძლო. "კლუბის ხელმძღვანელობამ რთული გადაწყვეტილება მიიღო, რაფაელ ბენიტესის მოხსნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის. რაფა ბრწყინვალე პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია.
"რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, მე შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ მისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელია", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
რაფას გადაყენების მიზეზები
რაფა ბენიტესმა "რეალი" ივნისში ჩაიბარა, მას მერე, რაც გუნდი კარლო ანჩელოტიმ დატოვა. მას მერე პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ბენიტესს გადააყენებდნენ, მაგრამ კლუბში ყოველთვის უარყოფდნენ ამას და აცხადებდნენ, რომ პერესს ბენიტესის ბოლომდე სჯეროდა.ბენიტესის გადაყენების რამდენიმე მიზეზი იყო, გუნდი არც ისე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, რის გამო ის არ მიიღო მადრიდულმა ინჩადამ. "რეალის" ფანებმა ბენიტესს იმ თამაშშიც უსტვინეს, როცა გუნდმა 10:2 მოიგო.
მაშინ, როცა "ვალენსიას" ფანები რაფას, როგორც ყოფილ თავკაცს ახლახან სამადლობელი ბანერებით დახვდნენ. ასევე სერიოზული მიზეზი იყო "რეალის" მეგავარსკვლავებთან საერთო ენის ვერ გამოხატვა. ბენიტესს გაუჭირდა ურთიერთობა კრიშტიანო რონალდოსთან, ხამეს როდრიგესთან, ისკოსთან და სხვებთან.
მართალია, ამას არავინ ადასტურებდა, მაგრამ მედიას ძნელად თუ რამეს გამოაპარებ, მით უფრო "რეალში", რომელიც ყურადღების ცენტრშია. ბენიტესის გათავისუფლების კიდევ ერთი მიზეზი, სერიოზულ მეტოქეებთან "რეალის" ცუდი შედეგებია. მადრიდელებმა წააგეს "სევილიასთან", "ბარსელონასთან" და "ვილიარეალთან", მათ ვერ მოუგეს "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას".
ზიზუ
პერესის სიტყვის შემდეგ პრესას ზინედინ ზიდანი წარუდგა: "დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ჩემი "რეალის" თავკაცად დანიშვნისთვის. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მას მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს. დღეს მე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა "რეალთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, როგორც ფეხბურთელი. სულს და გულს ჩავდებ საქმეში და ერთად ყველაფერი გამოგვივა".
ბოლო დროს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა "რეალის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და მასთან ერთად დიდ შედეგებს ვერ მიაღწია.
"რეალი" ზიდანის ხელმძღვანელობით უკვე დღეიდან შეუდგება ვარჯიშს. დღევანდელი ვარჯიში პრესისთვის და ფანებისთვის ღია იქნება. ზიზუ "რეალის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხუმრობა იქით იყოს და იმედია წლობით ნალოლიავებ პრესტიჟს არ შეილახავს ზიზუ