ხოსეპ გვარდიოლა - გენიოსი თუ უბრალოდ ბედის ნებიერი

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას თაობაზე ბოლო წლებში ძალიან ბევრი იწერება. "ტიკი-ტაკას" მთავარ შემოქმედს 45 წელი შეუსრულდა. მაინც, ვინ არის ის, გენიოსი თუ უბრალოდ, ბედის ნებიერი?

გენიოსი?
გვარდიოლას კრიტიკა ძალიან მოდურია. კრიტიკა ხშირად მხოლოდ კრიტიკისათვის არ არის. თითქოს, სპეციალისტებს ეშინიათ, რომ არ მოხდეს პეპის, როგორც მწვრთნელის გადაფასება, მისი გაფეტიშება. შესაძლოა, ეს არც არის გადაჭარბებული. რატომ არ უნდა გავზომოთ გვარდიოლა იმავე საზომით, როგორითაც სხვას ვზომავთ?

დიდი მწვრთნელის თიკუნი რომ დაიმსახურო, ტატქიკოსი გენია უნდა იყო. ასეთები იყვნენ არიგო საკი, ვალერი ლობანოვსკი, რინუს მიხელსი... სერ ალექს ფერგიუსონი
ტაქტიკაში არ იყო გენიოსი. ის გენიალურად მართავდა ხალხს. ეს მის დიდებულებას ვერაფერს აკლებს.

ვერც ჟოზე მოურინიოს ტაქტიკურ მიგნებებს ვუწოდებთ ნოვატორულს. ამის მიუხედავად ჟოზემ ღრმა კვალი დატოვა, როგორც განსაკუთრებულმა მოტივატორმა და მწვრთნელმა, რომელიც ყოველთვის 100 პროცენტს გამოწურავს შეგირდებისგან.

მოითხოვო გვარდიოლასგან მეტი, ვიდრე სხვებისგან, ეს უკვე ორმაგი სტანდარტის ერთგულებაა.

თანაც, პეპმა ჯერ კიდევ სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში აჩვენა, რომ შეუძლია, უარი თქვას იოლ გადაწყვეტილებებზე რთულის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" 2008 წელს მივიდა. რა ხდებოდა მაშინ "ბარსაში"? ეს იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონატში 10 ქულით ჩამორჩა "ვილიარეალს". ვარსკვლავები ერთმანეთში ხშირად კინკლაობდნენ, არსად ჩანდა გუნდური სულის ნატამალიც კი.

ბევრი მის ადგილას ვარსკვლავებთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდებოდა, პეპმა კი დიდი წმენდა მოაწყო. ეს გენიალური არ არის. ეს მამაცური ნაბიჯია. მაგრამ არის ფაქტები - პეპმა ლილიან ტურამი "მანჩესტერის" სათადარიგო მცველით, ჟერარდ პიკეთი ჩაანაცვლა. დადო ფსონი "სევილიას" ფეხბურთელებზე, დანი ალვეშსა და სეიდუ კეიტაზე. იაია ტურეს პოზიციაზე მან გუშინდელი დუბლიორი, სერხი ბუსკეტსი დააყენა.

ის შეელია რონალდინიოს, რადგან მიხვდა, რომ მანამდე ტრავმებისკენ მიდრეკილი 21 წლის ლიონელ მესი უკვე მზად იყო გუნდის ლიდერობისათვის. თითოეული ეს გადაწყვეტილება საკამათო იყო, საბოლოო ჯამში მართებული კი გამოვიდა.

ახლა ტაქტიკაზეც. მოვუსმინოთ ყურბან ბერდიევს, ვინც "რუბინის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას კატალონიაში შეძლო "ბარსელონას" დამარცხება.

"ამბობენ, რომ გვარდიოლა გამზადებულ გუნდში მოვიდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ადრე "ბარსას" არ ჰქონდა პრესინგი, ახლა კი ბურთს 3-5 წამში გართმევს."

"ბარსელონას" სტილი ბურთის ტოტალურ კონტროლზეა დამყარებული. ის ბევრს არ მოსწონს. განსაკუთრებით მეტოქეებს, მაგრამ მოგებული ტიტულები ამ სტილის სასარგებლოდ მეტყველებენ. მთელი სამწვრთნელო ელიტა ეძებდა გვარდიოლას სტილის გასაღებს, მაგრამ ეს მათ მხოლოდ ეპიზოდურად თუ გამოსდიოდათ.

ერთ კონკრეტულ თამაშში გვარდიოლას დამარცხება შესაძლებელია. მას შეიძლება აკლდნენ ფეხბურთელები, გუნდს არ ეყოს მოტივაცია და ასე შემდეგ, მაგრამ მისი შეჩერება დისტანციაზე, თუნდაც ორმატჩიანი დუელისას, რთულზე რთულია.

გვარდიოლას ჩანაფიქრი ასეთია: მინდვრის კონკრეტულ მონაკვეთში მოახდინოს მოწინააღმდეგის მთავარი ძალების ფოკუსირება, რის შემდეგაც ბურთი უნდა გაიგზავნოს იმ ადგილას, სადაც მეტოქე დიდი ძალებით აღარ არის განლაგებული.

პეპი არ მალავს, რომ ის რინუს მიხელსის კონსპექტებს იყენებს. ფაქტია, პეპმა მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბურთის ფლობასაც გამოყენება უნდა. ამას გვარდიოლა "ბარსელონასა" და "ბაიერნში" დიდებულად აკეთებს. ბურთი სხვა გუნდებსაც აქვთ. მაგალითად, ავიღოთ "მანჩესტერ იუნაიტედი". ლუი ვან გაალი ყოველთვის ამაყობს იმით, რომ მისი გუნდი ბურთს დიდხანს ფლობს.

ეს, ხშირ შემთხვევაში, იქნებ, ასეც იყოს, მაგრამ ვან გაალის გუნდი ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანით უფროა დაკავებული, ვიდრე მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტის შექმნით.

ბედის ნებიერი?
გვარდიოლამდე "ბარსელონას" ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა. დღეს მასზე, როგორც დიდ მწვრთნელზე, არავის საუბრობს. მას არ უწოდებენ ტაქტიკურ გენიას და ის არავის მიუწვევია "ბაიერნში".

არადა, რაიკაარდის მიღწევები "ბარსელონაში" დიდად არ ჩამორჩება გვარდიოლას მიღწევებს. ჰოლანდიელმა ორჯერ მოიგო პრიმერა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გასაგებია, რომ რაიკაარდს ბოლო სეზონი არ გამოუვიდა, მაგრამ ასე იყო გვარდიოლას შემთხვევაშიც. ბოლო სეზონში მან მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო.

როცა გვარდიოლას მიღწევაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ჩავაგდოთ სათვალავში ის მემკვიდრეობა, რომელიც კატალონიელმა ჰოლანდიელისგან მიიღო.

გასაგებია, რომ სწორედ გვარდიოლამ გააახალგაზრდავა შემადგენლობა. სწორედ მის დროს გამოჩდნენ "ბარსელონას" რიგებში პიკე, ინიესტა, ბუსკეტსი, დანი ალვეში...

ეს გასაგებია, მაგრამ იაია ტურემ მერეც ხომ დაამტკიცა თავისი უმაღლესი კლასი? დეკომ ხომ მაღალ დონეზე ითამაშა, სანამ მას ასაკი შეეპარებოდა? ეს მანამ ხდებოდა, სანამ ინიესტა გუნდის ლიდერის მანტიას მოისხამდა, ბუსკეტსი კი "ბულდოგი" გახდებოდა.

მოკლედ, ვინც უნდა მოსულიყო გვარდიოლას ადგილზე, მის წინაშე აუცილებლად დადგებოდა შემადგენლობის გაახალგაზრდავების ამოცანა. ეს იყო გარდაუვალი პროცესი. აქვე უნდა ითქვას გვარდიოლას შეცდომების თაობაზე.

გახსოვთ "ბარსელონაში" ჩიგრინსკის, იბრაჰიმოვიჩის, ვილიას, კეირისონის, კასერესისა და ჰლების ჩავარდნილი ტრანსფერები? პეპმა "ბარსას" არაერთი ფეხბურთელი თვისობრივად ახალ დონეზე გაიყვანა, მაგრამ ვერც ამ ტრანსფერებზე დავხუჭავთ თვალს.

ახლა ტაქტიკაზე. რაც შეეხება "ტიკი-ტაკას", ეს გვარდიოლას ნოვაცია მაინც არ არის. ეს სტილი "ბარსელონასთან" არის ასოცირებული, "ლა მასიაში" სწორედ ასე ზრდიან. ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი და მესი ბავშვობიდანვე შეეჩვივნენ ამ სტილს.

ახლა "ბარსას" სათავეში ლუის ენრიკეა და ჩვენ ვხედავთ, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით მხოლოდ უმნიშვნელო ნიუანსები თუ შეიცვალა.

კი, გვარდიოლას გამოუვიდა რამდენიმე ექსპერიმენტი. მაგალითად - მესის ცენტრფორვარდობა, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ ის ამ დროს იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელი და მის განკარგულებაში იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

"ბაიერნი" პეპმა ტრიუმფატორი იუპ ჰაინკესისგან ჩაიბარა. მან შეძლო სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება, მაგრამ არამც და არამც არ ჩაუდენია სასწაულები. "ბაიერნმა" მიიღო რამდენიმე ელემენტი "ბარსას" სტილიდან, მაგრამ ის უკვე აღარ იყო "გერმანული მანქანა."

"ბაიერნმა" და პეპმა ორჯერ სცადეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს. ვნახოთ, იქნებ გვარდიოლა ტრიუმფატორის რანგში წავიდეს მიუნხენიდან, მაგრამ ჯერჯერობით ის იქაურთათვის გმირი ვერ გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვილიას ტრანსფერი როგორ იყო წარუმატებელი, როცა უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა ტიპმა? ნიკა, მესი-ინიესტა ჩავი გვარდიოლამდე და გვარდიოლას მერე იყვნენ ვილანოვას, ტატა მარტინოს ხელში და რა მოიგეს? დელ ბოსკეს რეალზეც ამბობდნენ, მაგ შემადგენლობით ყველა მოიგებსო და კი გამოჩნდა ულვაშას წასვლის მერე, თუ რამდენს ნიშნავს გუნდისთვის მწვრთნელი. იგივე გამოჩნდა გვარდიოლას წასვლის მერეც.
გიორგი
22:12 23-01-2016
0
ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ ორჯერ გასვლა და გავარდნა არამგონია სამარცხვინო იყოს.ფეხბურთი ოდნავ მაინც თუ გიყვარს გვარდიოლაზე ,,ბანძი ტრენერიაო" არ უნდა თქვა.ლიგა აგერ დი მატეომაც მოიგო მარა მაგარი მწვრთნელია? პეპის გუნდები ყოველთვის ლამაზი ფეხბურთით ცდილობენ შედეგის დადებას რაც პირველ რიგში გულშემატკივარს სიამოვნებს!!! ასე რომ თქვენნაირი აზროვნების ადამიანები ფეხბურთის გულშემატკივრები არ ხართ!!!
მდააა
22:09 23-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული