ლიონელ მესი: მგონი მაქსიმუმს უკვე მივაღწიე

AutoSharing Option
2010 წლის ”ოქროს ბურთის” მფლობელი, 23 წლის არგენტინელი ვარსკლავი France Football-ს "ბარსელონასა" და "რეალზე", ფულზე, ღვინოსა და მწვადებზე, ასევე საკუთარ პროფესიონალურ ზრდაზე ესაუბრა.

- ნეტავ თუ შემიძლია კიდევ მოვუმატო? - თავად დასვა შეკითხვა არგენტინელმა ჟურნალისტთან საუბრისას და თავადვე უპასუხა. - ამაზე ვმუშაობ, თუმცა, შესაძლოა მაქსიმუმს უკვე მივაღწიე და ამიერიდან ჩემი თამაშის ხარისხმა კლება იწყოს.

- ალბათ ხუმრობთ.
- არა, სერიოზულად ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში თავად არ მინდა, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება მომავალში.

- ფიფას დაჯილდოვების ცერემონიალზე
საფეხბურთო ჟონგლიორების ოსტატობამ მოგხიბლათ?

- გამაოცა მათმა გამოსვლამ. ბურთთან ერთად ფანტასტიკურ რაღაცებს სჩადიოდნენ.

- თქვენ ალბათ ადვილად გაიმეორებთ იმ ტრიუკებს...
- არა, რას ამბობთ?! ესეთი რამ მე არ შემიძლია.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი "ბარსელონა" კლუბის ისტორიაში საუკეთესოა?
- რთული შეკითხვაა. 2005 წლის "ბარსელონა", რონალდინიოს დროსაც საკმაოდ ძლიერი იყო და ვფიქრობ, ამჟამინდელს არ ჩამოუვარდება.

- თუკი ვიტყვით, რომ "ბარსას" ძლიერი მხარე თავდაცვაა, გაგეცინებათ?
- სულაც არა, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. ჩვენ მართლა კარგად ვიცავთ თავს. ყველა მოთამაშეს დახვეწილი და გათავისებული აქვს თავისი მანევრი და დაცვაში ჩართვა არ ავიწყდება. გარკვეულწილად ესეც გვაძლევს საშუალებას, წინ ჩვენი თამაში თამამად ვითამაშოთ.

- როდესაც "ბარსელონას" თამაშს ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ ყველაფერი ძალიან ადვილია...
- ეს მცდარი შეხედულებაა. ამბობენ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ზუსტი პასის მიცემა თვალდახუჭულებსაც შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენი თამაში მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მაღალ დისციპლინაზეა აგებული. თანაც, გუნდში უმეტესობა ფეხბურთელებისა ადრეული ასაკიდან ერთად თამაშობს. ჩვენ ერთსა და იმავე პრინციპეპზე აღგვზარდეს და ერთი სათამაშო ფილოსოფიის მიმდევრები ვართ. სწორედ ამ ყველაფრის გამო რჩება მნახველს შთაბეჭდილება, რომ მოედანზე ყველაფერი ადვილად გამოგვდის. ერთიცაა, ამას მეორე - უარყოფითი მხარეც აქვს - ახალწვეულებს უჭირთ გუნდურ თამაშში ჩართვა.

- მაგალითად ხავიერ მასკარანოს?
- დიახ. თავიდან მას პრობლემები სწორედ ამ მიზეზით შეექმნა და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა. ახლა უკეთ თამაშობს.

- "რეალის" სათამაშო სტილის გათვალისწინებით, შეიძლება ერთ დღეს ამ გუნდში გადახვიდეთ?
- ასეთი წინადადებით ჩემთვის არავის მოუმართავს და არც მინდა, რომ მომავალში მომმართონ. თუმცა ვაღიარებ, "რეალი" საკმაოდ ძლიერი გუნდია.

- მოგწონთ "რეალის" თამაში?
- "სამეფო კლუბის" თამაშის სტილი "ბარსელონას" სტილისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე აუგის თქმის უფლება მაქვს. უბრალოდ, მადრიდელებს საკუთარი, ჩვენგან განსხვავებული კოზირები აქვთ. ეს არის და ეს. ფეხბურთში წარმატებისკენ ხომ არაერთი მიმართულებაა.

- მოიგებს წელს "ბარსელონა" ყველა ტიტულს?
- ძალიანაც გვინდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ხომ გახსოვთ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "ინტერთან"? მე არ დამვიწყებია. ესპანეთის ჩემპიონატშიც ანალოგიური სიტუაციაა - "რეალი" რჩება ოქროსმაძიებელ პრეტენდენტად და ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

- შევცვალოთ თემა - ბავშვობა ბედნიერი გქონდათ?
- არცთუ მთლად. არგენტინაში მშობლებთან მართლაც უზრუნველი და ბედნიერი ბავშვური ცხოვრობით ვცხოვრობდი, მაგრამ როცა ესპანეთში, "ბარსელონას" სკოლაში გადმოვედი, ყველაფერი შეიცვალა. ჩემი გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა ნურც ისე გაიგებთ, ვწუწუნებდე. პირიქით, არაფერს ვნანობ და ვთვლი, რომ "ბარსელონაში" მოსვლა სწორი ნაბიჯი იყო.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- როცა თამაში ან ვარჯიში არ მაქვს, შინ ყოფნას ვამჯობინებ. მოვკალათდები ხოლმე დივანზე და ტელევიზორს ვუყურებ. ზოგჯერ ჩემ ბარსელონელ პარტნიორებთან - გაბრიელ მილიტოსთან, მასკერანოსა და ხოსე პინტოსთან ერთად მწვადს ვწვავ.

- გეხერხებათ?
- მე? მხოლოდ - ერბოკვერცხი.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?
- ესპანური კერძები საჩემო აშკარად არაა. უბრალო კერძები მიყვარს - პიცა, პასტა, ერთად შემწვარი ხორცი და კარტოფილი.

- დიდ ყურადღებას აქცევთ რაციონს?
- განსაკუთრებულს არა. უმეტესწილად ვარჯიშის შემდეგ კლუბის სასადილოში გეახლებით, სადაც ჩვენთვის სპეციალურად დიეტურ კერძებს ამზადებენ. მაგალითად, ქათმის თეთრ ხორცს ბრინჯით.

- ალბათ განთქმულ არგენტინულ ღვინოებს მიირთმევთ?
- უჰ, არა! ალკოჰოლს ძალიან იშვიათად ვეტანები. ათასში ერთხელ თავს ვერმუტის ან ლუდის დალევის უფლებას ვაძლევ.

- თავს მდიდარ ადამიანად თვლით?
- ფულზე ლაპარაკი არ მიყვარს. ვიცი, რომ ძალიან ბევრს გამოვიმუშავებ, მაგრამ ანგარიშს ყოველდღიურად ნაღდად არ ვამოწმებ. ჩემ ფინანსებს მამა და ადვოკატი განაგებენ, მე კი უპირატესობას ფეხბურთის თამაშს ვანიჭებ. გოლების გატანა - ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია!



მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია
dato
23:19 03-02-2011
0

სიახლეები პოპულარული