ესეც ასე - ფეხბურთის მოყვარულებმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღეს - ბონუსად, სეზონის მე-3 "ელ კლასიკო", რომელიც ამავდროულად "სამეფო თასის" ფინალი იქნება. ოთხშაბათის საპასუხო ნახევარფინალებში მოსალოდნელი მოხდა, "რეალი" და "ბარსელონა" აგრძელებენ თასისთვის ბრძოლას, თუმცა გზა ფინალამდე მათთვის ძალზე განსხვავებულად აეწყო, "სამეფო კლუბს" დიდი ჯაფა დასჭირდა ტიტულის ბოლო მფლობელის, "სევილიას" ჩამოსაშორებლად, "ბარსამ" კი ლამის სარეზერვო შემადგენლობა გაგზავნა ანდალუსიაში და არც ინანა. ესპანეთმა მიიღო ფინალი, რომელსაც 21 წელიწადია შეჰნატრის, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" საიუბილეო, მე-5 000 გოლის ავტორი "რეალის" დებიუტანტი ემანუელ ადებაიორია. ამ და ბევრ
აფერუმ აფელაი!
საწყალი "ალმერია"! ანდალუსიურ კლუბს 3 რანდევუ "ბარსელონასთან" ძალიან ძვირი დაუჯდა - ბურთების შეფარდება სამ მატჩში 0-16! და ეს სულაც არ არის ყველაფერი, "ალმერიას" აპრილში "კამპ ნოუზე" კიდევ ერთი ვიზიტი ელის. ხოსეპ გვარდიოლას პირველი თამაში 5:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ მწვრთნელი აცხადებდა, რომ გუნდს მთელი შემადგენლობით წაიყვანდა ანდალუსიაში. თურმე სიტყვების თამაშთან გვქონია საქმე, გვარდიოლამ ყველა (ერთი-ორი ტრავმიანის, მათ შორის ანდრეს ინიესტას, გარდა) ყველა მართლა წაიყვანა, მაგრამ "ექსკურსიაზე", თამაშით კი იმათ ითამაშეს, ვისაც ძალიან ენატრება მოედანზე გამოსვლა. სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ახლახან გამოჯანმრთელებულმა დანი ალვეშმა და სერხიო ბუსკეტსმა მიიღეს მონაწილეობა "ალმერიას" მორიგ რბევაში. ისიც, ბუსკეტსმა ძალები დაცვის ცენტრში მოსინჯა და მოედანზე ერთი ტაიმი იკმარა.
"ბარსამ" თამაში მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ უპირატესობა მაინც იოლად მოიპოვა. ბევრს ცდილობდა ბოიან კრკიჩი, რომელსაც სურს, გვარდიოლას დაუმტკიცოს, რომ სასტარტოში თამაში ეკუთვნის. კრკიჩს ჰქონდა პირველი საგოლე მომენტიც, რომელიც დანი ალვეშთან კედლის გათამაშებას მოჰყვა, მაგრამ "ალმერიას" დაცვამ გმირულად გააუვნებელყო პირველი საფრთხე ესტებანის კართან.
ახლა საქმეში იბრაჰიმ აფელაი ჩაერთო, ჰოლანდიელსაც სურს "ბარსას" სასტარტოში დამკვიდრება, მან რამდენიმე კარგი რეიდი მოაწყო ფლანგზე, ერთხელ კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველები გადაეფარნენ. ანგარიში კი კინაღამ "ალმერიამ" გახსნა, ჰენოკ გოიტომის გრძელი პასი სოფიან ფეგულიმ მიიღო, "ვალენსიადან" იჯარით გადასული ფრანგი უდავოდ გაიტანდა ახალ კლუბში პირველ გოლს, რომ არა ბრაზილიელი ადრიანოს გმირობა.
სანამ "ალმერიას" ფანები ველურ ოცნებას მიეცემოდნენ, ადრიანომ თავი მოედნის მეორე მხარესაც გამოიჩინა - ფლანგიდან სოლორეიდით შეიჭრა, ორი მცველი "მოტეხა" და ანგარიშიც გახსნა. ტაიმის ბოლოს პინტომ "ბარსა" აშკარა გოლისგან იხსნა და პირველი ნახევარიც დასრულდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დანი ალვეშმა და ტიაგო ალკანტარამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელმა თავით გატანილი გოლით დაასრულა. მასპინძელთა განადგურება იბრაჰიმ აფელაიმ დაასრულა, მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელმა სეიდუ კეიტასგან მიიღო პასი და შორეულ, დაბალ კუთხეში გაიტანა მისთვის პირველი გოლი "ბლაუგრანა" მაისურით - 0:3.
"ბარსელონა" თასის ფინალში 35-ედ გავიდა. წინა 34 შემთხვევიდან 25-ში კატალონიური გრანდი გამარჯვებული გამოვიდა. გვარდიოლასთვის ეს მეორე ფინალია.
ხოსე ლუის ოლტრა (ალმერია): "მოხარული ვარ, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ თასზე. ასე შორს "ალმერია" არასოდეს გასულა. ბიჭებიც უნდა ამაყობდნენ ამ შედეგით. ახლა დროულად უნდა მოვახერხოთ ჩემპიონატზე გადაჯგუფება. ამ შეხვედრამ პრობლემები არ უნდა შეგვიქმნას ჩემპიონატში, რადგან ყველამ კარგად ითამაშა. თუკი პრიმერაში ადგილს შევინარჩუნებთ, ეს სეზონი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იქნება".
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. თასის ფინალში გასვლა ძალიან რთულია. მოდი, არ დავივიწყოთ მარცხი "ბეტისთან" და რთული შეხვედრა "სან მამესზე". თასის ფინალზე მეტად ახლა "ატლეტიკოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ".
ალმერია-ბარსელონა 0:3 (0:5)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - მასედო, პელერანო (62. აკასიეტე), კ. გარსია, ლუნა - ბერნარდელო, ვარგასი - ფეგული, კორონა (68. კრუსატი), უჩე (76. ხოსე ორტისი) - გოიტომი.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, ბუსკეტსი (46. პიკე), გ. მილიტო, ადრიანო - ტ. ალკანტარა, მასკერანო, კეიტა - აფელაი, კრკიჩი, ნოლიტო.
გოლები: 0:1 ადრიანო (34), 0:2 ტ. ალკანტარა (55), 0:3 აფელაი (65)
იყო გოლი, თუ არ იყო?
მიუხედავად იმისა, რომ "რეალს" პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული, დიდი დაპირისპირება შედგა - ბოლო წუთებამდე საეჭვო იყო "რეალის" გასვლა ფინალში, თასის მფლობელმა "სევილიამ" ბოლომდე იბრძოლა, სანამ ტიტულს დათმობდა.
პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, მაგრამ საგოლე მომენტები უხვად იყო, თანაც ორივე კართან. თამაშის დასაწყისშივე საოცრება ჩაიდინა ქარიმ ბენზემამ, ანხელ დი მარიას დარტყმული ძელს მოხვდა, უკან გამოვარდა და მარტოდმარტო მყოფ ფრანგს მიუვიდა, წინ ცარიელი კარი იყო, მაგრამ ბენზემამ ლამის აუტზე გადააგდო, ისე არაზუსტად დაარტყა. ალვარო ნეგრედოს გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს (ვფიქრობთ, შეცდომით), ხოლო კრიშტიანო რონალდომ ხავი ვარასთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმში გრეგორიო მანსანომ ბრძოლაში ლუიშ ფაბიანო ჩართო, მაგრამ "სევილიამ" ვერ შეძლო მატჩის დამატებით დროში გადაყვანა. შევხედრის მიწურულს კი მესუთ იოზილმა გაიბრწყინა. უფრო ზუსტად, კი "რეალის" გერმანელებმა დიდებულად ითამაშეს, სამი ხედირამ შორეული პასით ოთხი მცველი პირღია დატოვა, ხოლო იოზილმა ვარასი მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა ეფექტური გოლი. აქ კი ყველაფერი გადაწყდა, "რეალი" ფინალში გავიდა, "სევილია" დარჩენილ წუთებში 2 გოლის გამტანს არ ჰგავდა. მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუ" მაინც ელოდა... ელოდა სტადიონის გახსნიდან (1903) მე-5 000-ე გოლს. 93-ე წუთი დაიწყო და ყველამ ხელი ჩაიქნია, საიუბილეო გოლი, თითქოს, ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის გადაიდო, მაგრამ ემანუელ ადებაიორმა, რომელმაც 83-ე წუთზე ბენზემა შეცვალა, საჯარიმოში ლასანა დიარას ჩაწოდებული მკერდით გაიჩერა და დაუშვებლად შეაგდო "სევილიას" კარში - 2:0. ასე გახდა ტოგოელი ფორვარდისთვის კარიერაში პირველი გოლი ისტორიული.
თამაშის შემდეგ ერთობ წუხდა ალვარო ნეგრედო, "რეალის" ყოფილი შემტევი დარწმუნებულია, რომ ნაღდი გოლი გაუუქმეს, თანაც ძალიან ლამაზი - ნეგრედომ შორიდან წინ გამოვარდნილ იკერ კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო: "პასის მომენტში არ ვიმყოფებოდი თამაშგარეში, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ "რეალს" ფინალი არ ეკუთვნოდა".
ჟოზე მოურინიო (რეალი): "დიდებულია, როცა ესპანეთის ორი საუკეთესო გუნდი ფინალში ერთმანეთს ხვდება. ჩვენ ამ ფინალამდე ძალიან მძიმედ მივაღწიეთ, საერთოდაც იანვარი მძიმე თვე გვქონდა. ამისთვის მკაცრადაც დავისაჯეთ ჩემპიონატში, მაგრამ თასზე გავუძელით და ფინალში გავედით. ძალიან კარგი მეტოქეები გვყავდა თასზე, მადრიდის დერბის გახსენებაც კი საკმარისია ჩემი სიტყვის დასადასტურებლად. 20 აპრილი, ცოტა არ იყოს, უჩვეულო თარიღია თასის ფინალისთვის. ერთი სული გვაქვს, "ბარსა" ფინალში დავამარცხოთ".
გრეგორიო მანსანო (სევილია): "ძალიან კარგად ვითამაშეთ და ანგარიშის გახსნასაც ვიმსახურებდით, მაგრამ... გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ნეგრედოს გოლი ჩასათვლელი იყო, ეს კი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა ნახევარფინალურ წყვილში".
რეალი-სევილია 2:0 (1:0)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, ალბიოლი, რ. კარვალიო, არბელოა - ხედირა (90. ლ. დიარა), ჩაბი ალონსო - დი მარია (87. გრანერო), იოზილი, რონალდო - ბენზემა (83. ადებაიორი).
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, ს. სანჩესი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ზოკორა, რომარიკი (80. პეროტი), რაკიტიჩი (69. ლ. ფაბიანო) - კანუტე (86. მედელი), ნეგრედო.
გაძევება: ს. სანჩესი (84)
გოლები: 1:0 იოზილი (81), 2:0 ადებაიორი (93)
20+1 წლის შემდეგ
მთლად დიუმას სათაურივით ვერ გამოგვივიდა, მაგრამ, ფაქტია, ესპანეთი ძალიან დიდ ხანს ელოდა ამ საოცნებო ფინალს. ბოლოს, 1990 წელს გადაეყარნენ "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს თასის ფინალში. მაშინ ვალენსიაში იოჰან კრუიფის "ბარსამ" 2:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" თასის 25-გზის მფლობელია, "რეალი" კი "კოპას" ისტორიაში ტიტულებით მეორე გუნდიც კი არ არის, "სამეფო კლუბს" "სამეფო თასი" 17-ჯერ აქვს მოპოვებული, მაშინ როცა ბილბაოს "ატლეტიკმა" პრესტიჟული ჯილდო 23-ჯერ შემართა. ისე, თასის ფინალში "კლასიკო" ამ შეჯიბრის ისტორიაში სულ ხუთჯერ გაიმართა. პირველი კლასიკური ფინალი 1936 წელს გაიმართა და ის მადრიდელთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა. 30 წელზე მეტი გავიდა, სანამ ეს ორი გრანდი კიდევ ერთხელ შეხვდა ფინალში ერთმანეთს - 1968 წელს ეგრეთ წოდებულ "ბოთლების ფინალში" ("რეალის" ფანებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს) "ბარსამ" 1:0 იმარჯვა. 1974 წელს "რეალმა" დიდი ანგარიშით მოიგო - 4:0. 1983 წელს კი "ბარსელონამ" 2:1 იმარჯვა. მოკლედ ხუთი კლასიკური ფინალიდან 3 კატალონიელებმა მოიგეს, ორი - კასტილიელებმა.
მაშ ასე, თუ არაფერი შეიცვალა ფინალის თარიღში, 20 აპრილს სეზონში მესამე, ექსტრაკლასიკო გველის, თანაც ჩემპიონატში გასამართავი კლასიკოდან 3-4 დღის შემდეგ!
ახლა ესპანეთში ყველას აღელვებს, სად გაიმართება თასის ფინალი. წინასწარი ვერსიით, ფინალი სევილიის "ოლიმპიურ" სტადიონზე უნდა გაიმართოს. ეს სტადიონი 1999 წლის მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აიგო და 58 ათას მაყურებელს იტევს. სევილიის კლუბები "სევილია" და "ბეტისი" თავიანთ სტადიონებზე თამაშობენ, ამიტომაც "ოლიმპიური" ძირითადაც ცარიელი და უფუნქციოა, იქ როკ ჯგუფების კონცერტები უფრო ხშირად იმართება, ვიდრე ფეხბურთი. 2003 წელს უეფას თასის ფინალი "სელტიკსა" და "პორტუს" შორის "ოლიმპიურზე" ჩატარდა. ესპანეთში ამ სტადიონს "ლა კარტუას" ეძახიან, რადგან ამავე სახელობის კუნძულზეა აშენებული მდინარეში.
მაგრამ ფინალის მასპინძელი სტადიონი მხოლოდ ფედერაციის შეთავაზებაა, ფინალისტებს აქვთ უფლება ერთმანეთში მოილაპარაკონ. "მარკა" ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში ფავორიტი "მესტალიაა", ვალენსიური სტადიონი 55 ათას ადამიანს იტევს.
ადებაიორ - 5 000!
"სანტიაგო ბერნაბეუს" საიუბილეო გოლი მაინცდამაინც დებიუტანტმა გაიტანა, გაგაცნობთ ემანუელ ადებაიორამდე საიუბილეო გოლების გამტანთა ვინაობას "ბერნაბეუზე": 1903 წელს პირველი გოლი ამ დიდებულ არენაზე "რეალის" ფორვარდმა ხოსე ხილარტმა გაიტანა "ესპანიოლის" კარში. მე-1000-ე გოლი ბელმარის ანგარიშზეა, 2000-ე - ფრანსისკო ხენტოს, მე-3000-ე - ხუანიტოს, მე-4 000-ე გოლი ამავისკამ გაიტანა.
"გახარებული ვარ, რომ მე გავიტანე ასე მნიშვნელოვანი გოლი კლუბის ისტორიაში. მიხარია, რომ რონალდოს, იოზილისა და კაკას გვერდით მიწევს თამაში", - განუცხადა "მარკას" ტოგოელმა თამაშის შემდეგ.