ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: უფლისწული და მათხოვარი

AutoSharing Option
პრიმერას მორიგი ტური ანდალუსიაში დაიწყება და კატალონიაში დასრულდება. ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" ვალენსიაში ჩადის. ლუის ენრიკეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ბოლოს მისი ძალა "ვალენსიამ" იწვნია ესპანეთის თასზე (7:0).

მეასე ლუის ენრიკესთვის
"ბარსელონამ" ერთი ვალენსიური გუნდი მიწასთან გაასწორა და ახლა ამ ქალაქში ჩადის მეორესთან გასამკლავებლად. "ლევანტე" ბოლოადგილოსანია და ლიდერ "ბარსელონასთან" 34 ქულა აშორებს. "ბარსა" სუპერფორმაშია, მისი შემტევი ტრიო დაფრინავს; ლუის ენრიკეს რაფინიას თუ არ ჩავთვლით, ერთი ტრავმირებულიც კი არ ჰყავს.

ასეთ დროს, "ბარსა" ძალზე საშიშია. "ლევანტეს" და "ბარსელონას" ერთმანეთში 21-ჯერ უთამაშიათ და ერთხელ მოხდა
სასწაული და ვალენსიურმა კლუბმა დაამარცხა კატალონიური, მაგრამ ახლა ამ სასწაულის გასამეორებლად ახალწვეული ჯუზეპე როსის სუპერთამაშია საჭირო, ისეთი, როგორიც "ვილიარეალში" ბურთაობის დროს იცოდა იტალიელმა.

ნეიმარი ყურადღების ცენტრშია, როგორც საფეხბურთო მინდვრებზე, ისე მის გარეთ - მის ცვილის ფიგურას მადამ ტიუსოს მუზეუმში გამოფენენ, ხოლო ბრაზილიელის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" 190 მილიონ ევროს იმეტებდა. დაბოლოს, ლუის ენრიკე ვალენსიაში მეასედ წარდგება, როგორც "ბარსელონას" მესაჭე. მის ანგარიშზე 79 გამარჯვება და 5 ტიტულია.

"როხიბლანკოს" პრობლემები
მეორეადგილოსანმა "ატლეტიკომ" მკვეთრად მოუკლო, ბოლოს კი ჩემპიონატის გადამწყვეტი ბრძოლა დათმო "ბარსელონასთან". 9-კაციანმა გუნდმა "კამპ ნოუზე" სახე შეინარჩუნა და მხოლოდ 1:2 წააგო, თუმცა საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. "ატლეტიკო" ჯერ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება "ბარსას", მაგრამ მასზე მეტი მატჩი აქვს ნათამაშები.

დიეგო სიმეონეს გუნდი შინ "ეიბარს" დაუხვდება და, წესით, ფავორიტია, მაგრამ "როხიბლანკოს" სამი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავს: დიეგო გოდინი, ფილიპე ლუიში და ხუანფრანი. ბრაზილიელს მესისთან უხეშობისთვის სულაც 3 ტურით აუკრძალეს თამაში, მაგრამ შემდეგ "ატლეტიკომ" იჩივლა და მას დისკვალიფიკაცია 1 მატჩამდე დაუყვანეს.

"ატლეტიკოს" რჩება პრობლემა თავდასხმაში - ჯექსონ მარტინესი ჩინეთში წავიდა, ფერნანდო ტორესი ახლახან დაუბრუნდა ვარჯიშს და ჯერ ფორმაში არაა, რჩება მხოლოდ ანტუან გრიზმანი. სიმეონეს შუახაზშიც რჩება პრობლემა. საქმე ისაა, რომ ტიაგო მენდეშის შემცვლელად მიყვანილი აუგუსტო ფერნანდესიც დაიმტვრა, თანაც, ისე, რომ ტიაგო უფრო მალე მომჯობინდება, ვიდრე მისი "შემცვლელი". "ეიბარი" კი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე, ბორხა ბასტონი დღეისთვის საუკეთესო ესპანელი ფორვარდია.

პირველი გამარჯვებისთვის
ჩემპიონობისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი, ბუნებრივია, "რეალია". "სამეფო კლუბი" ანდალუსიაში ჩადის გასავარდნ ზონაში მყოფი, მაგრამ სიმპათიური "გრანადას" წინააღმდეგ სათამაშოდ. ჯერ ზინედინ ზიდანს სტუმრად გამარჯვება არ მოუპოვებია, რაც ფრანგი "რეალის" თავკაცია. ზიზუს შეუთხელდა ლაზარეთი, სადაც მხოლოდ პეპე და გარეთ ბეილი დარჩნენ. უელსელიც, ფაქტობრივად, ჯანზეა, მაგრამ მას მაინც არ ველით "გრანადასთან" დაპირისპირებაში.

უცნაური სიტუაცია
ტური პარასკევს იხსნება "მალაგასა" და "ხეტაფეს" მატჩით. ამ დაპირისპირებაზე ნაკლებად შევაჩერებდით თქვენს ყურადღებას, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა - "ხეტაფეს" მარცხენა მცველის პოზიციაზე ძალიან უჭირს, რობერტო ლაგო, ერთადერთი ნორმალური დონის მარცხენა მცველი ტრავმირებულია.

ამიტომაც მადრიდულმა კლუბმა არგენტინული "ესტუდიანტესიდან" იჯარით აიყვანა ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი ალვარო პერეირა. დაიმატა, მაგრამ აპრილამდე ვერ ათამაშებს - მას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. საქმე ისაა, რომ არგენტინაში ამხანაგური მატჩისას (!) გუნდი-გუნდზე ჩხუბში პერეირამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

როგორც კი ტრანსფერის ამბავი გაირკვა, არგენტინელებმა ესპანელებს მიმართეს და ესპანელებმაც დისკვალიფიკაცია ლა ლიგაზეც გაავრცელეს. ასე არ გაუვიდათ ეშმაკობა "ინდეპენდიენტესა" და "ხეტაფეს". ვინ იქნება დაცვის მარცხენა ფლანგზე "მალაგასთან" შეხვედრაში, ჯერ ბუნდოვანია.

გაჭირვებულთა დუელი
სევილიაში ერთმანეთს ორი გაჭირვებული, "ბეტისი" და "ვალენსია" დაუპირისპირდება. გუნდებს, რომელთაც სახელები არ დაეწუნებათ, მოგებები ენატრებათ.

"ვალენსია" განსაკუთრებით ცუდ დღეშია. პიტერ ლიმის მიერ დანიშნული გარი ნევილი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ამართლებს და არც ნევილი აპირებს გადადგომას და, როგორც ჩანს, არც ფეხბურთში დიდად ვერგარკვეული "ღამურების" მეპატრონე გეგმავს ამას. არადა, გუნდმა ახლახან 0:7 წააგო სამარცხვინოდ "ბარსელონასთან".

დუელები ლიგისთვის
ჩვენი აზრით, საინტერესო წყვილია "ბილბაო"-"ვილიარეალი". ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჯერჯერობით ვალენსიური უფრო წარმატებულია, მაგრამ ბასკური შინ თამაშობს.

იგივე ითქმის "სელტა"-"სევილიას" დაპირისპირებაზეც. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა ახლახან თასზე ითამაშეს.

პარასკევი. 5 თებერვალი
მალაგა-ხეტაფე 23:30
დისკვალიფიკაცია: ალბენტოსა - პერეირა, კალა
ტრავმა: ველიგტონი, ფლავიო, ხუან კარლოსი, გ. კასტრო - მედრანი, ბუენდია (?), სარაბია (?), ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +9=2-8, (26-23)

შაბათი. 6 თებერვალი
ატლეტიკო-ეიბარი 19:00
დისკვალიფიკაცია: ფილიპე ლუიში, ხუანფრანი, გოდინი -
ტრავმა: ერნანდესი, სავიჩი (?), ფ. ტორესი (?), ტიაგო, ა. ფერნანდესი - რეინა, ლუნა, პანტიჩი, რამისი, ხ. ხიმენესი, არუაბარენა, დელ მორალი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3=0-0, (7-2)

ვალეკანო-ლას პალმასი 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ამაია (?), ემბარბა, ებერტი, კობენიო, ტონიო, რაცი - დ. სიმონი (?), ვილიან ჟოზე (?), ლისოაინი, მონტერო, ხ. კასტელიანო, არაუჟო, ერნანი, ელ ჟარი, ა. ერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=5-2, (11-10)

ბილბაო-ვილიარეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი -
ტრავმა: ირაისოსი (?), ი. გომესი, მუნიაინი, მოლინა, რაულ გარსია - ხ. კოსტა (?), ადრიანი, ბაილი, სამუელი, ასენხო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8=8-15, (34-47)

სპორტინგი-დეპორტივო 01:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კუელიარი (?), კანელია (?), კ. კასტრო, სუნიგა, ფრაილე, მუნისი - ფაბრისიო, კარტაბია (?), ბორხესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +9=11-15, (47-58)

კვირა. 7 თებერვალი
ლევანტე-ბარსელონა 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასადესუსი, ხოსე მარი, ხუანფრანი (?), პ. ლოპესი, რუბენ გარსია - რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +1=4-16, (23-67)

ბეტისი-ვალენსია 19:00
დისკვალიფიკაცია: სეხუდო - მუსტაფი
ტრავმა: ნ'დიაი (?), პორტილიო (?), ხოაკინი (?), კადირი, პ. ლოპესი, ფაბიანი, პიჩინი, ვესტერმანი (?), ვადილიო (?) - ფუეგო, ე. პერესი, ალკასერი, დ. ალვეში
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +28=20-49, (110-166)

სელტა-სევილია 21:15
დისკვალიფიკაცია: ორელიანა, მალიო -
ტრავმა: ფონტასი (?), ნოლიტო (?) - კრიხოვიაკი, ანდრეოლი, პარეხა (?), ბეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +35=13-39, (124-129)

გრანადა-რეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საქსესი, მენდესი, ფ. რიკო, რუისი, უჩე, ელ-არაბი, მაინსი, რ. პერესი, ბაბენი, ექტორი, მ. პერეირა (?) - პეპე, ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +6=8-29, (42-105)

ორშაბათი. 8 თებერვალი
ესპანიოლი-სოსიედადი 23:30
დისკვალიფიკაცია: - ოიერი
ტრავმა: ვ. სანჩესი, პაუ ლოპესი, დუარტე (?), არბილია, კაისედო, რობერტო - კ. მარტინესი, კანალესი, რ. ნავასი (?), გრანერო (?), აგირეჩე (?), დე ლა ბელია (?), ი. ბერჩიჩე, ზურუტუზა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 131 თამაში: +46=34-51, (170-178)

ბომბარდირები: 19 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 15 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო);13 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი); 12 - კევინ გამეირო (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - ანტონიო სანაბრია (სპორტინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული