მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს მადრიდში გამართავს, სადაც კოლუმბიის ნაკრებს უმასპინძლებს. გუშინ "ფურია როხას" თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ოთხშაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძირითადად ჩვენთვის ნაცნობი ესპანელი ვარსკვლავები ითამაშებენ, დელ ბოსკემ სიურპრიზებისგან თავი შეიკავა. ნაკრებში არ არიან "ვალენსიას" ლიდერი ხუან მატა და "ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი, ორივე მათგანს მცირე ტრავმა აწუხებს და დელ ბოსკე მათი ჯანმრთელობით ამხანაგურ მატჩში არ გარისკავს.
სანტი კასორლა, რომელიც ვერ მოხვდა სამუნდიალე შემადგენლობაში, დიდებულ ფორმაშია და დელ ბოსკემ ის კიდევ ერთხელ გამოიძახა
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), პეპე რეინა (ლივერპული), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).
მცველები: რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ხოან კაპდევილა, კარლოს მარჩენა (ვილიარეალი).
ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (რეალი), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), სანტი კასორლა (ვილიარეალი), სესკ ფაბრეგასი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხესუს ნავასი (სევილია).
თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი).
როგორც ხედავთ, შემადგენლობაში 9 კლუბის ფეხბურთელები არიან, აქედან 5 ესპანურია: "ბარსელონა", "რეალი", "ვილიარეალი", "სევილია" და "ბილბაო", 4 ინგლისური - "ჩელსი", "ლივერპული", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი".
პრესკონფერენციაზე ვისენტე დელ ბოსკე, ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული მივიდა, მიზეზი კი სწორედ ეს კლუბებია, რომელთა ნაწილიც თავიანთი ვარსკვლავის დასვენებას, ან ცოტა ხნით თამაშს მოითხოვს. დელ ბოსკემ გადაწყვიტა პრინციპული იყოს ამ საკითხში: "ისინი, ვინც მოვიწვიე, მზად უნდა იყვნენ, რომ შეიძლება 90 წუთი მოუწიოთ თამაში. ჩვენ თვითოეულ მათგანზე ვზრუნავთ და ვიზრუნებთ კიდეც, მაგრამ მათგანაც იგივეს ვითხოვთ, რომ აღარ განმეორდეს ისეთი სირცხვილი, როგორიც პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში შეგვემთხვა. გვინდა, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში უბრალო რუტინული შრომა კი არა დიდი პატივია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ რაც შეიძლება კარგად საკუთარი გულშემატკივრის წინ. ჩვენი მთავარი მიზანია, ესპანეთის ნაკრები ჩეხებთან და ლიტველებთან ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, პორტუგალია კი აღარ უნდა განმეორდეს არასდროს", - განაცხადა დელ ბოსკემ.
როგორც ჩანს, ესპანეთის ნაკრების თავკაცს უკვე დაუწყეს ვაჭრობა, რომ მათმა ვარსკვლავებმა, რაც შეიძლება მცირე დრო დაჰყონ მოედანზე. ამ საქმეში კი განსაკუთრებით ინგლისური კლუბები "ყოჩაღობენ", თუმცა მწვრთნელი დათმობაზე წასვლას არავისთან აპირებს.
ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ამხანაგური მატჩი არ მოუგია. მოგებას ვინ ჩივის, არგენტინასთან და პორტუგალიასთან "ფურია როხამ" ჯამში 8 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა. მიუხედავად, დიდი ანგარიშით მარცხებისა, ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ყველა შესარჩევი მატჩი ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მთავარი კი სწორედ ესაა.
ბოლოს დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესის ტრანსფერზეც ილაპარაკა "ჩელსიში": "მას შემდეგ მე ფერნანდოსთან არ მისაუბრია, ჩემთვის ეს ტრანსფერი დიდი სიურპრიზი იყო. ვფიქრობ, ის წინგადადგმული ნაბიჯია ნანდოს კარიერაში", - განაცხადა დელ ბოსკემ, რომელსაც ახლახან მეფე ხუან კარლოსმა მარკიზის ტიტული მიანიჭა: "იმედია, ამის შემდეგაც ბიჭები ვისენტეს ან მწვრთნელს დამიძახებენ. ისე, კი ეს ტიტული ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა."
კოლუმბიის ნაკრების თავკაცმა ერნან დარიო გომესმა ამ მატჩისთვის ესენი გამოიძახა:
მეკარეები: დავიდ ოსპინა (ნიცა), ლუის ენრიკე მარტინესი (ონსე კალდასი).
მცველები: ამარანტო პერეა (ატლეტიკო), მარიო იეპესი (მილანი), კამილო სუნიგა (ნაპოლი), პაბლო არმერო (უდინეზე), კრისტიან საპატა (უდინეზე).
ნახევარმცველები: ხუან დავიდ ვალენსია (ატლეტიკო ხუნიორი), აბელ აგილარი (ერკულესი), იულიან ანჩიკო (პაჩუკა), ფრედი გუარინი (პორტუ), ხუან კუადრადო (უდინეზე), კარლოს სანჩესი (ვალანსიენი), ჯოვანი მორენო (რასინგი).
თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო (პორტუ), დაირო მორენო (ონსე კალდასი), უგო როდალეგა (უიგანი), ადრიან რამოსი (ჰერტა).
.