ახალი აღიარებით დავიწყებთ - ორშაბათს "ფურია როხას" ლაურეუსის პრიზი, ანუ "სპორტული ოსკარი" გადაეცა, როგორც 2010 წლის საუკეთესო სპორტული გუნდს. ეს ცერემონიალი აბუ დაბიში გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა იტალიურ "ინტერს" გაასწრო, რომელმაც შარშან "ტრიპლი" გაახერხა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და იტალიის თასი. სხვათა შორის, ამ ამბიდან 24 საათში
მაშინ, როცა "ფურია როხას" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს "ბანკეტიდან ბანკეტზე" იწვევენ, ესპანურ და ევროპულ მედიაში არ წყდება ლაპარაკი კრიზისზე. ესპანეთის ნაკრებმა უნაკლოდ კი დაიწყო ევრო-2012-ის შესარჩევი კამპანია, მაგრამ სამ ამხანაგურ თამაშში მიჯრით ერთიც ვერ მოიგო, მოიგო კი არა ორჯერ ძალიანაც შერცხვა - დიდი ანგარიშებით წააგო არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებთან. დელ ბოსკემ იცის, რომ ამ შეხვედრებში "ფურია როხა" ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ არ აღიარებს, რომ ეს კრიზისის ნიშანია:
"სამი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ვერც ერთი ვერ მოვიგეთ. სხვებმა კარგად ითამაშეს, ჩვენ კი - არა, რომელ ჭკუათმყოფელ მწვრთნელს გაუხარდება ეს, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე კრიზისზე მიუთითებს. მე შორს ვარ ამ აზრისგან. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მსგავსი მატჩები, როგორიც არგენტინასთან და პორტუგალიასთან გვქონდა, მომავალში აღარ გამეორდეს. გარწმუნებთ, ბიჭები მზად არიან დაამტკიცონ, რომ ერთეული შემთხვევები კრიზისს არ ნიშნავს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვემზადებით მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე", - განაცხადა გუშინ ვისენტე დელ ბოსკემ.
დელ ბოსკეს გარდა მედიას ნაკრებიდან გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი და ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი წარუდგნენ. ბარსელონელმა გუნდის სურვილი გადმოგვცა, მსოფლიოს ჩემპიონები აპირებენ კოლუმბიასთან კარგი თამაშით დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ პლანეტაზე საუკეთესო სპორტული გუნდის წოდებას.
"არგენტინისა და პორტუგალიის დამარცხება გულით გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა ჩვენ გაორმაგებული ენერგიით ვეკვეთებით კოლუმბიას, არ ვიძახი, რომ არგენტინისა და პორტუგალიის ჯავრის ამოყრა მათზე გვსურს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მართლა ვიმსახურებთ საუკეთესოს წოდებას. ძალიან კარგად ვიცით, რომ კოლუმბიის ნაკრებიც არ არის საჩუქარი და ის ხვალ ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ნაკრებში დიდებული სიტუაციაა, ბიჭებს შორის ურთიერთგაგებაა. ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთ ნაკრებში ვთამაშობთ და ერთი ინტერესი გვაქვს. ნაკრებში დადებითი განწყობაა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - განაცხადა ბუსკეტსმა და, ვფიქრობთ, კატალონიაში მისი ფრაზა ზოგიერთში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
"ბარსელონას" ნახევარმცველმა იმაზეც ილაპარაკა, რომ ეს გუნდი არა მხოლოდ ევრო-2012-ისთვის ემზადება, არამედ ნაწილი ფეხბურთელებისა ლონდონის ოლიმპიადაზეც ფიქრობს: "გაისად ორივეგან მსურს თამაში, ევროპის ჩემპიონატზეც და ოლიმპიურ თამაშებზეც. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს, ალბათ ამის შესახებ მოლაპარაკებაც მექნება, თუმცა უდიდესი სურვილი მაქვს ორივეგან ვითამაშო. ყველაფერი მომავალი სეზონის ბოლოს გაირკვევა, თუმცა, ვიცი, ფიზიკურად ამას შევძლებ. ფეხბურთის თამაშზე უარის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ბუსკეტსმა.
იკერ კასილიასმა ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელი დავიდ ვილია გამოარჩია და ახლანდელი წარმატებების საწინდარად "ელ გუახეს" თამაში მიიჩნია. შეგახსენებთ, რომ ვილიას დღეს შეუძლია რაულის რეკორდის დამხობა - ახლა მას და "რეალის" ცოცხალ ლეგენდას ეროვნული ნაკრების მაისურით 44-44 გოლი აქვთ გატანილი, ერთიც და "ელ გუახე" "ფურია როხას" ერთპიროვნული ბომბარდირი და რეკორდსმენი იქნება: "დავიდი ბოლო წლებში ჩვენი გუნდის შეუცვლელ ნაწილად იქცა. "სპორტინგიდან" ის მეტეორივით შემოიჭრა საფეხბურთო სამყაროში და მისი კარიერა სწრაფი ტემპით მიდის წინ. ჩვენ ყველანი შევხარით მის წარმატებებს და ვილიასგან კიდევ უფრო მეტს ველით უახლოეს მომავალში. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ესპანეთის ნაკრების წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ვილია იყო", - შეაქო რეკორდსმენი თანაგუნდელი კასილიასმა.
კასილიასმა ნაკრების ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზეც ილაპარაკა: "არგენტინასთან და მექსიკასთან მატჩები დაგეგმილი არ იყო, ჩვენ სათანადოდ ვერ განვეწყეთ, მაშინ, როცა მეტოქეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონთან დაპირისპირება დამატებითი სტიმულია. ამიტომაც, უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ფრთხილნი", - ასრულებს აზრს "რეალის" გოლკიპერი.
კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს პრიმერას წარმომადგენელი - "ატლეტიკოს" მცველი ლუის პერეა. კოლუმბიელ ფეხბურთელთაგან სწორედ ის წარუდგა მედიას: "ესპანეთის ნაკრები იშვიათ გუნდთაგანია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. სხვა ნაკრებები უფრო მიზანდასახულ, კონტაქტურ თამაშს გვთავაზობენ. ესპანეთის ნაკრები კი უპირატესობას კომბინაციებს ანიჭებს. ის დიდებულად დაკომპლექტებული გუნდია. ძალიან კარგია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზეა" თამაში, ამ ისტორიულ არენაზე. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვიბრძოლებთ, რათა კოლუმბიის სახელი და დროშა არ შევარცხვინოთ. გვინდა, რომ "კოპა ამერიკამდე" კიდევ ბევრი მოვუმატოთ. ესპანელებთან მოგებაზეც ვფიქრობთ, რატომაც არა? ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, თუკი მოვიგებთ, საქვეყნო აღიარებას მივიღებთ", - განაცხადა "ატლეტიკოს" მცველმა.
სხვათა შორის, ესპანეთისა და არგენტინის ფეხბურთის მამები ძალიან ახლოს არიან ახალი ამხანაგური მატჩის დასათქმელად. საქმეში ინდოეთის ფეხბურთის ასოციაცია ჩაერია. ინდოელები სექტემბერში კალკუტაში მინი-ტურნირის მოწყობას აპირებენ, ისინი უკვე შეუთანხმდნენ არგენტინელებს, მეორე გუნდი კი ან ესპანეთის ნაკრები იქნება, ან პორტუგალია. ინდოეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა უტპალ განგულიმ ისიც დააყოლა, რომ ესპანეთის ნაკრებთან უფრო ახლოს არიან ხელშეკრულების გაფორმებასთან: "მოლაპარაკებები გრძელდება. ეს იქნება ფანტასტიკური მატჩი, თითქმის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ეს იქნება ისტორიული დღე კალკუტასა და მთელ ინდოეთში."
ესპანეთის ნაკრებმა გუშინ ბოლოჯერ ივარჯიშა ბაზაზე, "მარკას" ჟურნალისტებმა გამოჩხრიკეს და დაადგინეს, რომ დელ ბოსკე არ უპირებს "ჩელსის" ახალწვეულ ფერნანდო ტორესს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას.
"მარკას" ვერსიით, ესპანეთის ნაკრების თერთმეტეული ასეთი იქნება: კასილიასი, სერხიო რამოსი, ალბიოლი, პიკე, კაპდევილა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა, ვილია, პედრო.
.