რას უმზადებს ბილბაო საფეხბურთო ევროპას
პრიმერას 22-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკმა" დავიდ ლოპესის, გაისკა ტოკეროსა და ფერნანდო ლორენტეს გოლებით 3:0 გაანადგურა ხიხონის "სპორტინგი" და ლა ლიგაში უკვე მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. სეზონის ბოლო რომ იყოს, ეს ადგილი ბილბაოელებს ევროპის ლიგაში თამაშის საშუალებას მისცემდა, თუმცა არც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან მე-4 ადგილამდე არის უზომოდ შორი - ბასკებს "ვალენსიამდე" 6 ქულა აშორებთ. მაშინ, როცა ესპანურ პრიმერაში "ბარსას" გარდა ყველა გუნდს სხვადასხვა პრობლემა ექმნება - ბილბაოელებს ჯერჯერობით ულხინთ: მათი მთავარი მონაპოვარი მაინც მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდის,
შუა სატრანსფერო პერიოდში "ლოს ლეონესი" (ლომები ესპანურად) პრეზიდენტი ფერნანდო გარსია მაკუა დაიღალა ერთი და იგივეს მტკიცებით, რომ ფერნანდო ლორენტეს არც თავად სურს კლუბთან განშორება და რომ მას არც არანაირ თანხად არ გაყიდიან. "ფეხბურთში მთავარი ფული არ არის, ასეც რომ იყოს, ფული ჩვენ არ გვაკლია, ლორენტეს გაყიდვას კი არა, ჩვენი განვითარების კონკრეტული გეგმა გვაქვს და ამ გეგმაში ფერნანდოს ცენტრალური როლი უკავია. ჩვენი გეგმის დეტალებს კი ნელნელა შეიტყობთ", - ამტკიცებდა პრეზიდენტი, მაგრამ არავინ უჯერებდა. ყველას ეგონა, რომ ის "რეალთან" ან რომელიმე სხვა პოტენციურ მყიდველ კლუბთან ვაჭრობდა. დრო გადის და მაკუას სიტყვების სიმართლე ნელნელა აშკარა ხდება, თუნდაც ანდერის ტრანსფერი ჩათვალეთ საამისო მტკიცებულებად, ან თუნდაც ის, რომ ფერნანდო ლორენტე აცხადებს: "კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მეამაყება, რომ ისეთი მდიდარი ისტორიის ნაწილი ვარ, როგორიც ბილბაოს "ატლეტიკია".
კლუბს ისტორია მართლაც ძალზე მდიდრული და ორიგინალური აქვს. მის მოყოლას ახლა არ შევუდგებით, უბრალოდ ვიტყვით, რომ 1898 წელს შექმნილი კლუბი "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად იმ ტრიუმვირატს ქმნის, რომელიც არასოდეს გავარდნილა პრიმერადან. "ატლეტიკი" ესპანეთის ჩემპიონი 8-ჯერ გახდა, სამეფო თასი კი 23-ჯერ მოიგო! თუმცა ბასკები საერთაშორისო ასპარეზზე უეფას თასის ფინალში გავლის მეტი (1977 წ) დიდი ვერაფრით დაიკვეხნის. ორიგინალურობა კი ყველასთვის ცნობილია - ბილბაოს "ატლეტიკი" ყოველთვის ადგილობრივ ტალანტს ეყრდნობა, ის მოთამაშეებს მხოლოდ "დიდი ბასკეთიდან" იწვევს (ამ რეგიონში შედის ბისკაია, გიპუსკოა, ალავა, ნავარა - ესპანეთში და ლაბური, სოლა და ქვედა ნავარა - საფრანგეთში). "ატლეტიკი" "სან მამესზე" თამაშობს, რომელსაც ესპანეთში, არც მეტი არც ნაკლები, "საფეხბურთო კათედრალი" ეწოდება. მამესი იყო ქრისტიანი, რომელიც რომაელებმა ლომებს შეუგდეს საჯიჯგნად, თუმცა ლომები მოულოდნელად თვინიერნი გახდეს და მას ხელი არ დააკარეს. მოგვიანებით ის ესპანეთში წმინდად შერაცხეს.
მოკლედ, მდიდარ ისტორიას დღეს კარგი ბაზისი და შესანიშნავი პერსპექტივა უმაგრებს. ხოაკინ კაპაროსმა მოახერხა ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შეკვრა. გასულ სეზონში მე-8 ადგილზე გასული "ბილბაო" წლეულს აშკარად მეტისთვისაა მზად. 55 წლის სპეციალისტი 2007
წლიდან უძღვება გუნდს, უნარიანადაც.
ახალ სეზონში ნახევარზე მეტი გაილია და ბილბაოელებმა 22-დან 12 თამაში მოიგეს, 2-ჯერ კი ფრე ითამაშეს. მათ მეტოქეთა კარი 37-ჯერ დალაშქრეს. 5 დეკემბერს "რეალ სოსიედადთან" ბასკურ დერბიში 0:2 წაგების შემდეგ კაპაროსის გუნდმა 8 ტურიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, ბოლო ოთხი მატჩია, "ბილბაო" მხოლოდ იგებს (10-1 ბურთების ბალანსი). რის ხარჯზე მოახერხეს "ბილბაოელებმა" მდგომარეობის გაუმჯებესება ბოლო დროს? - პასუხი ცალსახაა, გუნდი შეთამაშდა და გაცილებით უკეთ აკონტროლებს ბურთს. ადრე თუ ეს ძალიან უჭირდა ("ბარსელონასთან" ბურთის ფლობის პროცენტი სამარცხვინო ჰქონდათ - 26%), ახლა ამ მაჩვენებლით შინ ყველას სჯობნიან, სტუმრად კი თანასწორად არიან.
კაპაროსის უპირატესობა ის არის, რომ მას სხვა საშუალო ესპანურ გუნდებისგან განსხვავებით ტაქტიკური სქემების ცვლის საშუალება აქვს, მას ჰყავს შესაბამისი კადრები. ათამაშდა გაისკა ტოკერო და მწვრთნელმა ორი თავდამსხმელით თამაშზე გააკეთა აქცენტი (ერთხელ სამიც დააყენა). ბოლო ტურებია მწვრთნელი 4-3-1-2 სისტემას იყენებს. ასეთ შემთხვევაში "ბილბაო" ფერნანდო ლორენტესა და გაისკა ტოკეროს წყვილს იყენებს, რომელთაც სიღრმიდან კარლოს გურპეგი ეხმარება. ახალი სეზონიდან ამ სამკუთხედის საწყის წახნაგში სწორედ ანდერ ერერას უპირებენ ჩასმას.
მოკლედ, განვიხილოთ კაპაროსის "ლომები". ვნახოთ, რა არის ბასკთა ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზი. კარს იცავს 29 წლის გორკა ირაისოსი, რომელმაც ამ სეზონში ყველა მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. 189 სმ. სიმაღლის მეკარე 2007 წელს იყიდეს "ესპანიოლიდან" 4,6 მილიონ ევროდ. მან დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი. თუ როგორი მეკარეა გორკა, სჯობს კაკას და კრიშტიანო რონალდოს ჰკითხოთ, შარშან იანვარში მან "რეალის" წინააღმდეგ ფანტასტიკური "სეივები" აკეთა. თუკი დაცვის მარცხენა ფრთაზე ამ სეზონში უკვე 4 ფეხბურთელი მოსინჯეს, მარჯვენაზე ყველაფერი გარკვეულია - 28 წლის ანდონი ირაოლა "ატლეტიკის" განთქმული საბავშვო სისტემის, ლეზამას აღზრდილია. შემტევი, მებრძოლი და კარგი ჩაწოდების პატრონი , ტექნიკური და აგრესიული გუნდური სტილის ფეხბურთელია. როცა წინ ფერნანდო ლორენტე გყავს, ირაოლას დარი ჩამწოდებლები, აუცილებლად საჭიროა გუნდში. მარცხენა ფლანგი ჯერ ვერ გაიყვეს გამოცდილმა კოიკილი დელ კამპომ და 19 წლის იონ აურტენეჩემ. ეს უკანასკნელი ესპანეთის 19-წლამდლთა ნაკრების წევრი და გუნდის მომავალი ბირთვის სავარაუდო ნაწილია. დაცვის ცენტრში დაიბევა ადგილი მიკელ სან ხოსემ, 21 წლის ტანმაღალმა ფეხბურთელმა, რომელიც "ლივერპულის" საკუთრება იყო და მშობლიურ კლუბს მისი გამოსყიდვა მოუწია. სან ხოსეს უპირატესობა თავით თამაში და უნივერსალობაა. ის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, მაგრამ ახლა ასაკით აღარ უწევს ოთარ გაბელიას გუნდთან დაპირისპირება. მეორე ცენტრალურ მცველად დამკვიდრებას ბასკური წარმოშობის ვენესუელელი ფერნანდო ამორებიეტა, უსტარიც ასტარლოა და ახალი შენაძენი, 22 წლის ბორხა ეკიზა ცდილობენ. არის კიდევ გამოცდილი აიტორ ოსიოც, მაგრამ მისი დრო უკვე წასულია.
ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე ბოლო დროს 28 წლის დავიდ ლოპესმა აჯობა 23 წლის მარკელ სუსაეტას. მარცენა ფლანგზე კი ბასკური კლუბის უმთავრესი იმედი - იკერ მუნიაინი თამაშობს. 18 წლის მუნიაინს კი ნამდვილად ვიხილავთ თბილისში, თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი ან... ესპანეთის მთავარ ნაკრებში არ გამოიძახეს. იკერი "ატლეტიკის" მდიდარ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა იყო, როცა "ბილბაოს" ძირითადი გუნდის მაისურა მოირგო - 16 წლისა და 7 თვის. ტანდაბალი მუნიაინი რაკეტასავით დაქრის მარცხენა ფლანგზე და უაღრესად ტექნიკურია. ამ ფლანგზე ხანდახან ვეტერანი იგორ გაბილონდო თამაშობს.
მოედნის შუაში ორ ფეხბურთელს გამოვარჩევთ: მსოფლიოს ჩემპიონ 22 წლის ხავიერ მარტინესს და კარლოს გურპეგის. იცით, როგორი ფეხბურთელია ხავი მარტინესი? ისეთი, როგორსაც ნებისმიერი გუნდი ინატრებს! 190 სანტიმეტრი სიმაღლის მარტინესი ერთდროულად სწრაფიც არის, ტექნიკურიც, თავით უბადლოდ თამაშობს, დიდებულად ართმევს თავდაცვით ფუნქციებს, მაგრამ შეტევაშიც მაგარია, კარგად ასრულებს სტანდარტულებს. მეტი რაღა ქნას ფეხბურთელმა, რომელიც "ბილბაომ" 17 წლის ასაკში 6 მილიონ ევროდ წაჰგვარა "ოსასუნას". ამბობენ, რომ პამლონაში ახლაც ნანობენ მარტინესის გაშვებას და ამას კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომად აფასებენ. 2010 წელს მას "დონ ბალონის" პრიზი გადაეცა, როგორიც სეზონის ყველაზე გაუმჯობესებულ ფეხბურთელს. გურპეგის გარდა შუახაზში თამაშობს პაბლო ორბაისიც, გუნდის კაპიტანი. წინა ხაზზე კი უკვე დავწერეთ...
ლიდერები
20. ფერნანდო ლორენტე
25 წლის, 194 სმ
22 თამაში, 13 გოლი
16. ხავი მარტინესი
22 წლის, 190 სმ
20 თამაში, 4 გოლი
მომავალი
27. იკერ მუნიაინი
18 წლის, 167 სმ
19 თ, 2 გოლი
ანდერ ერერა
21 წლის, 182 სმ
ითამაშებს 1 ივლისიდან
ბილბაო ამ სეზონში: ირაისოსი (22), ირაოლა (22, 2), ლორენტე (22, 13), ხ. მარტინესი (20, 4), სან ხოსე (20, 2), გურპეგი (19, 2), მუნიაინი (19, 2), სუსაეტა (19), გაბილონდო (18, 5), ტოკერო (16, 3), დ. ლოპესი (14, 3), ორბაისი (13), აურტენეჩე (10), იტურასპე (10), კოიკილი (10), ამორებიეტა (9), უსტარიცი (9), ი. მარტინესი (8), დე მარკოსი (6), ეკიზა (5), ველესი (5), ოსიო (4), კასტილიო (3), პერესი (2, 1), ვერა (1), დე სერიო (1), გომესი (1), ა. ფერნანდესი, ი. ფერნანდესი, ბალენზიაგა, ჩ. ეჩებარია.