60 მილიონი ანდრე გომეშის სანაცვლოდ - "ვალენსია" ევროპის ჩემპიონს კარგავს

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ვალენსია" ევროპის ჩემპიონ ანდრე გომეშს კარგავს.

22 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, რომელიც მთლიანად "ღამურების" რიგებში გაიხსნა და საფეხბურთო სამყარომაც "ვალენსიიდან" გაიცნო, დღე-დღეზე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება. "მარკას" ცნობით, ანდრე გომეშის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" 60-65 მილიონ ევროს გადაიხდის.

პორტუგალიელი "ესტადიო მესტალიაზე" 2014/15 წლების სეზონიდანაა, ჯერ იჯარის წესით, შემდეგ კი "ვალენსიის" სრულუფლებიან წევრად. "რეალი" ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც პორტუგალიელმა მოხიბლა, მისი დამატება სურს ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში", ანტონიო კონტეს "ჩელსიში" და ლუის ენრიკეს "ბარსელონაში".

გომეშმა ევრო 2016-ზე ხუთ
შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას არ უთამაშია ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.

მას მერე, რაც "ვალენსიამ" ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი ლუიშ ნანი და ალვარო მედრანი დაიმატა, კლუბმა ვიღაც აუცილებლად უნდა გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური "ფეარ პლეის" კანონის თანახმად, დაისჯება.

"ლოს ჩეს" ხელმძღვანელობამ უნდა იჩქაროს, რომ ისეთივე უხერხული სიტუაცია არ შეექმნას, როგორც შარშან მოხდა ნიკოლას ოტამენდის ტრანსფერთან დაკავშირებით. შარშან არგენტინელმა მცველმა არ ითამაშა "ვალენსიის" საკვალიფიკაციო პლეი ოფში, რადგან შემდეგ "სიტის" შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებდა ჯგუფურ ეტაპზე.

"როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო ბაზრის წესები საკმაოდ მკაცრია. მე არ გამოვრიცხავ ორივე ვარიანტს - გომეში მიდის ან გომეში რჩება", - განაცხადა "ვალენსიის" თავკაცმა პაკო აიესტარანმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" საკმაოდ ხელგაშლილი წინადადების მიუხედავად, ანდრე გომეშს ხელშეკრულებაში კიდევ უფრო დიდი გამოსასყიდი თანხა უწერია - 110 მილიონი ევრო, თუმცა ამხელა თანხას მასში, ალბათ, არავინ გადაიხდის და ეს კარგად უწყიან "ღამურების" ბოსებმა. გომეშმა ლა ლიგის ბოლო ორ სეზონში 7 გოლი გაიტანა.

***
ამ სატრანსფერო სეზონში "ვალენსიამ" იჯარიდან გამოითხოვა ფედე კარტაბია, ლუკას ორბანი, სალვა რუისი და რობერტ იბანიესი. ჯერ უცნობია, ამ კვარტეტიდან ვინ დარჩება გუნდში და ვის მოუწევს ხელახალი იჯარა. "ვალენსიამ" "ფენერბაჰჩედან" ნანი დაიმატა, ხოლო "რეალიდან" - ალვარო მედრანი.

გუნდი დატოვეს ანტონიო ბარაგანმა და ალვარო ნეგრედომ, ორივე აიტორ კარანკასთან "მიდლსბროში" გადავიდა. სოფიან ფეგული "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდა, პაბლო პიატი კი "ესპანიოლში" გაანათხოვრეს. ამასთან, რუსი დენის ჩერიშევი "რეალს" დაუბრუნდა, შემდეგ კი "ვილიარეალში" გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე კიდე დვალიშვილს არ ვურჩევ ისეთ პიტალო გუნდში გადასვლას როგორიც რეალია.
coco
09:53 25-07-2016
0
ბარსელონამ იყიდა უკვე.ოფიციალურადაც დაადასტურა ბარსას საიტმა.რეალს დვალიშვილის ყიდვას ვურჩევ:)
cule
12:16 22-07-2016
0

სიახლეები პოპულარული