უფრო სევდიანი ის არის, რომ "ულვაშა" მწვრთნელობიდან მიდის და საფეხბურთო ჩინოვნიკი ხდება. მართალია, მან კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებულად ვერ გააგრძელა, მაგრამ მისივე თქმის არ იყოს, ვერც ფეხბურთში და ალბათ, ვერც სხვა სფეროში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ.
სამაგიეროდ, დელ ბოსკე ის კაცია, რომელმაც ესპანეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, რასაც ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონობაც დაამატა და ლუის არაგონესის გაკვალულ გზაზე სიარული ღირსეულად გააგრძელა.
იქამდე კი, თავად დონ ვისენტეს მოვუსმინოთ, რომელიც წასვლისას თავის მოსაზრებებს გვიზიარებს და გასულ წლებზე გვესაუბრება...
- 8 წელი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყავით. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს?
- ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, ბევრი რამ მოგვეგო და ეს მოვახერხეთ, მაგრამ იყო წაგებებიც. ეს სპორტია და სულ ვერ გაიმარჯვებ. თუმცა მაქვს შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტაბილურად კარგ თამაშს ვაჩვენებდით და ვფიქრობ, დაკისრებული მოვალეობა ცუდად არ შემისრულებია.
- რომელი გრძნობა უფრო მძაფრია? კმაყოფილება, იმედგაცრუება, თავდაჯერებულობა...
- მე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ეს უმთავრესია. ერთად რამდენიმე ბრწყინვალე წელიწადი გავატარეთ, მათ შორის, 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლა საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე, რომლებზეც დიდი წარმატებით ვერ გამოვედით.
მთლიანობაში, თუ ყველაფერს გავაანალიზებთ, ბევრი კარგი გაგვახსენდება და ამ პერიოდს პოზიტიურად ვუყურებ. ჩვენ 36 საკვალიფიკაციო მატჩი ჩავატარეთ და აქედან 33 მოვიგეთ და ერთადერთხელ დავმარცხდით. ეს დადებითი სტატისტიკაა. ჩვენ საკუთარ სტილს არ ვუღალატეთ და მის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე ვმუშაობდით; სტილს, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
- დავაც არ ღირს იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება თქვენს პერიოდში საუკეთესო მიღწევა იყო. ტიტულების გარდა, რას გამოარჩევდით ამ წლებში, თქვენი მწვრთნელობის ეპოქაში?
- სცენაზე, პირველ რიგში, ფეხბურთელები არიან და ყველაზე კარგი ის არის, რომ მათი ქცევა სამაგალითო გახლდათ. ისინი ჩემპიონები იყვნენ მინდორზე და მის მიღმაც მაგალითის მიმცემნი გახლდნენ. ჩვენ ვცდილობდით, რომ წლების განმავლობაში ასე ყოფილიყო და ეს გამოგვივიდა. ვფიქრობ, პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოვარჩიო.
- რამეს თუ ნანობთ?
- არა, სიმართლე გითხრათ, არა. იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერი შევასრულეთ, რაც გეგმაში გვქონდა. ეს რომ ფაქტობრივად შეუძლებელი და მიუღწეველი გახლავთ, ყველამ ვიცით. მოგვეგო კიდევ ერთი მუნდიალი და კიდევ ერთი ევრო, თანაც, ზედიზედ, ვირტუალური რეალობა გახლდათ. თუმცა პოსტს ვტოვებ იმ შეგრძნებით, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით და ჩვენს თამაშს ვთამაშობდით. ჩვენ შევძელით და კარგად გავაგრძელეთ ლუის არაგონესის მიერ ბრწყინვალედ დაწყებული საქმე. თვალს თუ გადავავლებთ ახლანდელ ნაკრებს, ის ოპტიმიზმის საუძველს იძლევა.
- თქვენ ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობთ არაგონესზე და იმ სამუშაოზე, რომელიც მან გასწია. შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა მემკვიდრეობა მიიღეთ მისგან და რას უტოვებთ თქვენს შემცვლელს?
- ჩვენ მივიღეთ ის შესანიშნავი სტილი, რომელიც ესპანეთში ბოლო წლებში დომინირებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა მწვრთნელი თავისებურად მართავს გუნდს და ეს მის ხედვაზე, ხასიათსა და პიროვნებაზეა დამოკიდებული. ორი ზუსტად ერთნაირი სპეციალისტი არ არსებობს. 2008 წელს ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები გვყავდა, მაგრამ მე გარკვეული ცვლილებები მაინც შევიტანე მასში. მიმაჩნია, რომ ახლანდელი ნაკრებიც სწორი მიმართულებით მიდის და შემდეგი მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს. გუნდს სჭირდება ხოლმე ახალი სახეები, ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ შანსს.
- დიდი პრივილეგიაა, როდესაც ესპანეთის ისეთ ნაკრებს უდგახარ სათავეში, რომელიც ასეთი საუცხოო თაობითაა დაკომპლექტებული. თუმცა, რა არის ამ სამუშაოს ნეგატიური მხარე?
- ყველაზე მძიმე არის, როდესაც ბევრი კარგი ფეხბურთელიდან საუკეთესოების არჩევა გიწევს. ზოგჯერ შესაძლოა, შერჩევაში შეცდომაც დაუშვა, თავიდან ეს ძნელი გასათვლელია. ასე რომ, ყველაზე ნეგატიური კუთხით ამ მომენტს განვიხილავ. იცი, რომ ბევრ მოთამაშეს და ფანს გულს დაწყვეტ, რადგან არაერთი კარგი ფეხბურთელი დარჩება ნაკრებს მიღმა.
- როდესაც საუბარია ისეთ ძლიერ გუნდებზე, როგორიც ბოლო წლების ესპანეთია, რომლებსაც მსგავსი დიდებული შემადგენლობა ჰყავთ, რამდენად დიდია ასეთ დროს მწვრთნელის როლი და გავლენა?
- მთავარია, გქონდეს კარგი "მასალა". შემდეგ უკვე მწვრთნელმა უნდა იპოვოს ბალანსი და ხერხი, თუ როგორ მიიღოს მაქსიმუმი ფეხბურთელებისგან.
არსებობს ორი უმთავრესი ფაქტორი, რომელშიც მწვრთნელი ძლიერი უნდა იყოს. პირველი ეს არის, როდესაც გუნდი იკრიბება, თავკაცი კარგი ლიდერი უნდა იყოს და ამავდროულად, მეგობრული ატმოსფერო დაამკვიდროს გუნდში; მეორე - ის უნდა დაეხმაროს ფეხბურთელების ჯგუფს იმაში, რომ ის მართლაც "დიდ" გუნდად იქცეს, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.
- საფეხბურთო სამყაროს მოკლე მეხსიერება აქვს. 2012 წელს თქვენ წლის მწვრთნელად გაღიარეს და მეფედ გაკურთხეს, თუმცა, როგორც კი ტიტულის მოგება ვეღარ შეძელით, კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდათ თავს. როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?
- მთლიანობაში, საწუწუნო არაფერი მაქვს და უკმაყოფილო ვერ ვიქნები. როდესაც აგებ, კრიტიკა ნორმალური მოვლენაა. ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო სამყაროში ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. ვერც იმათ შეებრძოლები, ვინც შემადგენლობას აპროტესტებს, ყველას თავისი აზრი აქვს. მთავარია, რომ სითბო და კომპლიმენტები უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე უკმაყოფილება და კრიტიკა.
- ესპანეთმა თავისი გამორჩეული სტილით მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ამან აღარ იმუშავა 2014 წლის მუნდიალზე და ევრო 2016-ზე, რასაც დიდი განხილვები და დებატები მოჰყვა. თქვენც ჩავის პოზიციას იზიარებთ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო სტილია თუ ფიქრობთ, რომ რაღაც ახლის დრო მოვიდა?
- ეს გადაწყვეტილება ახალმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს და ვფიქრობ, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. ჩემი პერიოდი დასრულდა და ახლა ვინც მოვა, ის აირჩევს, როგორი გზით უნდა წავიდეს და მჯერა, რომ ნაკრებს სწორი გზით წაიყვანს.
- რამე რჩევა ხომ არ გაქვთ თქვენი შემცვლელისთვის?
- არა, საერთოდ არა. ყველა ჩვენგანი ფეხბურთს სხვაგვარად უყურებს და საკუთარი ხედვა აქვს. ამიტომაც შენი აზრის მოხვევა, მით უმეტეს, შენს შემცვლელზე, არასწორია. მომავალ მწვრთნელს აბსოლუტური თავისუფლება უნდა ჰქონდეს და საშუალება, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც თავად თვლის საჭიროდ და სწორად.
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წასვლის მერე? გაქვთ უკვე რამე დაგეგმილი?
- ჯერ არაფერი ვიცი, ფედერაციაში ვიმუშავებ. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ნოსტალგია შემოაწვება და წარსულით იცხოვრებს. შევეცდები, ჩემს ახლობლებთან ერთად კარგი და სასიამოვნო ცხოვრებით ვიცხოვრო. ნაკლები პასუხისმგებლობა მექნება და უფრო მოდუნებული ვიქნები. ამ მომენტისთვის დასვენებასა და ოჯახთან მეტი დროის გატარებას ვაპირებ. საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
- არის რომელიმე გზავნილი, რომელიც წასვლის მერე მიიღეთ და განსაკუთრებით გამოარჩევდით?
- ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე - მეგობრებისგან, ფეხბურთელებისგან, საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე ხალხისგან, ფანებისგან... ყველა ემოციური გახლდათ და ყველა კეთილგანწყობილი. ასე რომ, მე ფეხბურთიდან ბედნიერი და კმაყოფილი მივდივარ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"