იგუაინის სინდრომი, ანუ ცენტრფორვარდების ძიებაში

AutoSharing Option
სატრანსფერო თემა გახურდა და ერთ-ერთი მთავარი თემა კლუბებისთვის კარგი 9 ნომრის შოვნაა - ისეთის, რომელიც გარანტირებულად გაიტანს გოლებს, ზოგს ტიტულებს მოუტანს, ზოგს დაქვეითებისგან იხსნის. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ 28 წლის გონსალო იგუაინში ახლახან თითქმის ასი მილიონი ევრო გადაიხადეს. კარგი ცენტრფორვარდი ყველას უნდა.

ლა ლიგის სეზონი 20 აგვისტოს იწყება, ესპანური კლუბებისთვისაც პრიორიტეტულია კარგი ცენტრფორვარდის შოვნა (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი უკვე არ ირიცხება გუნდში). ვნახოთ, როგორ მუშაობენ ამ საკითხზე ლა ლიგის მოწინავე კლუბები...

ბარსელონა
"ბარსელონას" ჯერ არ შეუძენია ფორვარდი, თუმცა
აპირებს. აქ ცოტა რთულად არის საქმე. ვინც არ უნდა იყოს "ბარსას" ახალწვეული, მან უნდა იცოდეს, რომ ის სარეზერვო როლისთვის არის განწირული და მოედანზე მაშინ შემოვა, როცა დიდებული ტრიდენტიდან (მესი, სუარესი, ნეიმარი) ერთ-ერთი დაიღლება ან ტრავმას მიიღებს.

ამ სამეულის იქით კი "ბარსას" უჭირს ზოგადად ფორვარდებში. პედრო შარშან წავიდა, ნოლიტო ზამთარში ვერ აიყვანეს, ახლა კი მან "სიტიში" გადასვლა არჩია გვარდიოლასთან. შემდეგ ნოლიტომ თქვა, რომ გვარდიოლასთან მას პირველ გუნდში თამაშის მეტი პერსპექტივა აქვს, ამიტომაც არჩია "სიტი" "ბარსას". საუბარია ბრაზილიელ ფორვარდ ლუანზე.

რეალი
"რეალმა" "იუვენტუსს" არაფერი დაუთმო, აამოქმედა ალვარო მორატას გაყიდვის დროს ჩადებული "ბომბი" კონტრაქტში, ფორვარდი უკან გამოისყიდა და, როგორც ჩანს, გაყიდვას (ყოველ შემთხვევაში, ახლა) არ აპირებს. ბევრი ელოდა, რომ "რეალი" მას "არსენალში" ან სადმე სარფიანად გაყიდდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბარსელონური ტრიდენტისა არ იყოს, არც მადრიდულს (ბეილი, ბენზემა, რონალდო) დაეწუნება რამე. შესაბამისად, მორატას შანსები დიდი არ არის, მაგრამ ის გარკვეულ კონკურენციას აუცილებლად გაუწევს ქარიმ ბენზემას და ისეთი განწირული არ არის სკამისთვის, როგორც ნოლიტო იქნებოდა "ბარსელონაში".

ატლეტიკო
მას მერე, რაც ორი წლის წინათ დიეგო კოშტამ დატოვა გუნდი, "ატლეტიკოში" მუდამ კარგ ცენტრფორვარდზე საუბრობენ. ვერც მარიო მანჯუკიჩმა და ვერც ჯეკსონ მარტინესმა გაძლეს აქ თითო სეზონზე მეტი. "კოლჩონეროსი" იგუაინს ვერ შეწვდა, ამიტომ ფრანგი კევინ გამეიროთი დაკმაყოფილდა. გამეირომ "სევილიას" სამ სეზონში 67 გოლი გაიტანა. ურიგო შედეგი არ არის.

ვილიარეალი
"ვილიარეალის" თავკაცი მარსელინო როტაციის დიდი ტრფიალია. მან ახალი ფორვარდი დაამატა გუნდს, ახალი სეზონისთვის "წყალქვეშა ნავისთვის" ალეშანდრე პატო გაირჯება, "მილანის" ექსვარსკვლავი. პატო კარგი შენაძენი უნდა იყოს "ვილიარეალისთვის" და დამხმარე რობერტო სოლდადოსა და სედრიკ ბაკამბუსთვის.

ბილბაო
"ბილბაოში" დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ფორვარდი არაფერში სჭირდებათ. მათ ჰყავთ მთავარი დამრტყმელი ძალა, 35 წლის არიც ადურისი და ახალი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენელი ინიაკი ვილიამსი.

სევილია
"სევილიამ" ადრე ალვარო ნეგრედო დაკარგა, დაკარგა კარლოს ბაკა, ახლა გუნდიდან კევინ გამეირო წავიდა. მონჩი საოცრად მოხერხებული სპორტული დირექტორია - ის ყიდულობს იაფად და ყიდის ძვირად. ახლახან "სევილიამ" "ატლეტიკოდან" ლუსიანო ვიეტო დაიმატა.

რეალ სოსიედადი
ჟონათასი "რუბინში" მიდის, ამიტომ "რეალ სოსიედმა" უკვე აიყვანა ხუანმი და ვილიან ჟოზე.

ბეტისი
"ბეტისი" ამბიციურია და წინა ხაზზე ერთი ვეტერანი (თუმცა ძალიან ყოჩაღი) რუბენ კასტრო აღარ კმარა. ამიტომ ანდალუსიელებმა ტონი სანაბრია და რომან ზოზულია შეიძინეს.

ვალენსია
"ვალენსიამ" "მიდლსბროში" ალვარო ნეგრედო გაყიდა. "ღამურებს" პაკო ალკასერის იმედი აქვთ, ასევე, სანტი მინასი და როდრიგოსი.

ეიბარი
"ეიბარმა" დაკარგა ბორხა ბასტონი, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ის "ატლეტიკოში" ვარჯიშობს, რომელსაც ეკუთვნის კიდეც კონტრაქტით, მაგრამ გამეიროს მისვლის შემდეგ ბასტონს სადმე იჯარით მოუწევს წასვლა.

დეპორტივო
"დეპორტივომ" იყოჩაღა - მან იჯარით აიყვანა 19 წლის კოლუმბიელი მარლოს მორენო. მარლოსი "სიტის" ფეხბურთელი გახდა.

დაწინაურებულები
სეგუნდა დივიზიონიდან შემოსული სამეულიც ცდილობს - "ალავესმა" უკვე სამი ახალი ფორვარდი დაიმატა, "ოსასუნა" ჯერ ძიებაშია, "ლეგანესმა" ბევრი ფეხბურთელი დაკარგა და შარშანდელ სეზონში 12 გოლის გამტანი ალეკსანდერ შიმანოვსკის დახმარის პოვნა ესაჭიროება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"